გაზიარება
[როზი ჯღამაია. 18:34 27.05.2010]
უცხოური პრესა საქართველოს მიმართ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის შესუსტებასა და რუსეთის გააქტიურებაზე ობამას პრეზიდენტად არჩევიდან ძალიან მალე ალაპარაკდა.
„საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას ცდილობს, მაგრამ გერმანიამ და საფრანგეთმა უღალატეს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვალდებულებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - წერს WorldNetDaily.
ობამა უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველო ამერიკისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ იქნება. რას ნიშნავს ამერიკის პირველი პირის ეს განცხადება? დატოვა თუ არა დასავლეთმა საქართველო რუსეთის პირისპირ და გახდება თუ არა ობამას პოლიტიკა რუსეთისთვის სტიმული საქართველოს შიდაპოლიტიკაში ჩასარევად? რა ვერ გათვალა საქართველოს ხელისუფლებამ და როგორ შეიცვალა მსოფლიოს ხედვა გეოპოლიტიკური მიდგომების მიმართ?
ყველა ამ კითხვაზე პრესა.გე ფილოსოფოსს კახა კაციტაძეს ესაუბრა.
– თქმა, რომ დასავლეთმა მიგვატოვა და კატასტროფული დასკვნების კეთება იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი კონცეპტუალური აპარატი, რათა გავიაზროთ რა ხდება მსოფლიოში. ამის ნაცვლად, წლების განმავლობაში, ე.წ. პოლიტოლოგები სახელისუფლებო სქემებს „მოდელირებული ქრონიკით“ უდებდნენ თავში ადამიანებს. ერთ–ერთ ამერიკულ გამოცემასთან, აგვისტოს ომზე ერთი ქართველი ამბობს – „სულ ცას შევყურებდი, როდის გამოჩნდებოდა ჰაერში ნატოს ვერტმფრენები“. აგვისტოს დღეებში კი, ერთი არც–თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკი მიმტკიცებდა, რომ ნატოს ტექნიკა არის თურქთის ტერიტორიაზე და შემოშლიგინდებიან ჩვენს დასახმარებლადო. ანუ, წლების მანძილზე, ჩვენ შევქმენით რაღაც ილუზიები, რომელიც ახლა იმხვრევა და აღიქმება ისტერიულ წივილად.
ეს ილუზიბი თავად ბუშის ადმინისტრაციიდან არ იღებდა სათავეს? ასმუსიც თავის წიგნში ამბობს, რომ ბუშის ადმინისტრაცა 4 დღის განმავლობაში განიხილავდა როკის გვირაბზე საჰაერო შეტევას.
– გეთანხმებით, ეს განხილვა იყო – შეიძლებოდა თუ არა ფრთოსანი რაკეტა ყოფილიყო გამოყენებული და სხვათა შორის, სამხედრო ტექნიკურად ეს შესაძლებელია, ანუ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილიდან გამოშვებულ ფრთოსან რაკეტას შეეძლო როკი დაენგრია. ამიტომ, მე არ ვიტყოდი, რომ მოლოდინები მხოლოდ ერთი მხარის შექმნილი იყო. თუმცა, ბუშის ადმინისტრაციაში რა ძალებმა რა პოზიცია დაიკავეს ამას ისტორია გაარკვევს. ფაქტია, რომ ბუშის ადამინისტრაციაც ერთგვაროვანი და ჰომოგენური არ იყო.
თუმცა, ეს განვლილი დროა და მას ისტორიკოსები გამოუტანენ განაჩენს, ახლა სულ სხვა ეპოქა მოდის, ხოლო ჩვენ კიდევ აჩემებული გვაქვს მოვლენები თბილისის თვალთახედვით შევაფასოთ. აბა ახლა შევხედოთ გლობალური თვალთახედვით რა ხდება.
მაინც, რა ხდება?
– ის ხდება, რომ ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება მოკავშირეებთან, პარტნიორებთან მოლაპარაკების შედეგად და მსოფლიო წესრიგი მთლიანად იცვლება.
ეს ნიშნავს, რომ პოლარიზაცია არ იქნება?
