ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 14.10.2011
“ცენტრში ვეღარ ააშენებენ, სადაც ის იდგა და ამაზეც თანახმანი იყვნენ, რომ გარეუბანში აშენებულიყო და არ ჰქონოდა მეჩეთის დატვირთვა. ეს არის თემა, რომელზე ლაპარაკი განსასჯელადაც კი არ ღირს“
მსოფლიო ძეგლთა ფონდის სიაში ოშკის ტაძრის შეტანის შესახებ ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის შენობაში სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ “ობიექტივი“ შეხვდა და ესაუბრა ამავე ცენტრის ხელმძღვანელს, მარიამ დიდებულიძეს.
როგორც მან გვითხრა, მსოფლიო ძეგლთა ფონდს ოშკის გადასარჩენად თანხის მოპოვება შეუძლია, მაგრამ თუ თურქეთ–საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში, ბათუმში ეგრეთ წოდებული აზიზიეს მეჩეთი არ აშენდება, ფონდის მიერ მოპოვებული თანხით თურქულმა მხარემ ოშკი (რომელიც ტურისტულ მარშრუტებშია შეტანილი) შესაძლოა თავად აღადგინოს.
“ობიექტივი“ უცვლელად გთავაზობთ ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, მარიამ დიდებულიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს.
რა სიახლეა ოშკთან დაკავშირებით?
მარიამ დიდებულიძე: სიახლე არის ის, რომ მსოფლიო ძეგლთა ფონდმა თავის საზედამხედველო ნუსხაში შეიტანა ოშკი, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის და ამავე დროს, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლი.
ამ სიაში შეტანა მოხდა ჩვენი ცენტრის თანამშრომლის, ირინა გივიაშვილის და ჩვენი დანიელი კოლეგის, მარკუს ბოგიშის ერთობლივი წარდგენის საფუძველზე. ცხადია, ეს წარდგენა არ არის საკმარისი, იქ მიწოდებული უნდა იყოს ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც სარწმუნოა. ეს დოკუმენტაცია რა თქმა უნდა, გადამოწმდა – დაეგზავნა სხვადასხვა ექსპერტებს; ჩვენ არც ვიცით ვის, რადგან ეს ფონდი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, მათ შორის მსოფლიო იკომოსთან და ასე შემდეგ.
ნუ, ეტყობა დადებითი შეფასება მიიღო, როგორც თვითონ წარდგენის ხარისხმა, ისე იმ პრობლემებმა, რომელიც ამ დოკუმენტაციაში იყო დაფიქსირებული და ოშკი სიაში შეიტანეს. ეს სია ძალიან განსხვავდება იუნესკოს ძეგლთა სიისგან.
შეიძლება მითხრათ რამდენიმე სიტყვა, თვითონ ამ ორგანიზაციაზე?
– ეს ორგანიზაცია 80–იანი წლების ბოლოს შეიქმნა, სწორედ ამ მიზნით. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, არ ეკუთვნის რომელიმე ქვეყანას. გამოცხადებული აქვს წარდგენის ფორმები, აგროვებს ინფორმაციას, იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლების შესახებ, რომლებიც ამავდროულად რაღაც საფრთხის ქვეშ არიან.
რა ხდება მას შემდეგ, რაც ძეგლი ფონდის სიაში შედის?
–უხეშად, რომ ვთქვათ, მერე იწყება ამ ძეგლის რეკლამირება. მიმართავენ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებს, იმ სახელმწიფოს, რომლის ფარგლებში არის ძეგლი, ან კიდევ სხვას, რომელიც რაღაცნაირად დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობს. მათ აქვთ დონორი ორგანიზაციების აქტიური ქსელი. საქართველოსთვის მიმართებაში შემიძლია დავასახელო ბოდბე, იკორთა, ტიმოთეს უბანი, ყინწვისი, გელათის აკადემია, მოდერნის სტილის ნაგებობები.
თბილისში აი, ამ ფონდმა, სწორედ ამ წარდგენების მერე მოიპოვა თანხები. ზოგჯერ თვითონ გამოჰყოფს თანხებს, ან შოულობს, ან მედიატორის როლს თამაშობს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ის ძალიან აქტიურია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – მას აქვს შესაძლებლობა ფოკუსირება მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის აი, ამ ძეგლზე, მის პრობლემებზე, მის მოთხოვნებზე და ეს რა თქმა უნდა, ამაღლებს დახმარების იმ შანსს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ძეგლს გამოუყონ.
ოშკის გარდა სცადეთ თუ არა სხვა ძეგლების წარდგენა?
–ხომ ჩამოგითვალეთ?!
