გაზიარება
[01:43 26-06-2010]
"შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, ჟურნალისტების ცემის საქმის კურსში არ არის .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯუღელმა განუცხადა, მათთვის არავის მიუმართავს ჟურნალისტების ცემასთან დაკავშირებით და არავის განუცხადებია მსგავსი ფაქტის შესახებ. ამიტომ არც ინფორმაციას ფლობს. შესაბამისად, არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ჯუღელის არ ადასტურებს სოზარ სუბარის განცხადებას, რომ ჟურნალისტებს კამერა თავად დაუბრუნა და დამნაშავეების დასჯას დაპირდა. მისი თქმით, სუბარი საერთოდ არ უნახავს.
როგორც ჯუღელი აცხადებს, მხოლოდ ის იცის, რომ წუხელ გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი მოხდა.
ამასთან, ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა, რომელიც წუხელ გორში იმყოფებოდა, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტებს წართმეული ვიდეოკამერა ვლადიმერ ჯუღელმა დაუბრუნა. გადაღებული მასალა კი წაშლილი იყო. სუბარის თქმით, ჯუღელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეიძლება, მათ შემთხვევითმა გამვლელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არ ვიცი, ვინ იყვნენო. შემთხვევითი ადამიანები კი, სუბარის თქმით, იარაღებით ვერ იქნებოდნენ.
ჟურნალისტებს ლადო ბიჭაშვილსა და იმედა გოგოლაძეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული იარაღიანი პირები ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც სტალინის ძეგლის დემონტაჟის ამსახველ მასალას იღებდნენ" – გვატყობინებს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი".
ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია მხარდაჭერას უცხადებს კოლეგებს. სამართალდამცავ უწყებას მოვუწოდებთ დროულად გამოიძიოს დანაშაული და დასაჯოს დამნაშავეები.