ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში გუშინ ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი მძიმედ დაშავდა. დაშვებულები, თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.
გაზიარება
[04:36 29-08-2010]
შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, აფეთქებასთან დაკავშირებულ დეტალებს მისი უწყება დაწვრილებით გამოიძიებს, დაღუპულებისა და დაზარალებულების ოჯახები კი სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ.
ტყიბულის მაღაროში წელს უკვე მეორედ მოხდა აფეთქება. მსხვერპლით დასრულდა 2010 წლის 2 მარტის აფეთქებაც, მაშინ უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
2 მარტს მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესწავლა სამთავრობო კომისიას დაევალა, უბედური შემთხვევის მიზეზად კი წინასწარ მეთანის გაჟონვა დასახელდა.
აფეთქება მიწის ზედაპირიდან 850 მეტრის სიღრმეში, მინდელის სახელობის მაღაროს მე-11 ველზე, მოხდა, როდესაც იქ მესამე ცვლის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მაღაროს ხელმძღვანელების თქმით, აღნიშნულ ველში იმ დროისთვის მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელთა მაღაროდან ამოყვანა დილის 5 საათისთვის მოხერხდა.
ტყიბულში დატრიალებულ ტრაგედიას სიტყვიერად მაშინაც და ახლაც გამოეხმაურნენ ქვეყნის პრეზიდენტი და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.
ტყიბულში სულ ოთხი მაღაროა, რომლებიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „საქნახშირის“ საკუთრებაშია 2006 წლიდან. ინვესტორმა ჯერ კიდევ 2007 წელს მისცა პრეზიდენტ სააკაშვილს პირობა, რომ 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა და 2 წელიწადში, ანუ 2009 წლისთვის, ოთხივე მაღაროს ამოქმედებას მოახერხებდა. თუმცა, ამ დრომდე ტყიბულში სრული დატვირთვით მხოლოდ ერთი – მინდელის სახელობის მაღარო მუშაობდა, სადაც მოხდა აფეთქება. აფეთქების მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებენ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“. აღნიშნული ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა სადუნიშვილის თქმით,
„საქნახშირის“ წარმომადგენლები აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე ახლაც იმავეს ამბობენ. მათი ვარუდით მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და აფეთქება შეიძლებოდა მხოლოდ მეთანის აალებას გამოეწვია.
დაცულია თუ არა მინდელის სახელობის მაღაროში უსაფრთხოების ნორმები? - ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ მაღაროში დასაქმებული მუშები. ისინი მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ მათი საქმიანობა ყოველთვისაა დაკავშირებული სასიცოცხლო რისკებთან.
სხვათაშორის, მინდელის სახელობის მაღაროში ორი წლის წინ, როდესაც ახალმა ინვესტორმა მისი რეაბილიტაცია დაასრულა, პირადად მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა ჟურნალისტებთან ერთად, თუმცა იქ რეაბილიტაციის კვალის აღმოჩენა ისევე გაგვიჭირდა, როგორც - მაღაროდან ამოსასვლელი გზის გამოკვლევა. აღარაფერს ვამბობთ ძველთაძველ მატარებელსა და ამორტიზებულ სარკინიგზო ხაზზე, რომლითაც მოგვიხდა მაღარომდე შეღწევა და უკან გამოღწევა.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ვებგვერდზე მითითებულია, რომ ინვესტიციის განხორციელების შემდეგ ექსპლუატაციაშია გაშვებული მინდელის სახელობის მაღაროს სამი უბანი და ძიძიგურის სახელობის მაღაროს ერთი ნახშირმომპოვებელი უბანი. საერთო ჯამში, ტყიბულის მაღაროებში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.
ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი სახის უბედური შემთხვევა ტყიბულში 1984 წელს მოხდა: მაშინ აფეთქებას ძიძიგურის სახელობის მაღაროში სამი ადამიანი ემსხვერპლა.
"ახალი 7 დღე"