უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ თბილისის ”დინამოს” ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები და რუსეთში კაპიტალნაშოვნი ბიზნესმენი, რომან ფიფია ჩაიბარებს. პრინციპში, სიმბოლურ თანხას, ”დინამოში” რომან ფიფია კი არა, ნებისმიერი გადაიხდის. თუმცა, ცხადია, ამ სახელოვანი საფეხბურთო კლუბის შენახვა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, რაც სარატოვში გუბერნატორ დიმიტრი აიაცკოვის კარზე დაფრთიანებულ ფიფიას, დიდად არ გაუჭირდება.
გაზიარება
[ფრიდონ დოჩია. 19:29 26-12-2010]
მითუმეტეს, მას საფუხბურთო კლუბებთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე გააჩნია. მეორე ლიგაში ”ჩაჩმორებული” სარატოვის ”სოკოლი” მან უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და იქ მეხუთე ადგილიც კი ააღებინა, მაგრამ შემდეგ მისი მფარველი დიმიტრი აიაცკოვი გუბერნატორობიდან დაიფრინეს და პრობლემები უკვე ფიფიასაც შეექმნა.
უკანონოდ ნაშოვნი ფული აქვს, კლუბიც უკანონოდ ჩაიგდო ხელში, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და იძულებული გახადეს არამარტო ”სოკოლი”, რუსეთიც დაეტოვებინა, არადა სარატოვში რომან ფიფია სპირტისა და მარცვლეულის ბიზნესით იყო დაკავებული, ოღონდ ამაზე ცოტა ქვემოთ. ამჟამად ფიფია ნიცაში ცხოვრობს და პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. მაინც ვინ არის გულადი, უკაცრავად, რომან ფიფია? თუმცა სახელი ნამდვილად არ შეგვშლია.
”ვერსიამ” იმ პერიოდის სარატოვული პრესიდან მასზე მეტად საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა. იგი აფხაზეთიდან, გაგრიდანაა და დაბადებისას მას მშობლებმა გულადი დაარქვეს. სხვათა შორის, ერთი წყაროს ცნობით, იგი ლესელიძის ერთ-ერთ სოფელშია დაბადებული, ხოლო მეორეს თუ დავუჯერებთ - გაგრაში, თუმცა კონკრეტულად სად, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ასეთი პიროვნება ნამდვილად არსებობს და მას ახლა რომანი ჰქვია.
ისე, ზუსტად როდის დაიბადა, ამაზეც სხვადასხვა დოკუმენტები არსებობს. გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ იგი 1966 წლის 8 აპრილს დაიბადა და სარატოვშიც ამ თარიღს დიდი ზარზეიმითა და განსაკუთრებული რიტუალით აღნიშნავდა ადგილობრივი ჩინოვნიკობა. რაც შეეხება სარატოვში მის გამოჩენას, ამაზეც სხვადასხვა წყაროებს სხვადასხვა ინფორმაცია აქვს. მაგალითად, გაზეთ ”ჩელოვეკ ი კარიერაში” (1998 წ. #12,13) მითითებულია, რომ იგი იქ 1983 წლიდან, ანუ 17 წლის ასაკიდან ცხოვრობს, ოღონდ როცა ოლქის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი, გენერალი ბულგაკოვი გულადი ფიფიას დოკუმენტებით დაინტერესდა, გაოცებისგან პირი ღია დარჩა.
როგორც გაირკვა, მას რამდენიმე პასპორტი ჰქონდა. თანაც, სხვადასხვა პასპორტში, ამ პიროვნების მონაცემები სხვადასხვაა. ერთში ფიგურირებს გულადი ერასტოს ძე, ხოლო მეორეში - რომან ერასტოს ძე, ამიტომ, როცა ვამბობთ გულადი, უნდა ვიგულისხმოთ რომანი, ხოლო, როცა ვამბობთ რომანს, მაშინ ”პირიქითაა ეს ასინეთა”, გულადია, გულადი. ერთ-ერთი პასპორტის გრაფაში ”ჩაწერა” მითითებული ჰქონდა მისამართი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დაანგრიეს.
