როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაარბიეს. როგორც შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დარბევის დროს კრების ერთ–ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის ესკორტი რუსთაველის გამზირიდან დიდი სიჩქარით დაძირა და რამდენიმე ადამიანს შეეჯახა, რომელთაგან ორი – პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი და მომიტინგე ნოდარ ცხადაძე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ.
გაზიარება
[16:08 27-05-2011]
მოგვიანებით, ნოდარც ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით, ის სამართალდამცველების ცემის შედეგად გარდაიცვალა და მას ავტომანქანა არ შეჯახებია.
დღეს კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მეორე გარდაცვლილის მონაცემების სიზუსტის საკითხი. საქმე იმაშია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრმა“ აქციის დარბევის შედეგად დაშავებულთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცის) სხვა დაშავებულებთან ერთად შსს–ს თანამშრომლებმა ვლადიმერ მასურაშვილიც მიიყვანეს, რომელიც ამ დრომდე რჩება იქ ტრამვული შოკის დიაგნოზით და შესაბამის მკურნალობას გადის.
დეტალების გასარკვევად საქინფორმი „თავისუფლების ცენტრის“ თავმჯდომარეს ეკა ჯიხვაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სწორედ იმ უზუსტობაზე ისაუბრა, რომლზეც ზემოთ მოგახსენეთ. „დიახ, ვლადიმერ მასურაშვილი არამიანცში მკურნალობს. მე დაზუისტებით ვერ გეტყვით, ეს სხვა მასურაშვილია, თუ ის, რომელიც შსს–მ მკვდრად გამოაცხადა, თუმცა როდესაც პროზექტურაში მივედი, იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც ინციდენტის დროს დაიღუპნენ, მასურაშვილი ნამდვილად არ არის. პროზექტურაში მითხრეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ცხადაძე და მოსულიშვილი მიიყვანეს, მასურაშვილი კი არ უხსენებიათ“, – განაცხადა ჯიხვაშვილმა.
ამის შემდეგ საქინფორმი შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორთან შოთა უტიაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა, უშედეგოდ, მან სააგენტოს კორესპონდენტის ზარს არ უპასუხა.
P.s. ალბათ, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი განმარტებების გაკეთება აუცილებელია.
sulanews.wordpress.com