ავტორი ნინო მიქიაშვილი
16:26 26.10.2011
საპატრიარქო, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება, გარკვეული ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებაზე ჯერჯერობით ისევ ფიქრობს. იქნება თუ არა თანხვედრილი საპატრიარქოსა და ხელისუფლების პოზიცია, ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების გადმოცემის საკითხთან მიმართებაში, ეს ალბათ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, ილია II–ის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა ამჟამად განიხილავს ქართული ტაძრების საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს. ამის შესახებ, სამების საკათედრო ტაძარში თავად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა განაცხადა, სტამბულიდან დაბრუნების შემდეგ.
მეორე დღეს, 24 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე კომენტარი გააკეთა – თურქეთ–საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც ჯერ არ დასრულებულაო.
მეორე დღეს, 24 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე კომენტარი გააკეთა – თურქეთ–საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც ჯერ არ დასრულებულაო.
იმავე დღეს მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტებში, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი ნებსით თუ უნებლიედ ისე გაშუქდა, ამ საკითხში შედარებით გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იფიქრებს, რომ პატრიარქთან ერთად, ქართული ტაძრების გადმოცემას თურქეთის მთავრობას საქართველოს ხელისუფლებაც სთხოვს, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასე არ არის. სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებისას არ გახსენებიათ, რეალურად რა დგას ერთ ადგილზე გაყინული თურქეთ–საქართველოს მოლაპარაკების უკან.
თურქეთ-საქართველოს შორის მაისის ბოლოს გასაფორმებელი ხელშეკრულება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რასაც მისი მოწინააღმდეგეები პოლიტიკურ ხელშეკრულებად აფასებენ, დღემდე ხელმოუწერელია. ქართული მხარის, კონკრეტულად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებას თურქული მხარე აჭიანურებს, რისი მიზეზიც დღემდე არ დაკონკრეტებულა.