რაც შეხება იმას, როდის გამოჩნდა რომან-გულადი სარატოვში, ამის შესახებ საპასპორტო-სავიზო სამსახურის დოკუმენტებში არანაირი ჩანაწერი არ აღმოჩნდა. საზღვარგარეთის პასპორტის მისაღებად, 1993 წლის ზაფხულით დათარიღებულ რომან ფიფიას განცხადებას, საპასპორტო-სავიზო სამსახურში ჩარტყმული აქვს შტამპი, რომ იგი სარატოვის ოლქში საერთოდ არ ირიცხება. სამაგიეროდ, სარატოვის საოლქო-სამისამართო ბიუროს მონაცემით, მოქალაქე რომან ერასტოს ძე ფიფია იქ აფხაზეთიდან 1991 წელს ჩავიდა. ასე რომ, გულადი ერასტოს ძე ფიფიასა და რომან ერასტოს ძე ფიფიას ვოლგისპირეთის დედაქალაქში მზიური აფხაზეთიდან ჩასვლის თაობაზე, დიდი გაურკვევლობაა. ანალოგიური მდგომარებაა სარატოვის მიწაზე მის შრომით ბიოგრაფიასთან დაკავშირებითაც. მაგალითად, იგივე ”ჩელოვეკ ი კარიერას” მტკიცებით, 1987 წლიდან ფიფია ერთდროულად ორ მსხვილ მაღაზიაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. კოოპერაციის დაწყებასთან ერთად, 1988 წელს, მან საკუთარი ფირმა, ”ორბი” დააფუძნა. შემდეგ ფირმამ გამსხვილება დაიწყო და მის ბაზაზე შეიქმნა გადამამუშავებელი საწარმო, აითვისა ძეხვის გამოშვება. აი, წიგნში ”გუბერნია სახეებში” კი ისევე, როგორც ფიფიას საქალაქო დუმის დეპუტატად არჩევის დროს გავრცელებულ საარჩევნო ფურცლებში, ეწერა, რომ იგი სარატოვის მეფრინველეობის საწარმოო გაერთიანებაში 1989 წლიდან ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. ჩნდება კითხვა, როგორ შეეძლო ერთი და იგივე პიროვნებას დროის ამ მცირე მონაკვეთში 1987-1989 წლებში, ერთდროულად რამდენიმე თანამდებობა დაეკავებინა, ყოფილიყო ორი მაღაზიის დირექტორის მოადგილე, საკუთარი ფირმის დამფუძნებელი და იმავდროულად, მეფრინველეობის საწარმოს ხელმძღვანელი?
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საამისოდ გარკვეული განათლებაც იყო საჭირო. თუ დავიჯერებთ, რომ გულადი ფიფია სარატოვში 17 წლის ასაკში ანუ 1983 წელს ჩავიდა და მაშინვე #45 პროფტექნიკურ სასწავლებელში ჩაირიცხა, მაშინ იქ ერთი ან ორი წელი მაინც ხომ უნდა ესწავლა, რომ დაემთავრებინა? ამასთან, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ ფიფიას სამხედრო სავალდებულო სამსახურში არ უმსახურია და ორი წელი არ დაუკარგავს, 1987 წელს მას მსხვილი მაღაზიის დირექტორისთვის საჭირო სპეციალური სავაჭრო განათლება მაინც არ ექნებოდა, თუმცა ფიფიას განათლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ასპექტიც არსებობს. გაზეთ ”ჩელოვეკ ი კარიერას” მტკიცებით, მან ”დაამთავრა პროფტექსასწავლებელი, მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის ინსტიტუტის სარატოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებული მოსკოვის მენეჯმენტის ინსტიტუტი”.
რაც შეეხება სარატოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს, მას პირველი კონტაქტი აქ 1989 წელს ჰქონდა. იმავე დროს ჩაირიცხა და სწავლობდა სარატოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებელი ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე. გაზეთის მტკიცებით, ეს იყო ფიფიას ერთადერთი მცდელობა, მიეღო უმაღლესი განათლება, თუმცა არცერთ ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ აქვს, რომ ეს ფაკულტეტი დაამთავრა.
