გასულ კვირას, 14 დეკემბერს, ინტერნეტ-საიტ tabula.ge-ზე, ბექა მინდიაშვილის ბლოგზე გამოქვეყნდა ინკოგნიტო ავტორის წერილი სკანდალური სათაურით: “პატრიარქობა ნათესაობით გადადის?!”, რომელშიც ნათქვამია, რომ 21-25 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის სინოდის სხდომაზე განიხილება ეპარქიების დაყოფისა და ახალი მღვდელმთავრების კურთხევის საკითხები, რითაც, ავტორის აზრით, ილია II ცდილობს, საკუთარი ძმისშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტისთვის მოამზადოს.
გაზიარება
[ჯაბა ჟვანია. 21:15 26-12-2010]
წერილის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ, ანუ 16 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემა “დიალოგში” “რელიგიათმცოდნე” ბექა მინდიაშვილმა ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრა და თქვა, რომ დღესდღეობით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ფუნდამენტალისტების საბუდარად იქცა. ფილოსოფოსმა გიგა ზედანიამ კი, რომელიც ზემოაღნიშნული გადაცემის მეორე ბლოკს სტუმრობდა, მარქსის სიტყვები მოიშველია, ნებისმიერი რელიგია ოპიუმიაო... არის თუ არა ეს და ყველა მსგავსი განცხადებები ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და რამდენად შესაძლებელია, ამის უკან იდგეს ხელისუფლება - ამ საკითხთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს დაუკავშირდა.
ნესტან კირთაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:
- როცა ეს გადაცემა გავიდა, მე თბილისში არ ვიმყოფებოდი და, ჩამოვედი თუ არა, პირველი, რაც გავაკეთე, მივედი საპატრიარქოში და შევხვდი პატრიარქს. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. გაკეთდა თუ არა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებისგან ან ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, მრევლის სტატუსით და არა - პოლიტიკოსების, რაიმე საწინააღმდეგო განცხადება?.. მე მსგავსი არაფერი მომისმენია და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცუდია, ვინაიდან, როცა ვიღაც- ვიღაცები თავს უფლებას აძლევენ, შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს უწმინდესს და ჩვენ ამას ვითმენთ, ვთვლი, რომ ეს ჩვენს სულიერ დაცემასა და დაკნინებაზე მეტყველებს.
აქვე მინდა ერთი ინფორმაციაც მოგაწოდოთ: ამ რამდენიმე დღის წინათ პატრიარქს სტუმრობდა ერთ-ერთი არამართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელი საქართველოში, რომელმაც მის უწმინდესობას უთხრა, იქნებ, თქვენ არც გაყენებენ საქმის კურსში, მაგრამ თქვენი ავტორიტეტი და ქართული ეკლესიის რეიტინგი, უკვე დიდი ხანია, ოთხმოცდაათ პროცენტს გადასცდაო...
აი, ეს არის ის რეალობა, რომელიც ხელისუფლებას აგიჟებს და რის გამოც ეს ვიგინდარა ზედანია და ძეშეცდომილი მინდიაშვილი პატრიარქს დღენიადაგ აკრიტიკებენ; მაგრამ მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ - პატრიარქის შეურაცხყოფა არის სრულიად ქართველი ერის და თვით ღმერთის შეურაცხყოფა და ადრე თუ გვიან მათ ეს ყველაფერი უკანვე მიუბრუნდებათ ბუმერანგივით...
თემურ ქორიძე, ჟურნალ “ისტორიული მემკვიდრეობის” მთავარი რედაქტორი:
- დავით პაიჭაძის ამ ე.წ. გადაცემის მიღმა აშკარად ჩანს “ნაციონალური მოძრაობის” მრავალწლიანი პოლიტიკა, ნათლად იკითხება ამ პოლიტიკის ანარეკლი და საერთოდ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არხი არის არა საზოგადოებრივი, არამედ სახელისუფლო არხი. ასეთია რეალობა, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს კამპანია არ დაწყებულა დღეს და გუშინ; საერთოდ, ეს ე.წ. ახალი ლიბერალები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ყოველგვარი ტრადიციული რელიგიური შეხედულებებისა და დოგმებისადმი, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული დამოკიდებულებით და ამას ისინი არც მალავენ... ვფიქრობ, რომ ასეთი არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ადამიანების საუბარი ეკლესიასთან დაკავშირებით, უწინარეს ყოვლისა, თვით ამ ადამიანების უმეცრებაზე მეტყველებს და, ასევე, იმ პოლიტიკის მავნებლობაზე, რომლის ქვეშევრდომობასა და მონურ მორჩილებასაც ისინი განასახიერებენ...
