შალვა რამიშვიმა ტელეკომპანია “იმედის” შოუ “სიმართლის დრო” დატოვა, თავად რამიშვილი გადაცემიდან წასვლის მიზეზს არ განმარტავს, თუმცა “იმედის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რამიშვილი გადაცემიდან სხვა პროექტებისთვის დროის დაზოგვის მიზნით წავიდა.
“იმედზე” რჩება ჩემი კიდევ ერთი პროექტი, მულტსერიალი "სამსონაძეები", დანარჩენზე საუბარი კი ამ ეტაპზე არ მსურს", - განუცხადა Media.Ge-ს შალვა რამიშვილმა.
“რამიშვილი “იმედიდან” არ წასულა, ის რჩება ჩვენს თანამშრომლად, “სიმართლის დრო” იყო “იმედის” ერთ- ერთი წარამტებული პროექტი, შალვას ყველა მხარში ვედექით და ვგულშემატკივრობდით, თუმცა, მას, ამ გადაცემის გარდა, კიდევ აქვს სხვა პროექტები, - განუცხადა Media.Ge-ს “იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ეკა წამლაშვილმა.
შალვა რამიშვილი, აწ უკვე გაუქმებული ტელეკომპანია „2002“-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც ფულის გამოძალვის ბრალდებით, 4 წელი გაატარა ციხეში, პატიმრობიდან მიმდინარე წლის აგვისტოში გათავისუფლდა.
2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ წინ, რამიშვილი იყო თანაავტორი პოპულარული რადიო ჩანახატების და შემდეგ ანალოგიური სახის მულტიპლიკაციური სერიალის - ”დარდუბალა”, რომელთა სამიზნეებიც მაშინდელი პრეზიდენტი შევარდნაძე და მისი მთავრობა იყო. პატიმრობის დროს რამიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებდა. ის პრესაში ხელისუფლების მამხილებელ წერილებს აქვეყნებდა და მხარს უჭერდა ოპოზიციას, რომელმაც ის პოლიტპატიმრად აღიარა.