– დღე–დღეზე ობამა გამოქვეყნებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და იგი პრინციპულად შეიცვლება. ეს იქნება ის, რაც ჩვენმა ფარჩაკებმა ხელისუფლებაში ვერ გათვალეს. ესენი თვლიდნენ, რომ არსებობს მარადიული გეოპოლიტიკური დაპირისპირება ატლანტისტებს და ევრაზიელებს შორის, რითაც ჩვენი ჭკუის კოლოფები არაფრით არ განსხვავდებიან დუგინსგან, უბრალოდ დუგინისთვის ევრაზიელები არიან კარგი ტიპები და ჩვენთვის პირიქით. მე ყოველთვის ბოდვად მიმაჩნდა სქემა, რაღაც მარადიული გეოპოლიტიკური კატეგორიებზე, რის გამოც სახელმწიფოები იომებენ და რაც განსაზღვრავს გეოპოლიტიკურ ქცევებს. გეოპოლიტიკის ეს ხანა დასრულდა და ეს უნდა გავიაზროთ.
მსოფლიო ყოველთვის ცვალებადი იყო, მაგრამ რუსეთის იმპერიული გამოხტომები არასოდეს იცვლებოდა. ობამას განცხადებები ხომ არ გამოიწვევს რუსეთის წაქეზებას?
– მოდით ასე ვთქვათ, ამერიკელები არ არიან ისეთი გულუბრყვილოები, რომ რუსეთის მოქმედებების გარეშე რაღაცა ზეპირ განცხადებებს ენდონ. რუსეთს მოუწევს რეალური მოქმედებებით იმის დადასტურება, რომ ის ეწერება იმ ურთიერთობების სისტემაში და იღებს იმ თამაშის წესებს, რასაც ვაშინგტონი სთავაზობს პარტნიორებს. მოცემულ მომენტში კი ეს შეთავაზე ასეთია – არა ლიდერი და ჰეგემონი, არამედ პირველი თანასწორთა შორის. ანუ მსოფლიო წესრიგი იერარქიზებულ ხასიათს მიიღებს და მეტ–ნაკლებად, ადგილები ყველას მიერ იქნება განსაზღვრული.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ წესრიგის მთავარი მტერი იქნება არა რუსეთი, არა ჩინეთი, ან რომელიმე სახელმწიფო, არამედ მარგინალური და ქაოტურობის მატარებელი ძალა. საქართველოში კი ტრაგიკომიკური სიტუაციაა, რადგან საქართველოს უნდოდა ყოფილიყო ამერიკის პირველი მოკავშირე და ახლა ირანის გვერდით აღმოჩნდა.
ქართული მხარის ეს ნაბიჯი რას ნიშნავს, ეს გამოწვევაა ამერიკის შეერთებული შტაბების და მთელი მსოფლიოს მიმართ, თუ ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავნი ვერ ვწვდებით ჩვენი ხელისუფლების „შორს გათვლილ“ სტრატეგიას?
– რასაკვირველია გამოწვევაა. მე მქონდა საუბარი რამდენიმე მიშისტთან და რამდენიმე მათგანი მიმტკიცებს, რომ ეს არის გენიალური სვლა. ეს ძალიან სასაცილო ახსნაა, რადგან ეს არის წყენის გამოხატულება და მეტი არაფერი. ახლა კი, დიდ წარმატებად საღდება, რომ ირანთან სავიზო რეჟიმი უქმდება სამ თვეში.
ავიღოთ მაგალითად უკრაინა, ამ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმს სამ თვეში ევროკავშირი აუქმებს, ხოლო ჩვენთან – ირანი. რომელი უფრო წარმატებაა? ჩვენს ხელისუფლებას რომ ჰკითხოთ გეტყვით – რა თქმა უნდა ირანი.
წარმატებას თავი დავანებოთ, მაგრამ რამდენად სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ამით ხელისუფლებამ ქვეყანა?
– ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს იზოლაცისკენ, რომელიც ისედაც ძალიან მაღალი დონის არის. მე ვხუმრობ, რომ საქართველოს შიგნით წავა ასეთი შინაარსის პროპაგანდა: „ისეთი პატრიოტები, როგორებიც იყვნენ ვარსქენ პიტიახში, შადიმან ბარათაშვილი, ყოველთვის ირანთან ურთიერთობის მომხრენი იყვნენ“. ასე რომ, მე რა გამიკვირდება ასეთი ტიპის პიარი რომ წავიდეს და მორიგ „მოდელირებულ ქრონიკაში“ ამაზე იყოს საუბარი.
