ავტორი ჯაბა ხუბუა | "ასავალ-დასავალი"
23:06 27.11.2011
ძვირფასო მეგობრებო, საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" რვაწლიანი კრიახი და კაკანი საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კვერცხი დადო.დიახ, კვერცხებისა და ფლოსტების ქანდაკებას ვგულისხმობ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ბათუმში დაიდგა და რომლის სახელწოდებაც არის - "სახიფათოდ თქვენი".
სააკაშვილის მიერ ბათუმში დადებული კვერცხების ნახვისთანავე ბევრს მაშინვე გაახსენდა პუტინის ცნობილი მუქარა, სააკაშვილს კვერცხებით დავკიდებო და ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილის შიში, პუტინმა მართლა კვერცხებით არ დამკიდოსო, ბათუმში კვერცხების ძეგლის დადგმაში სუბლიმირდა!
ამ ეჭვის პროვოცირებას თავად კვერცხების ქანდაკების სახელწოდებაც ახდენს - "სახიფათოდ თქვენი", რომელიც შეიძლება ასეც გავიგოთ - "სახიფათოდ თქვენი კვერცხებისათვის".
მე კი ვფიქრობ, ძვირფასო მკითხველო, რომ ამ კვერცხებისა და "შლოპანცების" ძეგლის დადგმაში უცნაური და არაორდინარული არაფერია, პირიქით, სააკაშვილის მხრიდან კვერცხის დადება სრულიად ლოგიკური ამბავია. კაცს, რომელმაც თბილისის ცენტრიდან დავით აღმაშენებლის ძეგლი გააძევა, კაცს, რომელმაც ბათუმის ცენტრიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლი გააძევა, აუცილებლად უნდა დაედგა კვერცხის ძეგლი და დადგა კიდეც. კაცს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ისე იყო დამფრთხალი და შეშინებული, რომ ცხვირით მიწას ხნავდა და საკუთარ ჰალსტუხებს ჭამდა, აუცილებლად კვერცხი უნდა დაედო და დადო კიდეც! კაცს, რომელიც 2011 წლის 26 მაისის ღამეს ქუჩაში გამოსული სულ 2 ათასამდე ადამიანის მშვიდობიანმა პროტესტმა ისე შეაშინა, რომ მათ ზონდერებისა და სპეცრაზმელების მთელი არმია მიუსია, საკუთარი მოქალაქეების სისხლი დაღვარა და უმწეო, ხელებშეკრული ადამიანები ცემით მოკლა, აუცილებლად კვერცხი უნდა დაედო და დადო კიდეც! კაცს, რომელმაც დედაუნივერსიტეტში პოლიციის რაზმები შეუშვა და მხცოვანი, ღვაწლმოსილი პროფესორები ტერორისტებივით ხელებაწეული გამოიყვანა ცოდნის ტაძრიდან, აუცილებლად კვერცხი უნდა დაედო და დადო კიდეც! კაცს, რომელმაც საკუთარ ხალხს "ნულოვანი ტოლერანტობა" გამოუცხადა და ყვარყვარეს ციხეები აუშენა, კვერცხი უნდა დაედო და დადო კიდეც! კაცს, რომელმაც ქართულ სკოლებში ბავშვებს ფორმიანი მანდატურები დააყენა თავზე, კვერცხი უნდა დაედო და დადო კიდეც! კაცს, რომელმაც სამაჩაბლოდან დევნილებს საქათმეები აუშენა და საკონცენტრაციო ბანაკის ალიკვალი "დასახლებები" შეუქმნა, კვერცხი უნდა დაედო და დადო კიდეც! მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სააკაშვილმა ბათუმში კვერცხის დადებით საკუთარ მმართველობას დაუდგა ძეგლი. დიახ, თუ სააკაშვილი თავისი მოღვაწეობით ძეგლის დადგმას იმსახურებდა, ეს ძეგლი აუცილებლად კვერცხი უნდა ყოფილიყო. აი, სწორედ ამიტომ არ არის გასაკვირი სააკაშვილის მიერ კვერცხის დადება და არც ის გაგიკვირდეთ, პატივცემულო მკითხველო, თუ სააკაშვილის მიერ ბათუმში დადებულ კვერცხებს სააღდგომოდ წითლად შეღებილს ნახავთ. მერწმუნეთ, სააკაშვილის უღმერთო ხელისუფლებას ჭკუა და სინდისი არც ასეთი მკრეხელობის ჩადენას დაუშლის!
ბათუმში კვერცხის დადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილ კალათით ხელში თელავის ბაზარში ვიხილეთ - ყველს, ხორცს და სხვა საკვებ პროდუქტებს ყიდულობდა, რათა ყვარელში, საკუთარ კარმიდამოში, რომელიც, როგორც თვითონ თქვა, დედამისის დანაზოგით შეიძინა, მეზობლებს გამასპინძლებოდა.
ბაზარში მყოფი სააკაშვილი გლეხებს გაესაუბრა, ერთს ჰკითხა, თუ როგორ იყო საძოვრების საქმე, მეორეს ჰკითხა, რამდენი ტონა კომბოსტო მოიწიეთო და ა.შ. მოკლედ, სააკაშვილი ცდილობდა, გამოემჟღავნებინა, თუ როგორ არის დაინტერესებული ქართული სოლისა და გლეხობის ცხოვრებით და როგორ კარგად ერკვევა სასოფლოსამეურნეო საქმიანობაში.
ძვირფასო მკითხველო, დიდი გამჭრიახობა და პიარტექნოლოგიების ზედმიწევნით ცოდნა სულაც არ სჭირდება იმის მიხვედრას, თუ რას ემსახურებოდა კალათით ხელში სააკაშვილის ბაზარში სიარული და გლეხებთან ჭუკჭუკი.
ეს იყო პასუხი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე, რომ სააკაშვილი აზრზე არ არის, რა არის სოფელი, რა სჭირდება ქართველ გლეხს, ქართულ სოფელს, საქართველოს სოფლის მეურნეობას.
მოკლედ, მორიგ მაიმუნობასთან და პიარაქციასთან გვქონდა საქმე, რომელიც სააკაშვილს, როგორც ყოველთვის, უნიჭოდ და უღიმღამოდ გამოუვიდა, რადგან მის ყოველ სიტყვაში, ყოველ მოქმედებაში სიყალბე და ხელოვნურობა გამოსჭვიოდა - ისეთივე სიყალბე და ხელოვნურობა, როგორი ყალბი და ხელოვნურიც სააკაშვილის მიერ ბათუმში დადებული კვერცხია!