ფიფიას წინააღმდეგობრივ ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანია ერთი დეტალი. კერძოდ, უკვე გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან, მას და შემდგომში უკვე სარატოვის გუბერნატორს, დიმიტრი აიაცკოვს ჰქონდათ ურთიერთობები და თანაც ერთსა და იმავე საწარმოო სტრუქტურებში. კერძოდ, 80-იანი წლების პირველ ნახევარში გულადი-რომან ფიფიამ დაამთავრა პტს-45, რომელიც საწარმოო გაერთიანება ”ტანტალს” ეკუთვნოდა და მის ტერიტორიაზე იყო. 1981-1986 წლებში აიაცკოვი ჯერ ”ტანტალის” დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი ამავე გაერთიანების აგროსამრეწველო კომპლექსის დირექტორად მუშაობდა. 1986 წლიდან აიაცკოვი საწარმოო გაერთიანება ”სარატოვფტიცეპრომის” კომერციულ საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილის სავარძელში გადაბრძანდა. საინტერესოა, რომ ამავე გაერთიანებაში მასთან ერთად ”ხელმძღვანელ თანამდებობებზე” ჩნდება ფიფია. რით შეიძლება აიხსნას ასეთი უცნაური დამთხვევა ან რატომ გამოჰყო სხვებისაგან და დაიახლოვა აიაცკოვმა შორეული აფხაზეთის სოფლიდან ჩასული რიგითი ”პეტეუშნიკი” ჭაბუკი?
ერთ-ერთი ვერსიით, ამას შორეული ფესვები აქვს და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მაშინ დიმიტრი აიაცკოვი ტატიშჩევსკისა და ბალტაისკის რაიონების რიგ მეურნებებში მთავარ აგრონომად მუშაობდა. ცნობილია, რომ ამ პერიოდში სოფლებში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა მნიშვნელოვან ნაწილს ე.წ. შაბაშნიკების ბრიგადა ასრულებდა. როგორც სარატოვული წყაროები იუწყებიან, ერთ-ერთ ასეთ ბრიგადას რომან-გულადი ფიფიას მამა, ერასტო ხელმძღვანელობდა. გამორიცხული არაა, რომ სწორედ მაშინ გაეცნოთ ერთმანეთი აიაცკოვსა და ფიფია-უფროსს. ნამდვილად ამის გამო დაიახლოვა თუ არა დიმიტრი აიაცკოვმა რომან-გულადი ფიფია, ძნელი სათქმელია, თუმცა ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. მითუმეტეს, სხვა უფრო სარწმუნო წყარო ამის თაობაზე არ არსებობს.
სარატოვული გაზეთ ”ბოგატეის” (#5, მარტი 2000) ინფორმაციით, 1996 წლის აპრილში, დიმიტრი აიაცკოვის სარატოვის ოლქის ადმინისტრაციის მეთაურად დანიშვნისთანავე გულადი ფიფია ადგილობრივი ლიქიორ-არყის საწარმო ”ლიკსარის” გენერალურ დირექტორად ინიშნება.
იმ პერიოდში არყის წარმოება ფულის შოვნის ერთ-ერთი მთავარი წყარო გახლდათ. ასეთ სტრატეგიულ ობიექტს კი, აიაცკოვი უცნობს ხომ არ ჩააბარებდა? ამის შემდეგ, ფიფიას ხშირად ხედავდნენ აიაცკოვის მისაღებში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფიფიას მოსვლამდე ”ლიკსარს” საქმეები მაინც და მაინც კარგად როდი მისდიოდა. ფიფიას კი, პირველსავე წელს, საწარმოს განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის, დიდი თანხები გამოეყო ოლქის ბიუჯეტიდან.
საწარმოც გაიზარდა და ოლქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, მაღაზიების ქსელითაც გამდიდრდა. შემდეგ უკვე მალულად მისი პრივატიზაცია მოხდა. 49% სახელმწიფოს დარჩა, 51% ვის ეკუთვნოდა, ეს აიაცკოვისა და ფიფიას გარდა, ყველასთვის უცნობი დარჩა. ამას მოჰყვა მეფრინველეობის საწარმოს პრივატიზაცია, ბოლოს ფიფია მარცვლეულითაც დაინტერესდა და ამ საქმიანობით დიდი ფულიც იშოვა. მართალია, სარატოვში ყველა ამ პრივატიზაციას უკანონოდ მიიჩნევდნენ და სასამართლოშიც ჩიოდნენ კოლექტივები, მაგრამ სანამ აიაცკოვი სარატოვის გუბერნატორი გახლდათ, რომან-გულადი ფიფიას ბუზსაც კი ვერავინ აუფრენდა. მერე აუფრინეს და ისიც ნიცაში გადაბარგდა.
გაზეთი ”ვერსია”
ambebi.ge