ხუმრობა და ვიღაცის ავადმყოფური ფანტაზიები ერთია, მაგრამ რეგიონში საფრთხეების გაზრდას რამდენად დაუშვებს დასავლეთი და კონკრეტულად ამერიკა. ირანთან დაახლოების გამო, მოხდება თუ არა, ირიბი, ან პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდაპოლიტიკაში?
– ჯერ ამერიკელებს უფრო სერიოზული საქმეები აქვთ, ვიდრე საქართველო. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ავადმყოფური გეოპოლიტიკური ილუზია, რომ გეოპოლიტიკური ცენტრია საქრთველო და ამიტომ, სულ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება. ეს არის ისეთივე ამოწურული თემა, როგორც პოსტინდუსტრიულ სახელმწიფოში მარქსისტული კატეგორიებით რაღაცეების გააზრება. ვთქვათ, კაპიტალი და საქონელი რჩება, ანუ, გეოგრაფიული მდებარეობა რჩება, მაგრამ წარმოებითი ურთიერთობები და კომუნიზმი აღარ მუშაობს დღეს.
ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამაყობდით ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობით და თვლიდით, რომ ეს გვაძლევდა უპირატესობას, დღეს დერეფანმა დაკარგა მნიშვნელობა?
– გეოგრაფიული მდგომარეობა რა ქრება, მაგრამ ცალსახად ეს არ არის განმსაზღვრელი მსოფლიო პოლიტიკის და ამას უნდა შევეჩვიოთ. უნდა გავიაზროთ, რომ არსებობს მთელი სიმრავლე ფაქტორებისა, მაგრამ ჩვენ ეს სიმრავლე დაგვყავდა ერთ ფაქტორზე– რომ ჩვენ შეგვინახავს ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა.
თავად რუსეთი რამდენად არის მზად, რომ მიიღოს მსოფლიოს ახალი თამაშის წესები?
– ეს რუსეთის პრობლემაა. ფსიქოლოგიურად მართლა გაუჭირდებათ, მაგრამ თუ ამოვარდებიან ამ წესრიგიდან, მათთვის ეს არ იქნება სასურველი არჩევანი. მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ „როსაბარონექსპორტისთვის“ და სამი სამრეწველო სამხედრო ორგანიზაციისთვის ამერიკული სანქციების მოხსნა მოხდა ლამაზი გარანტიებისთვის. რაღაც რეალური პროცესები მიდის და ჩვენ ისევ ბრიყვულ სიტუაციაში ვართ, რადგან ეს ყველაფერი სინამდვილეში, ირანის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ჩვენ კი, ამ დროს ირანის მხარეს ვდგებით.
როგორ ფიქრობთ რუსეთს რა პოზიცია ექნება საქართველოს მიმართ, ახალი თამაშის წესებში ალბათ, არ ჯდება სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა, რაზეც ასე ხშირად საუბრობს ხელისუფლება.
– როგორც მე ვხვდები, რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ვარაუდია, რუსეთი საქართველოსთან ერთპიროვნულად არ ითამაშებს. აქტივობა ვისი უფრო იქნება საკითხავია, მაგრამ რუსეთის გადაწყვეტილება რომ იქნება შეთანხმებული ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს პოლიტიკა რომ დაეყრდნობა კონსესუსს დიდ სახელმწიფოებს შორის და არა დაპირისპირებას, როგორც ადრე იყო, ესეც ნათელია.
რუსეთს ახლა ოკუპაცია არაფერში სჭირდება თუ მაინც მოხდა მისი პროვოცირება ეს იქნება პარალელურად, ვაშინგტონის და ბრიუსელის პროვოცირებაც. ამ ხელისუფლებას ამის რესურსი თუ აქვს არ ვიცი, მაგრამ ირანს ამის თავი აქვს. რას მიიღებს სხვა საქმეა, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა თავი, რომ დასავლეთთან სულ ასე პროვოკაციულ რეჟიმში ყოფილიყო. ხელისუფლების მომხრეები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ირანთან მოლაპარაკებითვის სანქცია ვაშინგტონიდან არის მიღებული, მაგრამ ეს ისეთი ზღაპრებია, რომლის სერიოზულად განხილვაც არ ღირს.
