გაზიარება
[ლიკა კერატიშვილი. 19:14 25-06-2010]
ინტერნეტში, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ვებგვერდზე, რომელსაც "საქართველოს სამეფო სახლი" ჰქვია, განთავსებულია ინფორმაცია, რომ დავით ბაგრატიონი ღირსების მედლებს გასცემს.
რამდენიმე დღის წინ ეს ამბავი დაიწერა, შემდეგ კი ტელეკომპანია "იმედმა" დეტალურად განიხილა და აღნიშნა, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელი "მორიგ სკანდალში გაეხვია". ითქვა, რომ დავით ბაგრატიონი საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსების მედლებს თვითნებურად ურიგებს. სიუჟეტის მიხედვით, ვებგვერდი "საქართველოს სამეფო სახლი" დავით ბაგრატიონმა ოფიციალურად შექმნა, სადაც წმინდა გიორგისგამოსახულებიანი ოქროს მედალი და იმ ჩვიდმეტი ადამიანის გვარია მითითებული, რომლებიც ამ მედლით დაჯილდოვდნენ.
მათ შორის ქართველი მხოლოდ ერთია - სიმონ კოპაძე, რომელიც ამ მედლის მიღებას უარყოფს... ამ ფაქტსა და საერთოდ, დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ აგორებულ პიარკამპანიაზე თვალსაზრისის გამოხატვა ვთხოვეთ თავადაზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარეს, ქალბატონ ია ბაგრატიონ-მუხრანელს:
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბაგრატიონებს ტელევიზიითა თუ პრესის მეშვეობით ლანძღავენ, გადაცემების მთელი სერიალია მომზადებული, რაც ბაგრატიონების საწინააღმდეგოდ კარგად დაგეგმილი აქციაა. არ ვიცი, ზუსტად რომელ ორდენსა და მედალზე იყო ლაპარაკი. ბატონმა ერეკლემ, დავით ბაგრატიონის პაპამ შექმნა ქრისტეს კვართის ორდენი და მას ჰქონდა ამის უფლება.
სხვა საკითხია, დავითი ამ მედლებს რა დამსახურებისთვის არიგებდა, მაგრამ თუ არიგებდა ისე, როგორც მეფე, ამის უფლება არ აქვს, რადგან სამეფო ტახტი ორასი წლის წინ გაუქმდა. არც პრესით და არც ტელევიზიით ამის დაკონკრეტება არ მომხდარა, ვისაც რა მოეპრიანება, იმას ამბობს და წერს. ბაგრატიონების ლანძღვას ხან ერთ ჟურნალისტს ავალებენ და ხან - მეორეს. ალბათ, არსებობს დამკვეთი და ამ დამკვეთის დავალებას ასრულებენ.
P.S. დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწილამდე, 2009 წლის 24 იანვარს, მადრიდის საგამოფენო ცენტრში ახალი რაინდებისა და ქალბატონების სამეფო ორდენით - "საქართველოს არწივითა და უფლის კვართით" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიას თავმჯდომარეობდა დავითის ნახევარძმა უგო (გურამ) ბაგრატიონ-მუხრანელი.
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს, იორდანიის, თურქეთის სამეფო და საიმპერატორო ოჯახების წარმომადგენლები. საქართველოს საპატრიარქოდან მადრიდშიჩასული იყო სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა ილია. წვეულებას ასევე ესწრებოდა საქართველოს იმჟამინდელი ელჩი ესპანეთში, ეკონომიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მეუღლესთან ერთად.
"ყველა სიახლე"