ტაოში არსებულ ძეგლებზე გეკითხებით.
–ტაოში არსებულებიდან ეს იყო წარდგენილი. საერთოდ, ტაოში არსებული ძეგლები, მოგეხსენებათ, თურქეთშია.
მათ შორის ოშკიც თურქეთშია, ხომ?!
–დიახ,მათ შორის ოშკიც. ნუ ახლა, ოშკში ბოლო წლებში ძალიან მკაფიოდ შეინიშნება...
მაგალითად, რატომ მოხდა მხოლოდ ოშკის წარდგენა და არა ვთქვათ, ხანძთის?
–ხანძთა უკვე ჩამოინგრა და მეტი არაფერი ემუქრება. რაც ჩამოინგრა, ჩამოინგრა და ოშკს ასეთივე ჩამონგრევა ემუქრება. ყველა ძეგლს სჭირდება ასეთივე დახმარება, იქ კი არა, აქაც – რესტავრაციას, რომ გაუკეთებ, 5–6 წლის მერე კიდევ თავიდან უნდა მიხედო, ხომ?! ეს ასეა, მაგრამ იქ მით უმეტეს, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია ეს ძეგლები.
იმ ძეგლის წარდგენა ხომ არ გიცდიათ, რომელშიც ახლა მეჩეთია გახსნილი?
–ხახული?! ეს ძეგლი გაცილებით უკეთესად არის შენახული,რადგან იქ მეჩეთია გახსნილი. ამიტომ, ხახულს მსგავსი პრობლემა არ აქვს.
ოშკს ამ ბოლო წლებში დიდი პრობლემა გაუჩნდა და ამიტომ არის ლაპარაკი ოშკზე.
რამდენად გაითვალისწინებს თურქული მხარე მსოფლიო ძეგლთა ფონდის მითითებებს, რეკომენდაციებს?
–მე არ ვიცი, ვერ გეტყვით. იქიდან მითითებები არ მოდის, იქიდან მოდის დახმარება, აქტიური ჩარევა და ნუ, ვნახოთ, რა იქნება.
აქვს თუ არა უფლება თურქეთს უარი თქვას ამ ფონდის დახმარებაზე, თუ კი ოშკის აღსადგენი თანხა გამოინახება?
–როდესაც თანხებია ხოლმე გამოყოფილი, ძალიან ცოტა ვინმე ამბობს უარს; მით უმეტეს, ოშკი არის ტურისტულ მარშრუტებში და ისინი დაინტერესებულები არიან, თვითონაც აპირებდნენ გაკეთებას.
როცა ეს ფონდი თანხას მოიპოვებს, თვითონვე გააკეთებს პროექტს, დაიწყებს აღდგენას, თუ ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართულ მხარესთან შეთანხმებით მოხდება?
–ასე მარტივად ნუ მივუდგებით – ქართულ მხარეს ჰქონდა ძალიან კარგი შანსი და მე იმედი მაქვს, რომ ახლაც აქვს ძალიან კარგი შანსი.
რა შანსს გულისხმობთ?
–4 წლის წინ ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყო, თურქეთსა და საქართველოს შორის, სწორედ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობაზე. ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის გეგა მგალობლიშვილს, რომელიც მაშინ იყო ჩვენი ელჩი თურქეთში; ასევე ნიკოლოზ ვაჩეიშვილს, რომელიც მაშინ ჯერ კულტურის მინისტრის მოადგილე და შემდეგ მინისტრი იყო.
სამწუხაროდ, ძალიან გაუგებარი საზოგადოებრივი აზრის გამო, ამ თანამშრომლობის გაფორმება ერთგვარად შეფერხდა და ეს თურქებსაც კი გაუკვირდათ. ჩვენ მით უმეტეს გაგვიკვირდა, რადგან საუკუნეები ვოცნებობდით.
რის გამო შეფერხდა ეს პროცესი?
–რაღაც გარკვეული საზოგადოებრივი აზრი შეიქმნა. აქ ასეთი თანამშრომლობა ყოველთვის პარიტეტულ საფუძველს გულისხმობს.
“აზიზიეს მეჩეთის“ აშენება ისევ ძალაშია, თუ შეიძლება ოშკის გადარჩენა “აზიზიეს“ გარეშეც მოხდეს? თქვენი აზრი მაინტერესებს.
–“აზიზიეს მეჩეთი“ კი არა, ათი “აზიზიეს“ დადგმა ღირს, იმისთვის, რომ ოშკი გადაარჩინო. გინახიათ “აზიზიეს მეჩეთის“ ფოტო?
დიახ.
