ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი მკაცრად აფასებს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას. მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი საოცრად უმწეო და დაუცველია:
გაზიარება
[ხათუნა ჩიგოგიძე. 22:54 06-08-2010]
- ქალბატონო ირმა, ერთ დროს გამომცემლობა ”სამშობლოდან” ჟურნალისტები გამოაძევეს, შემდეგ კი მათი ბედი დევნილებმაც გაიზიარეს. რაზე მეტყველებს ამგვარი ფაქტები?
- მსგავსი ფაქტები იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებას არ უყვარს თავისი ხალხი. ყველაფერი, რაც აქ კეთდება დემოკრატიის სახელით, ადამიანების საზიანოდ არის მიმართული.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი საქართველოში ძალზე მწვავედ დგას, რადგან ირღვევა თითქმის ყველა ნორმა: მედია არ არის თავისუფალი და ამასთანავე ართმევენ საკუთრებას, არ არის დაცული ადამიანის სიცოცხლის უფლებაც კი. ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოყარეს ჟურნალისტები გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობიდან, როგორ დაულუქეს ტექნიკა, როგორ შეაჩერეს ჟურნალისტური საქმიანობა, რაც ყველა საერთაშორისო კონვენციითა და კანონით აკრძალული ქმედებაა.
აქვე იკვეთება მეორე საკითხიც - როგორ ეპყრობა სახელმწიფო დევნილებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - იმ დევნილებს, რომლებიც გაჩნდნენ მიხეილ სააკაშვილის წაგებული ომის შემდეგ, ეს ხელისუფლება რაღაც ყურადღებას მაინც აქცევს, მაგრამ იმათ, ვინც 1990-იან წლებში დაკარგა თავისი სახლ-კარი, სააკაშვილის რეჟიმი ექცევა როგორც უცხოებს!
ხელისუფლება თითქოს ჯიუტად იმეორებს: გავაკეთებ რასაც მინდა, მინისტრად დავნიშნავ ვისაც მინდა, წერეთ რაც გაგეხარდებათ, გავყიდი რომელ შენობასაც მინდა, ან ვაჩუქებ ვისაც მინდა…
- დევნილები ჩივიან, რომ მათ ისეთ ადგილებში უპირებენ ჩასახლებას, სადაც მინიმალური პირობებიც კი არ არსებობს…
- როდესაც დევნილს სადღაც ასახლებ, იმის ნახევარი კი არა, ორჯერ უკეთესი პირობები უნდა შეუქმნა, რაც ჰქონდა. არადა, ასახლებ სადღაც, უდაბნოში, სადაც არც კომუნიკაციაა, არც არაფერი. ვიმეორებ, მათ არ უყვართ საკუთარი ხალხი. არ შეიძლება დაყო მედია შენიანად და მტრად, დაყო დევნილები, პედაგოგები, ექიმები, ჟურნალისტები შენიანებად და მტრებად.
ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალადობრივ გარემოში და ამ ძალადობის გამოვლინებას ვხედავთ თითქმის ყველა სფეროში. გამომცემლობა ”სამშობლოს” მაგალითი სწორედ ამაზე მიგვანიშნებს. სად უნდა წავიდეს ახლა ეს ხალხი?! მათი ბრალია, რომ დევნილები გახდნენ?!
ერთ ციფრს დაგისახელებთ: მხოლოდ საკრებულო 3 მილიონზე მეტს იღებს ბიუჯეტიდან ბენზინის, ტელეფონისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო გადასახადების დასაფარავად. ჩნდება კითხვა, როცა შენთვის მილიონებს ხარჯავ, დევნილებისთვის რას აკეთებ? რაც შეეხება მათთვის შემოსულ დახმარებებს, ეს თანხა სააკაშვილის რეჟიმის განმტიკიცებისათვის დაიხარჯა.
- ქალბატონო ირმა, როგორ შეაფასებდით ქართულ მედიაში არსებულ სიტუაციას?
- ამ ქვეყანაში მედიაჯგუფებს აფინანსებენ ფონდები, რომლებიც პირდაპირ მიბმული არიან ხელისუფლებასთან. მთელი ძალისხმევა იქ მომუშავე ჟურნალისტებისა მიმართულია იქითკენ, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტები წარმოჩინდნენ რადიკალებად და მარგინალებად. რადიკალებსა და მარგინალებს კი საერთაშორისო ფონდები არ აფინანსებენ.
მწვავედ დგას ჟურნალისტური პატიოსნების საკითხიც. ამ ხელისუფლებამ გარყვნა ქართველი ჟურნალისტების ძალიან დიდი ნაწილი, თითქმის 80 პროცენტი. თქვენ ნახეთ როგორ დატოვა ”იმედი” ოცდაათმა ჟურნალისტმა და ერთ ღამეში როგორ დასაქმდნენ ”ტიბისი ტვ”-ში. ასეთი ფაქტები ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილია.
ჩემი ნება რომ იყოს, ჩვენს პრეზიდენტს და მინისტრთა კაბინეტს ჭუბერის გზას ფეხით გამოვატარებდი. იცით, რატომ? - კოდორის ხეობის შენარჩუნება არანაირ პრობლემასთან არ იყო დაკავშირებული, კოდორი ამ ხელისუფლებამ გააჩუქა!
-დასასრულ, ქალბატონო ირმა, საზოგადოებას აინტერესებს, როდის გააგრძელებს მუშაობას რადიო ”ობიექტივი”?
-დაფინანსება არც გვაქვს და არც გვქონია ამიტომ, რადიო ”ობიექტივის” ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. თუ მუშაობას დავიწყებთ, ეს ისევ ჩვენივე ძალებით უნდა მოვახერხოთ.
"კვირის პალიტრა"