გაზიარება
[თეონა ჭიტაძე, 23:44 04.06.2010]
წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნული ვალუტა პერმანენტულად უფასურდება. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე ლარი დოლარის მიმართ 1.69-დან 1.78-მდე გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება კი, სხვადასხვა არასასურველ მოვლენებს იწვევს ეკონომიკაში, როგორიცაა იმპორტის გაძვირება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში იმპორტირებული პროდუქციის წილი 75%-ს, ხოლო ექსპორტი მხოლოდ 25%-ს შეადგენს, ცხადი ხდება, რომ ლარის გაუფასურება ინფლაციის პირდაპირი მასტიმულირებელია და უნდა აღინიშნოს, რომ დღეისთვის უკვე სახეზე გვაქვს ინფლაციის 5.8%-იანი მაჩვენებელი.
ყველასთვის ცნობილია, რომ გაზრდილმა ინფლაციამ საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო მეტად დაამძიმა, რადგან ლარის კურსის გაუფასურება იმპორტიორებმა მალევე ასახეს პროდუქციის ფასზე. კატასტროფულად გაიზარდა ფასები პირველადი მოხმარების საგნებსა და პროდუქტებზე, სისტემატურად ძვირდება ნავთობი და სხვადასხვა იმპორტირებული პროდუქცია. ეს კი კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას.
ლარის კურსის გაუფასურება ასევე დიდ გავლენას ახდენს და აზარალებს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც შემოსავალი ლარში აქვს, ხოლო ბანკიდან კრედიტი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული. არასტაბილური ვითარების გამო, ბანკები კრედიტზე დაწესებული მაღალი საპროცენტო განაკვეთის პარალელურად, ძირითადად სესხს უცხოურ ვალუტაში გასცემენ და ლარის გაუფასურების ან გამყარების შემთხვევაში, თითქმის არანაირ რისკს არ იღებენ საკუთარ თავზე, ანუ ეს რისკებიც ძირითადად მსესხებლებს ეკისრებათ. ასეთ არაპროგნოზირებად სიტუაციაში კი მოსახლეობას კრედიტის აღება ბანკიდან ეროვნულ ვალუტაში ურჩევნია. ამის დამადასტურებელია სხვადასხვა გამოკითხვაც, ამიტომ ბანკების მიმართ ჩნდება ეჭვი, რომ ლარის მიმართ უნდობლობის გამო, ზედმეტ რისკს თავს არიდებენ, რის გამოც უცხოურ ვალუტაში ურჩევნიათ კრედიტის გაცემა. "როცა გვიწევს "შავი პარასკევის" გადატანა, ჩნდება ხოლმე ეჭვი და მათ შორის კომერციულ ბანკებზეც. არავინ იცის, როდის რა მოხდება, ჩვენთან პროგნოზირებადი არაფერი არ არის. არავინ არ გამოდის და არ ინტერესდება, თუ რა ხდება ქვეყანაში. წესით, ეროვნული ბანკი უნდა ხსნიდეს საბანკო სექტორში არსებულ სიტუაციას, ასეთი რამ კი ჯერ არ მომხდარა. ამის გამო, რა თქმა უნდა, უნდობლობა არის ბანკების მიმართ და არა მარტო მათ მიმართ. აქ, საქართველოში თუ ეწევი ბიზნესსაქმიანობას, ლარი გჭირდება და ადამიანს ამ შემთხვევაში სესხის აღება ლარში ურჩევნია და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა სრულიად არაპროგნოზირებადია. მითუმეტეს, შარშან შემოდგომაზე, როდესაც ლარის დიდი ვარდნა მოხდა, გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც და ფაქტიურად თქვეს, რომ ასეთი რაღაცეები შეიძლება კიდევ მოხდეს. ამაზე არც არავის უგია პასუხი და არც აუხსნიათ მიზეზი ამ მოვლენისა. რომ ეთქვათ შეგვეშალა და მეორედ აღარ შეგვეშლება, უფრო მეტი ნდობა იქნებოდა ბანკების მიმართ", _ განმარტავს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ჯავახიშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების, ეროვნული ბანკისა თუ კომერციული ბანკების წარმომადგენლები, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის ზრდაზე და უცხოური ვალუტით გაცემული სესხების კლების ტენდენციაზე. მაგრამ თვით კომერციული ბანკებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ანუ რომელ ვალუტაში გასცემენ ისინი ძირითადად სესხს, ნათელი გახდება, რომ მათ მიერ გაცემული კრედიტების, მინიმუმ, 75% უცხოურ ვალუტაშია გაცემული. მაგალითად, 2010 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოს ბანკის მთლიან სასესხო პორთფელში გადანაწილება არის შემდეგნაირი: სასესხო პორტფელის 24.5% უჭირავს ლარს, დანარჩენი 75.5% უცხოურ ვალუტას. "პროკრედიტ ბანკის" სასესხო პორტფელის 21% განთავსებულია ლარში, დანარჩენი 79% კი უცხოურ ვალუტაში. მიმდინარე წლის 30 აპრილის მდგომარეობით "ბითიეი ბანკის" სასესხო პორტფელის 12% უჭირავს ლარს, დანარჩენი 88% უცხოურ ვალუტას. მართალია, დანარჩენმა კომერციულმა ბანკებმა, აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ბაზარზე არსებული რეალური ვითარების წარმოჩენა და განზოგადება, სამი ბანკის მონაცემებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია.
"მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკიდან კრედიტის აღება ეროვნულ ვალუტაში ურჩევნია, ხშირად იგი იძულებულია სესხი უცხოურ ვალუტაში აიღოს, მაგალითად, ავტომობილისა თუ ბინის შეძენის შემთხვევაში, მისი ფასი საქართველოში უცხოური ვალუტით განისაზღვრება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონით ერთადერთ გადასახდელ საშუალებად ლარია დადგენილი. მომხმარებელი, რომელსაც შემოსავალი ლარში ერიცხება, თავისი სურვილისგან დამოუკიდებლად იძულებული ხდება ავტო თუ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში აიღოს, ეს კი მისთვის დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან ლარის გაუფასურების შემთხვევაში, იგი ზარალშია, სამაგიეროდ, მოგებაშია ბანკი. `გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ქართული ბაზრის თითქმის 80% იმპორტირებული პროდუქციით არის გავსებული. აქედან გამომდინარე, აუცილებლობაც მეტია მომხმარებელმა დოლარში აიღოს სესხი. თუ ყურადღებას მივაქცევთ, ძირითადად, სავაჭრო ოპერაციები კრედიტდება. დოლარში სესხის გაცემა ბანკების სურვილი არ არის მხოლოდ. მე თუ უცხოეთში უნდა ვიყიდო რამე, დოლარში უნდა ავიღო სესხი, ან ლარში უნდა ავიღო და შემდეგ უნდა ვიყიდო დოლარი, რაც ზედმეტი ხარჯიცაა და ზედმეტი ოპერაციაც. მაგრამ ბანკიდან აღებულ სესხს თუ რესტორანში ხარჯავ, რომელიც ხელფასიდან უნდა დაფარო შემდეგ, ეს პრობლემა აუცილებლად შეგექმნება, მაგრამ დოლარში აღებული სესხით თუ პროდუქციას ქმნი, ლარის კურსის ვარდნა არ ვარდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ინფლაციური პროცესებისას თავისთავად ძვირდება პროდუქციაც. ინფლაცია, როგორც ასეთი, წარმოებას არ აზარალებს, ინფლაცია აზარალებს მომხმარებელს", - აღნიშნავს ნოდარ ჯავახიშვილი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, თავისი სურვილისგან დამოუკიდებლად, უხდება ბანკისგან კრედიტის აღება და ყოველი მათგანი აღებული სესხით, რა თქმა უნდა, პროდუქციას ვერ ქმნის და არც საზღვარგარეთ უწევს რაიმეს ყიდვა. იგი ჩვეულებრივი მომხმარებელია, რომლის ფინანსურ მდგომარეობას, ლარის გაუფასურების შემთხვევაში, უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტის დაფარვაც და ინფლაციისგან გამოწვეული პროდუქტის გაძვირებაც აზარალებს და მის სოციალურ ფონს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. როგორც წესი, სავალუტო ბაზარზე სიტუაციის დარეგულირება ეროვნულ ბანკს ეკისრება, რომელიც ცდილობს სავალუტო ვაჭრობაში იშვიათად ჩაერიოს და ლარის კურსის ფორმირება მთლიანად ბაზარს ანდოს.
"მთელს მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში, ვალუტის რყევა ხდება, ბანკები მუშაობენ არა მარტო კრედიტის გაცემაზე, არამედ ვალუტის ყიდვა-გაყიდვაზე. ერთ შემთხვევაში რაღაცას მოიგებს, მეორე შემთხვევაში რაღაცას წააგებს. როგორ გითხრათ, ბანკი პირდაპირ ყიდის და ყიდულობს დღეს უცხოურ ვალუტას. აქ ხან მოიგებს და ხან წააგებს, ეს დამოკიდებულია ბანკსა და მომხმარებელს შორის რომელი უფრო ჭკვიანია. აქ საუბარია ალღოზე, მოქმედების ეფექტურობასა და დროულ გადაწყვეტილებებზე," - საუბრობს ნოდარ ჯავახიშვილი. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბანკსა და მომხმარებელს შორის არსებული ასეთი ტენდენცია შესაძლოა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ საქართველოში რომ ყველაფერი ცალმხრივად ხდება, ქვეყანაში არსებული კანონმდებლობაც მეტყველებს, რომელიც მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებზეა მორგებული და არა მოსახლეობის ძირითად ნაწილის კეთილდღეობასა თუ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე. გარკვეულ შემთხვევაში ნებისმიერ მსესხებელს შესაძლოა ჰქონდეს ბანკზე მეტი გამჭრიახობა და ალღოც, მაგრამ ბანკს რომ უფრო მეტი ძალაუფლება და ბერკეტი გააჩნია ქვეყანაში ამინდის შესაქმნელად, უცხო არავისთვისაა.