პატრული პოსტრევოლუციურ საქართველოში თავისმოწონების მთავარ ბერკეტად იქცა. როცა საუბრობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შედგა, მაშინვე არგუმენტად ასახელებენ, რომ პატრული მუშაობს. მეტიც, საპატრულო სამსახურს ისეთი “პიარ საბურველი” შემოახვიეს თითქოს ძია პატრული ერთი უწყინარი, გზააბნეული ბავშვების მიმცილ-მომცილებელია.
გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 02:37 14-10-2010]
რეალურად კი, საგზაო ინსპექტორის ადგილმემკვიდრე პატრულსაც უჭირს ძველი ტრდიციების დათმობა და ხშირია მოქალაქეების ცემა-ტყეპასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.
ოპოზიციურ წრეებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ საქართველოში პოლიციური რეჟიმი დამკვიდრდა, ამ მოსაზრებას ქვემოთ მოყვანილი რამოდენიმე ფაქტიც გაამყარებს, მანმადე კი ჟურნალ “ღია ბოქლომის“ ერთ ექსპერიმენტზე უნდა გიამბოთ:
ამ რამოდენიმე დღის წინ ჩვენს რედაქციაში მოქალაქე ემზარ როგავას წერილი შემოვიდა, სადაც მკითხველი გვატყობინებდა 022-ის ოპერატორების უხეშ საქციელზე და ცხელი ხაზის, ღამის საათებში, უმოქმედობაზე: „გოგონები, რომლებიც 022-ზე დარეკვისას გვპასუხობენ გამოირჩევიან ცინიზმით, უხეშობით. მე, სამეზობლოში კონფლიქტი მაქვს და ხშირად მიწევს პოლიციაში დაეკვა, ერთ-ერთმა ოპერატორმა დამცინა და მითხრა: „თუ კაცი ხარ პრობლემა თვითონ მოაგვარე, გალახე ეგ შენი მეზობელი, შენც დაისვენებ და ჩვენც-ო“, ამაზე რომ არაფერი ვთქვათ, რამოდენიმე კვირის წინ, შუაღამის 3 საათისთვის უსიამოვნება შემხვდა და დაუყოვნებლივ ავკრიფე პოლიციის ცნობილი ნომერი, არავინ მიპასუხა, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ვცდილობდი გავსულიყავი 022-ში თუმცა ამაოდ. როგორც ჩანს ღამის საათებში მორიგე ოპერატორები იძინებენ და მოქალაქეთა ზარებს არავინ პასუხობს რაც ყოვლად დაუშვებელია. გთხოვთ მოახდინეთ რეაგირება რათა სამართალდამცავთა უმოქმედობის გამო ვინმე სიცოცხლეს არ გამოესალმოს“.
ამ საინტერესო წერილის შემდეგ ჩვენ, საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზს დავუდარაჯდით და ერთგარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ.
პირველი ზარი 022-ზე 21:00 საათზე განვახორციელეთ - დაკავებაა.
21:30 - კვლავ დაკავებაა.
21:50 - ზარი გადის მაგრამ არავინ იღებს.
22:00 - როგორც იქნა ოპერატორი გვპასუხობს.
22:50 - ისევ დაკავებაა.
23:00 - დაკავებაა.
00:00 - ზარი გადის, უეცრად ვიღაც იღებს ყურმნილს და იმავე წამს თიშავს.
01:00 - ყურმილი აიღეს.
02:00 - ზარი გადის არავინ იღებს.
03:00 - ზარი გადის არავინ იღებს.
04:00 - ზარი გადის არავინ იღებს.
05:00 - ზარი გადის არავინ იღებს.
06:00 - ზარი გადის არავინ იღებს.
07:00 - ზარი გადის არავინ იღებს.
08:00 - ზარი გადის არავინ იღებს.
09:00 - დილის 9 საათზე საპატრულო პოლიციამ როგორც ჩანს კარგად გამოიძინა და ზარს უპასუხეს.
საზოგადოებას სამართალდამცავთა დახმარება ყველაზე მეტად ღამის საათებში, რომ სჭირდება ყველს მოეხსენება, სწორედ გვიან ღამით ხდება დანაშაულის 90%...
ამ საკითხთან დაკავშირებით პატრულის თანამშრომლებს გავესაუბრეთ გვითხრეს: „შუაღამისას ხაზებია გადატვირთული თორემ ჩვენ ერთი წუთითაც თვალს არ ვხუჭავთ სამსახურში“-ო (აქ კომენტარი ზედმეტია).
