22:06 29.10.2011
მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობის მედია-ომბუდსმენია, პოლიტიკურ გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობაში" არ შედის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ირმა ინაშვილმა განუცხადა."მე გახლავართ "ობიექტივის" ხელმძღვანელი, ამიტომ არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას. "წინააღმდეგობის მოძრაობას" დღეს გამოეყო პოლიტიკური კომპონენტი, რაც თავისთავად მისასალმებელია. საზოგადოებრივი მოძრაობა განაგრძობს საქმიანობას. ჩვენ ვიქნებით ამ ახალი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები და განვაგრძობთ 8 წლის წინ დაწყებულ ბრძოლას",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" წინააღმდეგობის მოძრაობიდან აცნობეს, პოლიტიკურ გაერთიანებას მხარს უჭერს 200-ზე მეტი საზოგადო მოღვაწე. მხარდამჭერთა შორისაა რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქეთი დოლიძე, გოგი ქავთარაძე, ნანა შონია, რეზო ჩხეიძე, ერეკლე საღლიანი.
პოლიტიკური გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობა" დღეს დაფუძნდა, მოძრაობის წარმომადგენლების ცნობით, დღევანდელ ყრილობაში მონაწილობა 2000-მდე დელეგატმა მიიღო.
"ინტერპრესნიუსი"
