- პოლიტიკური გაერთიანება “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი ინგა ქარდავა სენაკის პროკურატურას გენერალურ პროკურატურაში უჩივის. საჩივრის მიზეზი ის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც რაიონულმა პროკურატურამ ქარდავას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, წინასწარი გამოძიება შეწყვიტა.
გაზიარება
[ნანა ფაჟავა]
მუქარის ფაქტზე გამოძიება სენაკის პროკურატურამ 2009 წლის 17 ივნისს დაიწყო. ინგა ქარდავა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების წამყვანი სპეციალისტის, გული ბარკალაიასა და მისი ქალიშვილის, ნანა დავითაიას დასჯას მოითხოვდა.
ორ სენაკელ ქალბატონს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრმა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებიდან საჯარო ინფორმაცია მოითხოვა. ინფორმაცია სენაკის ტერიტორიაზე არსებული ბაღების საშტატო ერთეულებისა და სინდიკატში გაერთიანებულთა რაოდენობას ეხებოდა.
ინგა ქარდავა: “გული ბარკალაია მიხვდა, რომ სწორედ მისი უკანონო საქმიანობა მაინტერესებდა. იმავე დღეს, როგორც კი საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე, ბარკალაიას შვილი, ნანა დავითაია მობილურ ტელეფონზე დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა იმისათვის, რომ გაერკვია, თუ რატომ ვერეოდი სინდიკატის საქმეში”.
– ”შეხვედრაზე უარის შემდეგ იგი საცხოვრებელი სახლის გადაწვით დამემუქრა. იმავე საღამოს ბინის ნომერზე გული ბარკალაია დამიკავშირდა და შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. მითხრა: “სახლს დაგიწვავ, გადაგაშენებ, შე რეგვენო”...
პროკურატურის მიერ ს.ს. საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია: “... საქ. სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში... ქარდავას განმარტებით ქონების დაზიანების მუქარა და სიტყვიერი შელაპარაკება მხოლოდ მობილური ტელეფონიდან განხორციელდა”.
ინგა ქარდავა: “აბა, პროკურატურა სხვა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. დიახ, ეს ქალი არის საშიში! ბარკალაია უკანონოდ არის დანიშნული და ამას დავამტკიცებ. იგი ხშირად ამბობს, რომ “ნაცმოძრაობიდან” მოდის და მთელი რიგი დამსახურებები აქვს მათ წინაშე. სწორია, იგი მუდმივად მაჟორიტარის, გურამ მისაბიშვილის კაბინეტში იჯდა და მას ხელისუფლება შავბნელი საქმეებისთვის იყენებდა. ეს პიროვნება სენაკში არჩევნების უბადლო გამყალბებელია. მას ყველაზე დიდი, “სამხედრო ქალაქის” უბანი “ჩააბარა” მთავრობამ. სენაკელები ბარკალაიას “მაფიოზადაც” მოიხსენიებენ. მას საეჭვო კავშირი აქვს შსს-სთან. იგი “სოდ”-ითა და “კუდ”-ის უფროსით, გიგა დგებუაძეთი გვაშინებდა”.
ამ ყველაფერს სენაკის გამგებელი კობა კილასონია მშვიდად უყურებს. ის დამოუკიდებლად დარაჯსაც ვერ დანიშნავს. სენაკს დღეს ყოფილი გამგებელი გურამ მისაბიშვილი განაგებს და კილასონია მხოლოდ მისი სკამის მწყემსია. ამიტომ მივიჩნიე საშიშად ბარკალაიასა და მისი ქალიშვილის მუქარა. ისინი ყველა ბოროტებაზე წავლენ”.
პოლიტიკური გაერთიანების წევრი იმასაც ამბობს, რომ “დამსახურებული გამყალბებლების” დასაკმაყოფილებლად ხელისუფლება საშტატო ერთეულებს ხელოვნურად ზრდის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
ინგა ქარდავა: “გული ბარკალაია და “კუდ”-ის უფროსის ცოლი სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში 19 მაისს, ერთდროულად დანიშნეს. ბარკალაია მე–2 საჯარო სკოლაში სრული დატვირთვით მუშაობს. ის ასევე განათლების პროფესიულ სინდიკატს ხელმძღვანელობს. საინტერესოა, როგორ ახერხებს ბარკალაია სამ თანამდებობაზე ერთდროულად მუშაობას?! ვაკანტურ ადგილებზე მუშაობის არცერთი მსურველი არ დააკმაყოფილეს, ისინი დღემდე უმუშევრად დარჩნენ”.
გული ბარკალაიას “საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის” სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ზარანდიაც სასამართლოში უპირისპირდება, რომელიც მას სინდიკატში პედაგოგების იძულებით გაწევრიანებაში ადანაშაულებს.
დარეჯან ზარანდია: “ბარკალაია არის თვითმარქვია სამსახურის ხელმძღვანელი. სინდიკატი არ არის რეგისტრირებული ორგანიზაცია. იგი არანაირად არ ემსახურება მასწავლებელთა შრომითი და პროფესიული უფლებების დაცვას. გული ბარკალაია იმ წესდებასაც უხეშად არღვევს, რითიც ხელმძღვანელობს. სინდიკატში გაერთიანებული პედაგოგები წესდების თანახმად საწევრო გადასახადს სახელფასო შემოსავლებიდან 1%-ის ოდენობით იხდიან, ბარკალაია კი მათ 1,5% სძალავს”.
გული ბარკალაია ჟურნალისტთან კომენტარზე კატეგორიულ უარს აცხადებს, რადგან მიაჩნია, რომ ქარდავასა და ზარანდიას მიერ გაკეთებული განცხადებები ცილისწამებაა და მიზნად მის დისკრედიტაციას ისახავს. ბარკალაიას გაღიზიანება განსაკუთრებით ზარანდიას მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა გამოიწვია და მასთან ურთიერთობის გარკვევა მან Presa.ge-ს ჟურნალისტის თანდასწრებით სცადა.
სატელეფონო საუბარში ორივე ქალბატონი თანხმდებოდა იმაზე, რომ მათ შორის პირადი უთანხმოება მოგვარდა, რომ მათ შორის ჟურნალისტის “ჩადგომა საჭირო არ იყო”. ზარანდიამ ბარკალაიასთან საუბარში ჟურნალისტთან გაკეთებული ყველა განცხადება უარყო და მისი “მოშორება” ურჩია.
ასეთ უხერხულ ვითარებაში დარეჯან ზარანდიას ჟურნალისტი ტელეფონით ისევ დაუკავშირდა, თუმცა ამ შემთხვევაში საუბრის მოწმე გული ბარკალაია გახდა. ზარანდიამ ამჯერად “პირველ ჩვენებას” არ გადაუხვია”.
დაპირისპირება ბარკალაისა და ზარანდიას შორის შესაძლოა შეწყდეს, მაგრამ ოქრუაშვილის პარტიის წევრი უკან დახევას არ აპირებს და გენპროკურატურაში სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში გეგმავს”.
presa.ge