წუხელ გვიან ღამით ინციდენტი მოხდა ზუგდიდის ცენტრში განთავსებულ „საკნებთან“. დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილე მერაბ ჩუხუა, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, თავს დაესხა „საკნების აქციის მონაწილეებს.
ზუგდიდის რაიონული და საპატრულო პოლიციის, ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.
„ღია ბოქლომი“ მინისტრის მოადგილეს ტელეფონით დაუკავშირდა:
„ვაღიარებ, შელაპარაკება ნამდვილად მოხდა, მაგრამ მე კახა მიქაიასთან მქონდა საქმე და ვცდილობდი გავსაუბრებოდი, თუმცა შემდეგში სიტუაცია დაიძაბა. სიცრუეა, რომ ამბობენ, თითქოს მე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. ზუდიდში ჩამოსული ვარ იმისთვის, რომ შეხვედრა გავმართო მოსახლეობასთან და არა იმისთვის, რომ ვინმეს თავს დავესხა“ – გვითხრა მერაბ ჩუხუამ.
„საკნის პატიმარი“ კახა მიქაია კი ჩვენთან საუბრისას მომხდარს ასე იხსენებს:
„შუაღამისას თავს დაგვესხნენ მერაბ ჩუხუა და მისი მეგობრები, დაახლოებით ხუთი კაცი იქნებოდა. ილანძღებოდნენ და გვეუბნებოდნენ „თქვენ კიდევ აქ ხართ საკნები აღარ უნდა აიღოთ“–ო?.
კამათი ჩხუბში გადაიზარდა, ნაცემია არასრულწლოვანი, რომელიც შემთხვევით შეესწრო ინციდენტს და ვითარებაში გარკვევა სცადა. სიტუაცია, რომ დაიძაბა სამართალდამცავები მოვიდნენ და მინისტრის მოადგილე და მისი თანმხლები პირები დააშოშმინეს. ჩვენი ერთი მომხრე დაკავებულია“.
ინციდენტის ადგილზე რაიონის გამგებელი ალექსანდრე ქობალია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან მესხია იმყოფებოდნენ. მერაბ ჩუხუამ საკნების ტერიტორია ქობალიას ავტომანქანით დატოვა.
„საღამოს მუნიციპალიტეტის შენობაში, რომ ვიყავით ხმაური შემოგვესმა გარეთ გამოვედით და ვნახეთ, როგორ ჩხუბობდნენ „საკანში“ მსხდომი პირები. პატრულის გამოჩენის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა. მერაბ ჩუხუა ჩვენს ავტომანქანაში ჩაჯდა და შინ წავიყვანეთ.“ – ამბობს მესხია.