გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 19:13 13.06.2010]
დღეს, 17:30-ზე გამართულ სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ "Georgian Times"-ის რედაქტორს მალხაზ გულაშვილსა და მის შვილს დავით გულაშვილს 2–თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
“სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერს და მის ვაჟს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებს. ბრალდება 3–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ახალი 7 დღე“ მალხაზ გულაშვილს მოსკოვში დაუკავშირდა და მისგან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა.
–ძალიან კარგად იცის საქართველოს მოსახლეობამ, სინამდვილეში რაც ხდება... რაშიც მე მადანაშაულებენ, არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება. ლოგიკურად ვერ ასაბუთებენ, თუ სად და რომელი საზღვარი დავარღვიე. თუ საქართველოს ერთ–ერთ რეგიონში გადავედი, ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთს, დანაშაული არ ჩამიდენია. რაც შეეხება საქართველო–რუსეთს შორის საზღვრის გადაკვეთას – ჩემი ბრალი არ არის, იქ ქართველი მესაზღვრეები რომ არ დგანან...
მთავრობას არ უნდა, საქართველოში რომ ჩამოვიდე. არაერთხელ განვაცხადე, თბილისში დავბრუნდები და ბრძოლას განვაგრძობ–მეთქი. აი, ეს არის საქმის აღძვრის რეალური მიზეზი. ახლა ელოდებიან, რომ ჩემი აქტივობა სხვა მიმართულებით წარიმართება.
მართლმადიდებლობის დასაცავად ხმა ამოვიღეთ და ეგრევე 8 ადამიანი დაიჭირეს, ხოლო ჩემი ოჯახისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ ტერორი დაიწყეს. ხმა ამოვიღეთ ღვთისმშობლის შეურაცხყოფაზე – არ გავაპატიეს; ხმა ამოვიღეთ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ – არ გვაპატიეს...
იმ იდეოლოგიის პირობებში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოში ტარდება, ქვეყნის გერბზე გამოსახული უნდა იყოს არა წმინდა გიორგი და ორი ლომი, არამედ ერთ მხარეს ერეკლე დეისაძე, მეორე მხარეს თეა თუთბერიძე და შუაში ლევან რამიშვილი – აი, ასეთი უნდა გახდეს ქვეყნის გერბი...
– დღეს თქვენთვის ალბათ მძიმე დღე იყო: თბილისის საქალაქო სასმართლომ თქვენ და თქვენს ვაჟს 2–თვიანი წინასწარი პატიმრობა შეგიფარდათ, როგორ შეაფასებთ მოსამართლეების გადაწყვეტილებას?
– სასამართლომ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიშამ დაავალა...
– თბილისში ამ დრომდე რჩებიან თქვენი მეუღლე და შვილი, ხომ არ გეგმავთ მათ გადაყვანას მოსკოვში?
– ვფიქრობ, საფრთხე ემუქრებათ... ვცდილობ მათ რუსეთში გადმოყვანას, მაგრამ გაჯიუტებულები არიან. არ მომყვებიან. ამბობენ, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ შეუძლიათ. არც მე ვარ დალხენილი. ნამდვილად არ მსიამოვნებს აქ ყოფნა...
– მომდევნო სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს თქვენთვის და თქვენი ვაჟისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას. საქართველოში ჩამოსვლას ალბათ დიდხანს ვეღარ შეძლებთ. რას აპირებთ?
– ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, როგორც საზოგადოებრივ–პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ბიზნესის განხრით... მინდა ვთქვა, რომ საქართველოში თავისუფლად შემოვალ, როცა დამჭირდება... ისევ იმ გზით, რომლითაც რუსეთში გადმოვედი. გაგრძელდება ჩვენი მოძრაობის საქმიანობა და უფრო მეტად გავძლიერდებით; აგრეთვე გაძლიერდება ყველა ის პროცესი, რომელიც საქართველოში არის დაწყებული... „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“ ჩამოყალიბდება, როგორც პოლიტიკურად ძლიერი ჯგუფი... ფილიალებს გავხსნით საქართველოს რეგიონებშიც.