ახლა კი შს-ს ამ დანამატის სხვა, არასამართლიან ქმედებებზე ვისაუბროთ:
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა მიქაია ცოტა ხნის წინ ოპოზიციისთვის ცეცხლის გახსნაში ზუგდიდის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი გაწერელიას ადანაშულებდა. როგორც ჟურნალისტებს მიქაიამ განუცხადა, ზუგდიდში ოპოზიციის მანქანას, რომელზეც მონიტორი იყო დამაგრებული და 2007 წლის 7 ნოემბრის ამსახველ კადრებს აჩვენებდნენ, შავი ფერის“BMW“-ს მარკის ავტომაქანიდან, სახლემწიფო ნომრებით (NNG-829), ირაკლი გაწერელია გადამ1ოვიდა და მონიტორის მიმართულებით „გეკოს“ ტიპის იარაღიდან გასროლა განახორცელა.
ამ ამბით რასაკვირველია საპარტულო პოლიცია არ დაინტერესდა. ინციდენტიდან ერთ საათში თავს დაესხა კახა მიქაიას ავტომანქანას, რომელზეც მონიტორი იყო დამონტაჟებული და ყოველგვარი მიზეზის გარეშე 400 ლარით დააჯარიმა.
პატრულის ეკიპაჟი 2009 წლის ოქტომბრის თვეში თავს დაესხა, მოქალაქე გოჩა ბუკიას, რომელიც მეგობრებთან ერთად კაფე „ალერტში“ ლუდს სვამდა. ბუკია სასიკვდილოდ სცემეს. მან დღესაც არ იცის რა გახდა მიზეზი, ძალოვანმა უწყებამ ასე რომ გაიმეტა.
ოპოზიციის ერთ ერთი წევრი ნიკა პაჭკორია ზუგდიდის კუდის შენობასთან 2009 წლის 30 ივლისს გაურკვეველმა პირებმა სასტიკად სცემეს _ საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 1 საათის დაგვიანებით მივიდა და თავდასხმის გამოძიებაზე უარი განაცხადა.
ალბათ ყველას გახსოვთ საპატრულო სამსახურის მაღალჩინოსანთა ღრეობა მეგობრის ქორწილში... სკამებზე შემდგარი პოლიციელები „მიშა მაგარია, ოპოზიციას რა?... დედის ...“(ცენზურა ჩვენია. რ.დ) გაიძახოდნენ.
2009 წლის 2 აგვისტოს გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს 6 ქალბატონი.
ეს ფაქტები უახლესი წარსულიდან ვგონებ საკმარისია, იმისთვის, რომ ამ სასტიკ და ცივსისხლიან უწყებაზე ერთგავრი წარმოდგენა შეგექმნათ.
ცემა-ტყეპის შემთხვევები პატრულის მხრიდან არაერთია, მაგრამ ნებართვა მათ გამოვლენაზე, ეტყობა, ჯერ გაცემული არ არის. ხომ გადაირია საქართველოს პრეზიდენტი, მისი საამაყო პატრული ერთ მშვენიერ დღეს სისხლისმღვრელ „ვამპირად“ რომ გამოცხადდეს.
საპატრულო პოლიციის ზუგდიდელ შეფს ალიკა ბელქანიას კი შესაძლოა აქციების დაშლაში და ბინების დანგრევაში (თაბუკაშვილის 50) მონაწილეობა კარგად გამოსდიოდეს, მაგრამ პოლიციის ეფექტურ უფროსად ჩამოყალიბებაში ეს საკმარისი არ არის.
როცა პატრულის მხრიდან მსგავსი შემთხვევები რეაგირების გარეშე რჩება, გენერალური ინსპექცია, რომელსაც სამართალდამცავთა კონტროლი ევალება, 20 ლარიან შემთხვევებზე გამოჭერილ პატრულს აპატიმრებს.
უნდა ითქვას, რომ საპატრულო სამსახური ანგელოზად მოგვეჩნენება თუ ზუგდიდის რაიონული და სამხარეო პოლიციის საქმიანობას გადავხედავთ:
უამრავი გამოუძიებელი საქმე, ნაცემი მოქალაქეები, თავდასხმები ოპოზიციაზე, ჟურნალისტების ცემა, მოწმეების დაშინება დაკავება, შემთხვევით და გამიზნულად მოკლული ახალგაზრდა ბიჭები (მაგ: ჯიმი მეგრელიძე), არასრულწლოვანი გოგონების სასტიკად ცემის და სხვა მრავალი ანალოგიური ამბავი მეტყველებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადეა და პოლიციის რეფორმამ ბევრი დამნაშავე კი მოგვაცილა, მაგრამ დღეს უფრო საშიში ძალოვანი უწყებაა ვიდრე უბრალო კრიმინალი. ქურდი, მძარცველი, ყაჩაღი ითხოვს მატერიალურ სიმდიდრეს, ვანოს პოლიცია კი გვართმევს ღირსებას და არ გვაძლევს საშუალებას გავილაშქროთ იმ უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში სუფევს.