გაზიარება
[20:13 13-06-2010]
რუსეთმა ყირგიზეთში სამი სამხედრო ვერტმფრენით 31-ე სადესანტო-საიერიშო ბრიგადის გაძლიერებული ბატალიონი გადაისროლა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, დესანტის დავალება რუსული სამხედრო ობიექტების დაცვის გაძლიერებასა და რუსი სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. მისივე თქმით, გენერალური შტაბის უფროსის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის აპრილიდან ყირგიზეთში რუსეთის ავიაბაზა "კანტზე" რუსული ობიექტების დასაცავად ორი დანაყოფი იმყოფება. წყაროს ინფორმაციით, ბატალიონი შეიარაღებულია და საჭიროების შემთხვევაში სამხედროები საბრძოლო იარაღს გამოიყენებენ.
ყირგიზეთის ქალაქებში, ოშსა და ჯალალაბადში ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული შეტაკებები მესამე დღეა, გრძელდება. არეულობის შედეგად დაღუპულია 97 და დაჭრილია 1300-მდე ადამიანი. ყირგიზეთის სამხრეთში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 50 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. დროებითმა მთავრობამ რუსეთს სამშვიდობო ძალების დახმარების თხოვნით დღეს დილით მიმართა.