რუსეთს "სააკაშვილის რეჟიმის მიერ ოპოზიციის მიტინგის დარბევის" ადეკვატური საერთაშორისო შეფასების იმედი აქვს . როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
გაზიარება
[17:45 26-05-2011]
მოსკოვი იმედოვნებს, რომ მოვლენებს ადეკვატურად შეაფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ისინი, ვინც თბილისს მხარს უჭერს.
"ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული სააკაშვილის ქმედებები, რომლებიც არღვევს დემოკრატიულ ნორმებს, საერთაშორისო დონეზე ძალიან სერიოზულად უნდა გამოიძიონ", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
რუსთაველის გამზირზე სახალხო კრების საპროტესტო აქციის დაშლა სპეცრაზმმა ღამის 12.00 საათის შემდეგ დაიწყო.
თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, სპეცრაზმელები მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი ალყაში მოაქციეს და თავის დაღწევის საშუალება არ მისცეს.
აქციის დაშლის შემდეგ მათი მასობრივი დაკავებები დაიწყო. ათეულობით აქციის მონაწილე, სასტიკად ნაცემი და ხელებზე ბორკილდადებული მიწაზე საათობით იწვნენ. დაღუპულია ორი პირი - ერთი პოლიციელი და ერთი აქციის მონაწილე. დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 90-მდე ადამიანი, რომლებსაც ორ თვემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ.
შს სამინისტრომ პირველი ოფიციალური განცხადება წუხელვე გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო კრების აქცია სანქცირებული იყო 21-დან 25 მაისის ჩათვლით. 00:10 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციამ არასანქცირებული ხასიათი შეიძინა, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისაგან გაათავისუფლა; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო კი, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
interpressnews.ge