ხელისუფლებას ჩვენი შეეშინდა და ამიტომაც განახორციელეს ასეთი დარტყმები: 8 ადამიანი დააპატიმრეს, ცილი დაგვწამეს, ფაშისტები გვეძახეს და თვითონ ფაშისტური რეჟიმი დაამყარეს...
– დღეს საზოგადოების წევრები, და არა მხოლოდ ხელისუფლების მომხრეები, საუბრობენ, რომ თქვენ და თქვენს მოძრაობას რუსეთის მთავრობა გმფარველობთ; რომ თქვენ თქვენი აგრესიით ეკლესია შეურაცხყავით, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოგიყენეს. რას იტყვით ამ ბრალდებებზე?
– მე ვიცნობ რუსეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და სომხეთის პრეზიდენტებს... როგორც ჩანს, გული გაუსკდათ ზოგ–ზოგიერთებს მედვედევმა ხელი რომ ჩამომართვა. ეს ვერ გადახარშეს დღემდე... რაც შეეხება მფარველობას, მე არ უარვყოფ, რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში...
– კარგი. თქვენ წახვედით, მაგრამ რა ბედი ეწევა თქვენი მოძრაობის დაკავებულ წევრებს?
– რადგან მე პატიმრობა შემიფარდეს, მათ გაათავისუფლებენ. ხელისუფლებას ჩაფიქრებული ჰქონდა, მოძრაობის დაკავებული წევრები ჩემ წინააღმდეგ გამოეყენებინა თუმცა ეს ბიჭები ვაჟკაცები აღმოჩნდენ... არანაირ გარიგებაზე არ წავიდნენ... ეს ყველაფერი რომ არ გამოუვიდათ, მოიფიქრეს ახალი ბრალდება ჩემ წინააღმდეგ – საზღვრის უკანონო გადაკვეთა. თუ ისინი საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ აცხადებენ, ესე იგი სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.
– გაზეთ „Georgian Times“–ს რა ბედი ეწევა?
– გამოცემა გაგრძელდება, „Georgian Times“-ი გახდება უფრო მწვავე და კრიტიკული. გაიზრდება ტირაჟი რადგან ხელისუფლებამ ხელი შეუწყო გაზეთისა და მოძრაობის პოპულარიზაციას – სწორედ, ამიტომ მიყვარს ჩემი მტერი...
– როგორც ვიცი, რუსეთის პატრიარქთანაც გეგმავდით შეხვედრას...
–ჯერ არ შევხვედრივარ, მაგრამ ვესტუმრე ბევრ სასულიერო პირს. მათი მხრიდან ვიგრძენი მორალური და სულიერი თანადგომა...
– საქართველოს საპატრიარქოსთან თუ გაქვთ კონტაქტი? როგორც ჩვენთვის ცნობილია, საპატრიარქო გაემიჯნა თქვენი კავშირის აგრესიულ ქმედებებს და ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ მოიქცა.
– საპატრიარქოში იციან, რომ მე დამნაშავე არ ვარ, მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობ მათგან. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სასულიერო პირს, ვინც ლოცვებში მიხსენიებს. მეც ვლოცულობ საქართველოსთვის...
ისტორიაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დევნიდნენ უდანაშაულო ადამიანებს, შემდეგ კი ისინი განსხვავებული სტატუსით ბრუნდებოდნენ სამშობლოში... ქრისტიანისთვის დევნა იგივეა, რაც ფოლადისთვის წრთობა. მაცხოვარი მცირე ასაკის იყო, როდესაც საკუთარი სამშობლოს დატოვება მოუხდა და თავი ეგვიპტეს შეაფარა. ასე რომ, ეს არის ქრისტიანის ბედი და გახარებული ვარ, ასეთმა განსაცდელმა რომ მოიწია ჩემზე.
ჯერჯერობით, ყველაფერი მიმდინარეობს ისე როგორც დავგეგმეთ...
– და ბოლოს, რას ეტყვით „ახალი 7 დღის“ მკითხველს?
– ფხიზლად იყავით. იდეოლოგია არ შეუცვალონ საქართველოს. 100 000 წმინდანი რომ ჰყავს, იმ ერში თუთბერიძე–დეისაძის იდეოლოგია არ გაბატონდეს. რისი საშიშროებაც უკვე თვალნათლივ გამოიკვეთა.