29 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით: „სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად შესაძლოა, ბიზნესმენი ზვიად სიჭინავა დაინიშნოს“. მასალასთან დაკავშირებით დღეს „ღია ბოქლომი“ ბიზნესმენ სიჭინავას დაუკავშირდა, იგი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და დასძენს, რომ გაურკვეველ პირებს საქართველოში მისი რეპუტაციის შელახვა უნდათ.
შეგახსენებთ, რომ „პირველის“ ინფორმაციის თანახმად „სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად შესაძლოა, ამჟამად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ბაიას" პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა დაინიშნოს. როგორც სააგენტო იუწყება, სიჭინავა მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია და როგორც ამბობენ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ამბიციებიც აქვს.“
ზვიად სიჭინავა: „ეს არის ავადმყოფი ადამიანის მოფიქრებული ჭორი. მე ვარ რუსეთის მოქალაქე და არასოდეს არ მქონია სურვილი მოვსულიყავი ქართულ პოლიტიკაში. რატომ გავრცელდა მსგავსი იმნფორმაცია ჩემთვის წარმოუდგენელია, შესაძლოა ვიღაცას საქართველოში ჩემი რეპუტაციის გაფუჭება უნდოდეს. სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და შესაბამისად მას, ან მთავრობის რომელიმე წევრს, ჩემთვის არ შემოუთავაზებია გუბერნატორის პოსტის დაკავება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჭორი, არის ბაზრის დონის, უსაქმურების მოფიქრებული“.