ყოველივე ამის ფონზე, როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს ხელისუფლების მიერ რუსეთთან ენის გამონახვის მცდელობას?
- პოლიტიკის შეცვლას რომ არ აპირებენ ცხადია, თუმცა ამათ პოლიტიკა არც არასოდეს ჰქონიათ. უნდათ ხელისუფლების შენარჩუნება. მე არ დამავიწყდება ის კითხვარი, რომელიც 2004 წელს, პოლიტიკურ მეცნიერებებში მომუშავე ძალიან ბევრ ადამიანს დაურიგდა. მასში იყო ერთ–ერთი ასეთი კითხვა – იქნება თუ არა ეს ხელისუფლება 80 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში? ამას თავისუფლების ინსტიტუტი სერიოზულად განიხილავდა, მაგრამ ვინ დატოვებს 80 წელი ამერიკა თუ რუსეთი, ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ჩევნი ოპოზიციის ხელში არც ამის გამორიცხვა შეიძლება.
– გეთანხმებით. თუ ხელისუფლების მიმართ საგარეო პოლიტიკის გამო ჩნდება კითხვა – გასაგებია, რომ არიან იდიოტები, მაგრამ არიან თუ არა მოღალატეები? ოპოზიციის მიმართ ჩნდება კითხვა – გასაგებია, რომ არიან იდიოტები, ოღონდ არიან თუ არა გამყიდველები და სააკაშვილის ხელისუფლებისგან აქვს თუ არა ხეირი? და ეს არ ეხება მხოლოდ ჯიბის ოპოზიციას. თუმცა, ის გლობალური პროცესები, რომელიც 3–4 თვეში დაიწყება, შიდა წვრილმან საკითხებს გადაფარავს.
ჩვენს ხელისუფლებას დასავლეთმა საყრდენი გამოაცალა, რუსეთთან არ მიესვლება, მარტო შეძლებს ძალაუფლების განმტკიცებას და საერთოდ, ეს პროცესები შიდა პოლიტიკაზე როგორ იმოქმედებს?
– აღმოსავლეთი ხომ დარჩა. რა გითხრათ, ჩვენი ოპოზიციის უსუსურობიდან გამომდინარე შეიძლება არავითარი ზემოქმედება ამან არ მოახერხოს. შესაძლოა, ყველაფერი ისევ ისევ დარჩეს, მაგრამ მეეჭვება საზოგადოებამ მოითმინოს ვითარების ასე გაუთავებლად გაგრძელება.
ანუ, „ცხელი ზაფხული“ და „ცხელი შემოდგომა“ ისევ აქტუალურია?
– ზაფხულის რა მოგახსენოთ, პირიქით, იმედი მქონდა, რომ ზაფხულში ნორმალური ოპოზიცია ჩამოყალიბდებოდა. ახლა ამის დიდი იმედიც არ მაქვს. არის რაღაც ინდიკატორები, რომელიც უნდა აჩვენებდეს, რომ ნორმალური ოპოზიციის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო, ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ჯერ ასეთ ინდიკატორებს ვერ ვხედავ. ერთი რამ, რაც ნამდვილად ვიცი, ასეთი ტიპის რეჟიმები ცუდად ამთავრებენ და ეს იმდენად პოლიტიკური პროგნოზი არ არის, რამდენადაც პოლიტიკური მეცნიერებებიდან აღებული დასკვნა. შესაძლოა, ამ რეჟიმის დასრულებაში სრულიად მოულოდნელმა საბაბმა ითამაშოს როლი. ვიფიქრებდით როდესმე, რომ „მოდელირებული ქრონიკა“ გაჩნდებოდა და ამხელა რეზონანსი ექნებოდა? ამ ხელისუფლების წარმოსახვა, არცთუ დალაგებული, იქეთ მიდის, რომ ისეთი მოულოდნელობა შეიძლება შემოგვთავაზოს, ვერცერთი ექსპერტი წინასწარ ვერ განჭვრეტს. ანუ, ხელისუფლებამ ჩაიდინოს ქმედება, რომელიც მათვე დაანგრევს.
presa.ge