საინფორმაციო სააგენტო “ჯეოტოპნიუსის“ ხელმძღვანელმა რომან ქევხიშვილმა, პროტესტის ნიშნად რადიო “ობიექტივი“ დატოვა, რომელიც 14 აპრილიდან “მონტე–კარლოს” სიხშირეზე (FM 101.4) მაუწყებლობს. ქევხიშვილის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “ობიექტივმა“ საკუთარ ვებ.გვერდზე “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრი რატი მაისურაძე პოლიტპატიმრად გამოაცხადა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
“მიუხედავად იმისა, რომ რადიო “ობიექტივის“ ეთერში აბსოლიუტური თავისუფლება მქონდა, როგორც თემების, ასევე სტუმრების შერჩევისას და მასში “ობიექტივის“ ხელმძღვანელობა არასდროს ჩარეულა, ჩემთვის მიუღებელია იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, ვინც რატი მაისურაძეს, პოლიტპატიმრად შერაცხავს, რომელმაც ჯერ 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ხოლო 7 მაისს კი, ტელეკომპანია “კავკასიაში“ გადაცემა “ბარიერში“ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადა ქევხვიშვილმა.
რომან ქევხიშვილს რადიო ობიექტივზე (FM101.4) ყოველ ხუთშაბათს 16:00 – 19:00 საათამდე, თავისუფალი ეთერი მიყავდა.