თამაზ წივწივაძე, მწერალი, პუბლიცისტი:
- სამწუხაროდ, მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, კომენტარი გავუკეთო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თუნდაც უმცირეს შენიშვნას, ეს ჩემი მხრიდან მკრეხელობად აღიქმება.
რაც შეეხება მინდიაშვილ-პაიჭაძისა და ლადარია-რამიშვილის ბინძურ გამონათქვამებს ეკლესიის მამათა მიმართ, თუ ეს მათი ინიციატივაა, ისინი, უბრალოდ, დასათეთქვები არიან; და თუ ამ საქმეში ხელისუფლების ხელიც ურევია, ასეთი მთავრობის წევრები არა მარტო უნდა დათეთქვო, არამედ ერთი ადგილიც უნდა მოუთეთქვო, ლადარია-პაიჭაძის მსგავსი არსებანი რომ აღარასოდეს გააჩინონ. საერთოდ კი, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, საქართველო უკვე დაემსგავსა ქვეყანას, სადაც ყველაფერს ცვედანი ადამიანები განაგებენ...
სოსო ჯაჭვლიანი, რეჟისორი, მსახიობი:
- სიმართლე გითხრათ, პაიჭაძის გადაცემა არ მინახავს და არც მაქვს სურვილი, რომ ამგვარ სისულელეებს დრო დავუთმო. მაგრამ მითხრეს, იქ რელიგიაზე ულაპარაკიათ და ერთ-ერთ სტუმარს, თუ არ ვცდები, მინდიაშვილს უთქვამს, მართლმადიდებლები ფუნდამენტალისტები არიანო... მე არ ვიცი, ამაზე რა უნდა ვთქვა და რა კომენტარი გავაკეთო, უბრალოდ, ისღა დამრჩენია, მივმართო საქართველოში მცხოვრებ გრეგორიანელებს, მუსლიმანებს, ებრაელებს და ყველას აბსოლუტურად - გვიშველეთ მართლმადიდებლებს! ვიღუპებით და გვერდით დაგვიდექით!.. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ, რადგან, როგორც ჩანს, ამ ქვეყანას მართლაც სატანა დაეპატრონა და ხალხიც იმდენადაა დატერორებული, გამოთაყვანებული, რომ ან ეშინია და ხმას ვერ იღებს, ან საერთოდ ვერ ხედავს ამ უმსგავსობას და აღვირახსნილობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ გარდუვალია - ამ გზით, რომლითაც დღეს მიდის ეს ქვეყანა, მალე დაიღუპება და აღარ იქნება საქართველო.
P.S. ინტერნეტ საიტ ტაბულა.გე-ზე დადებული წერილისთვის (“პატრიარქობა ნათესაობით გადადის?!”) პატივცემულ ბექა მინდიაშვილს, რომელიც საკუთარ თავს რელიგიათმცოდნეს უწოდებს, წამძღვარებული აქვს ასეთი შესავალი: “მეგობრებო, დღეს ეს წერილი გავრცელდა ინტერნეტში. როგორც ჩანს, ავტორი ზუსტადაა ინფორმირებული საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების შესახებ. თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ამ გზით ილია II-ს ძმისშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტის ყველაზე რეალური კანდიდატი ხდება. ცნობისთვის, დიმიტრი შიოლაშვილი მმკ-სა და რაფაელ კარელინის მფარველი იერარქია. ვბეჭდავ უცვლელად”.
მოკლედ, საკმარისია ამ ე. წ. წერილს თვალი გადაავლო, დარწმუნდები, რომ არავითარი ინკოგნიტო ავტორის დაწერილი არ არის... ამიტომ მინდა მივმართო მის ნამდვილ შემოქმედს, თეოლოგთა შორის უთეოლოგესს, ღრმად პატივცემულ მინდიაშვილს: - წერილი, რომელიც თქვენ tabula.ge-ზე განათავსეთ, პათოსითა და რიტორიკით იმდენად ჰგავს საკუთარ ავტორს, რომ კიდევ ერთხელ მარწმუნებს მარტივ ჭეშმარიტებაში: რაც უნდა ეცადოთ, ნეოლიბერალ ინკოგნიტო ავტორთა ნაღვაწად გაასაღოთ ზემოაღნიშნული წერილის მსგავსი საზიზღრობები, მასში თქვენი და თქვენნაირების მრუდე გონების ნაკვალევი ისევე არ დაიმალება, როგორც გიზგიზა ცეცხლი - თივაში...
"საქართველო და მსოფლიო"