–მერე, იმაზე საერთოდ ლაპარაკი შეიძლება?! რაღაცა ბოსელივით პატარა შენობაა.
თქვენ იცით ისტორია, რა დატვირთვა ჰქონდა “აზიზიეს მეჩეთს“?
ანუ, თურქეთ–საქართველოს შორის მოლაპარაკებები ისევ ძალაშია?
–არ ვიცი, როგორ არის, იმიტომ რომ აი, ამ ჩვენი სრულიად დიდი უმეცრებით და სრულიად გაუგებარი...
ეგება და თურქეთის მხარე შეფერხდა? თქვენ ზუსტად იცით ეს ამბავი?
–არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ აქ თურქეთის მხარეც უყურებს ჩვენს ტელეგადაცემებს და ისმენს, რასაც ვამბობთ.
ტელეგადაცემებში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ყველაფერი კარგად არის.
–არა, არ იყო.
ცენტრალურ არხებზე სულ ამაზე იყო საუბარი.
–ისინი სხვა არხებსაც უყურებენ და კიდევ, ეტყობა თავიანთი ადამიანებიც ჰყავთ, რომლებიც ატყობინებენ რაღაცას. მე მაგალითად, რომ მითხრან, ორივე ხელს მოგჭრიო, დავთანხმდებოდი და მით უმეტეს, ერთი ხის მეჩეთის აღდგენა, თუ აზიზიეს მეჩეთის სადღაც დადგმა...
ოშკის გადარჩენა თუ ამ გზით შეიძლება – თუ ფონდი თანხას გამონახავს და თურქული მხარე ოშკის აღდგენაზე უარს არ იტყვის, რად გინდათ ამ “აზიზიეს მეჩეთის“ აშენება?
–მე არ მინდა.
მაპატიეთ, პირადად თქვენ არ მოგმართავთ.
–მე არ მინდა და შეიძლება, არც არავის უნდა, მაგრამ თუ მოლაპარაკებები მიდის ამ გზით, მე უბრალოდ, ვახსენე ეს. ეს მოლაპარაკებები არაფერ კავშირში არ არის იმ სიაში შეტანასთან და შეიძლება საერთოდ, არაფერი ზეგავლენა არ იქონიოს, არც მოლაპარაკებებზე და არც იმაზე.
მე უბრალოდ, ვფიქრობ, რომ იქნებ ეს დაეხმაროს ამ მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვას. იმ მოლაპარაკებებს იცით რა დიდი პლუსი აქვს?! ისინი თანხმდებიან, რომ საქართველოს სახელმწიფომ თავისი თანხით და სპეციალისტებით აღადგინოს ოშკი. იქ რომ რაღაც ფული გამოიყოფა, ეს შეიძლება გადასცენ თურქეთის მხარეს და იმან აღადგინოს.
ირინა გივიაშვილთან ერთად, ქართული მხრიდან კიდევ ვინ იყო ჩართული ოშკის წარდგენის პროცესში?
–მარკუს ბოგიშმა და ირინა გივიაშვილმა, როგორც მეცნიერებმა, წარადგინეს. ჩვენი ცენტრი არის ასე ვთქვათ, ინიციატორი, მაგრამ იქ წარდგენები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, საინიციატივო ჯგუფებიდან შედის და მათ წარადგინეს.
როდესაც მე ჩამოგითვალეთ მთელი რიგი ძეგლებისა, საქართველოში, რომელიც ამ ფონდის დახმარებით გადარჩა დაზიანებას, თუ განადგურებას, მაშინაც იყო სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი, ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და ასე შემდეგ.
ოშკს და იშხანს, რაც შეეხება, მე მგონი აქ საერთოდ, დაფიქრებაც არ ღირს. ამ საქართველოში იმდენი მეჩეთი შენდება, რაღა ოშკი და ის უნდა გავწიროთ, მაინცდამაინც?!
მაგრამ, როგორც თქვენი კოლეგებისგან ვიცი, “აზიზიეს მეჩეთს“ განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რომლის აშენებასაც ჯიუტად მოითხოვენ მაინცდამაინც ბათუმის ცენტრში.
–არ აპირებს.
–არ ვიცი, რას აპირებს მერია. გაუთავებლად მესმის რაღაცეები, რომელზეც ვიცი, რომ არავინ არ აპირებს, მაგრამ ვიღაცა ამბობს. გამოთიშეთ ერთი წუთით და რაღაცას გეტყვით.
მერე მითხარით, ახლა დაასრულეთ ფრაზა, თუ შეიძლება.
ვინ არის ამაში დიანტერესებული?
–თუ გამოთიშავთ, გეტყვით.
"ობიექტივი"