"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხვალისათვის დაგეგმილ აქციაზე მის დაპატიმრებას არ გამორიცხავს, თუმცა ამტკიცებს, რომ "ოპოზიციონერების დაპატიმრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს".
გაზიარება
[17:51 26-05-2011]
ამის შესახებ ბურჯანაძემ "რია ნოვოსტის" საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენი დაპატიმრებისთვის ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, მაგრამ თუ ხელისუფლება ამაზე წავა, ჩვენ ამასაც გავუძლებთ. თუ ეს იმისთვისაა საჭირო, რომ პროცესმა წინ წაიწიოს, რომ ქვეყანაში დიქტატურა არ მეფობდეს და ნეობოლშევიზმმა ვერ გაიმარჯვოს, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, ცოტა ხნით ციხეშიც ჩავჯდეთ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არც ისე სასიამოვნოა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, "ოპოზიციონერებს შესაძლოა, ნებისმიერი ბრალდება წაუყენონ".
"ხელისუფლებას ვინმეს დასაპატიმრებლად რაიმე არგუმენტი არ სჭირდება. ჩვენ ეს არაერთხელ ვნახეთ, მათ შორის – 21 მაისს, როცა ასობით ადამიანი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააპატიმრეს", - დასძინა ბურჯანაძემ.
pirveli.com.ge