სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად შესაძლოა, ამჟამად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ბაიას" პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა დაინიშნოს. როგორც "პირველისთვის" გახდა ცნობილი, სიჭინავა მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია და როგორც ამბობენ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ამბიციებიც აქვს. კულუარებში მის შესახებ განსაკუთრებით მას შემდეგ ალაპარაკლდნენ, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი "გრეჩიხას" საკნების ზუგდიდში გამოჩენამ ისე გააღიზიანა, რომ მხარის გუბერნატორ ზაზა გოროზიას მკაცრი ტონოთ უსაყვედურა, იმ ქალაქში საიდანაც "ვარდების რევოლუცია" დაიწყო, "გრეჩიხას" საკნები არ უნდა იდგესო. ასევე, კულუარეული ინფორმაციების მიხედვით, გოროზიას ბედი ახალაიების მამასთან, მხარის მთავარ პროკურორთან, როლანდ ახალაიასთან წლების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებამაც გადაწყვიტა. რაც შეეხება ახალ და ჯერ კიდევ უცნობ სახეს ზვიად სიჭინავას – ის ამჟამად რუსეთში მოღვაწეობს და ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს აფინანსებს. აშენებს ევროპული სტანდარტების შესაბამის სტადიონს, ასევე სპორტულ სკოლა-ინტერნატს გამაჯანსაღებელი კომპლექსებით. ბიზნესმენმა 2008 წელს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "პრემიერიც" დაარსა, თუმცა მოგვიანებით, ჟურნალით უკმაყოფილო მფლობელმა რედაქტორი და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა. ზვიად სიჭინავას შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მხარის გუბერნატორად ზაზა გოროზიას ნაცვლად მის დანიშვნას, არ გამორიცხავენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუგდიდში რამოდენიმე თვეა ვრცელდება ხმები რწმუნებულის თანამდებობაზე ზაზა გოროზიას პირველი მოადგილის ალექსანდრე აქხვლედიანის დანიშვნის თაობაზე.