01:58 14.10.2010
პრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი ოსკაროსანი მსახიობის ენდი გარსიას მიერ მისი როლის შესრულების ხარისხით უკმაყოფილოა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "პირWელს" იმ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაახლოებით 10 დღის წინ კინოთეატრ "რუსთაველში" 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გადაღებული ფილმის "5 Days of August" დახურულ ჩვენებას დაესწრო.
"რეჟისორ რენი ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი ენდი გარსია ასრულებს, პირველად სწორედ მიხეილ სააკაშვილს აჩვენეს. ფილმის შეფასების დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ტრიბუნაზე ყოფნის დროს, როდესაც ხალხს მიმართავდა, ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე გარსია -ამ ეპიზოდში" - განუცხადა "პირWელს" წყარომ.
"პირWელი" დაინტერესდა, როდის მიეცემა ქართველ მაყურებელს აღნიშნული სურათის ნახვის შესაძლებლობა, თუმცა ამის შესახებ კინოთეატრ "რუსთაველის" ადმინისტრაციას ინფორმაცია არ აქვს.
"ვადასტურებთ, რომ ფილმის დახურული ჩვენება მოეწყო, თუმცა იგი ჩვენთან კავშირში არ არის. შესაბამისად, არც ის ვიცით, როდის მოეწყობა მისი ღია ჩვენება" - განუცხადა "პირWელს" კინოთეატრ "რუსთაველის" პიარ-მენეჯერმა ნიკა აფრაშვილმა.
ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ფილმის გადაღება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.