დანიშვნიდან ზუსტად ერთ თვეში მესტიის გამგებელს, თეზი ჯაფარიძეს თანამდებობა „ნებაყოფლობით“ დაატოვებინეს. უკვე ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება თავად გააკეთა, რადგან ამ თანამდებობაზე ყოფნა მას „რთულად მოეჩვენა“.
გაზიარება
[ნანა ფაჟავა. 11:48 10-02-2011]
გამგებლის გადადგომისა და მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხი მესტიის გამგეობის შენობაში წუხელ გვიან, ღამის 2 საათზე გადაწყდა. საგანგებო შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით მესტიის გამგებლის თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას შმაგი ნაკანი შეუდგება, რომელიც ამ ფუნქციას ჯაფარიძის დანიშვნამდეც ასრულებდა.
ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ როგორ დაუბრუნდა თეზი ჯაფარიძესთან დაპირისპირებული და მის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული გოროზიას კადრი ნაკანი ყოფილ სამუშაო ადგილს, მაგრამ მესტიაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ შიდასახელისუფლებო დაპირისპირება პიკს სწორედ მაღალმთიან სვანეთში აღწევს. „პრესაგე.ტვ“ თეზი ჯაფარიძეს ტელეფონით დაუკავშირდა.
ბატონო თეზი, თქვენი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი რა გახდა?
- არავის გავუთავისუფლებივარ, ჩემი ნებით დავწერე განცხადება და წამოვედი. ძალიან ბევრი საქმე იყო... რთულად მომეჩვენა და წამოვედი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი გათავისუფლების მიზეზი გოროზიასთან უთანხმოება გახდა, რომ ის თქვენზე ზეწოლას ახდენდა და ნახევარი მილიონი ლარის „გათეთრებას“ გაიძულებდათ. მართლა არ მოაწერეთ ხელი გოროზიას მიერ წარდგენილ დოკუმენტს?
- არა, საქმე აქამდე არ მისულა ჯერ...
ცოტა ძნელი დასაჯერებელია, თეზი ჯაფარიძე სირთულეებს შეუშინდა და მესტიის გამგებლობა ვერ შეძლოო...
- რა ვიცი აბა, რა გითხრათ... ახალი პროექტები იწყება ახლა საბაგირო გზებზე და მაგას მივხედავ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს...
„პრესაგე.ტვ“ გუბერნატორ ზაზა გოროზიასაც დაუკავშირდა.
ბატონო ზაზა, რა მიზეზით გაათავისუფლეს მესტიის გამგებელი?
- გათავისუფლებით, მე როგორც ვიცი, არავინ გაუთავისუფლებიათ და თუ თვითონ დატოვა თანამდებობა, ამაზე თვითონ უნდა გაგცეთ პასუხი, მე აზრზე არა ვარ. ჩემთან არ ჰქონია მას შეხვედრა და არაფერი ვიცი. მე დღეს გავიგე, რომ განცხადება დაუწერია გუშინ. რატომ არ ვიცი...
ერთ–ერთ მიზეზად თქვენთან უთანხმოება სახელდება. საქმე ერთ–ერთ დოკუმენტსაც ეხება, რომელსაც ჯაფარიძემ ხელი არ მოაწერა. ამაზე რას იტყვით?
- ეს ტყუილია...ის ჩამოვა ალბათ და დამელაპარაკება, თუ რატომ დაწერა განცხადება. მე რატომ მეკითხებით ამას? განცხადებას მე არავინ მაბარებს, საკრებულოში დატოვებდა.
მესტიაში განვითარებულ მოვლენებს „სვანეთისათვის ბრძოლად“ აფასებს „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია, რომელიც აცხადებს, რომ „სააკაშვილის მცდელობა, გოროზია–ახალაიას დაპირისპირება გამგებლის თანამდებობაზე მის მიერ შერჩეული კადრის დანიშვნით განემუხტა, კრახით დასრულდა. ცნობილია, რომ ჯაფარიძის დანიშვნას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა როლანდ ახალაია და მას კრიმინალურ წარსულს უხსენებდა.
ჯაფარიძის გოროზიასთან დაპირისპირებაც პირველივე დღიდან დაიწყო, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. შემდეგ, ამას მოჰყვა ჯაფარიძის სასტუმრო „თეთნულდში“ მომხდარი ინციდენტი, როცა ვანო მერაბიშვილის დაცვის წევრებმა გივი თარგამაძე უმოწყალოდ სცემეს და სასტუმროს სარდაფში დაამწყვდიეს.
ასე გაუსწორდნენ იმ თარგამაძეს, რომელსაც ჯაფარიძესთან დაპირისპირება ლევან პირველის გამო ჰქონდა. აქედან გამომდინარე, სვანეთის გაკონტროლების საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვინ, გოროზია თუ ახალაია?“
presage.tv