ავტორი ანა ბერიძე
17:26 13.08.2011
საქართველოში ტურიზმი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად პერსპექტიული სფერო ხდება, მის უკონტროლო რეგიონში კი, პირიქით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. წლევანდელ სეზონზე, აფხაზეთში ტურისტების რაოდენობა 15 პროცენტით შემცირდა. ამ ინფორმაციას უკვე სეპარატისტული ხელისუფლების კურორტების და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტიც ადასტურებს. უპირველეს მიზეზად კი, შეუსაბამო ფასები და ტურისტული მომსახურების დაბალი ხარისხი სახელდება.
აფხაზეთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სასტუმროები, სრულიად რომ არ შეესაბამებოდა იმ მომხიბვლელ რეკლამებს, რომელთაც რუსული ტურისტული სააგენტოები ავრცელებდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში უკვე გასულ წლებში გამოჩნდა. როგორც ვიუწყებოდით, სამშობლოში დაბრუნებული რუსი ტურისტები ინტერნეტში ვიდეორგოლებსაც კი ათავსებდნენ და თანამემამულე სხვა პოტენციურ ტურისტებს აფხაზეთში წავლისაგან თავის შეკავებას ურჩევდნენ. ამას დაემატა, უკანასკნელ ხანს, უკიდურესად გართულებული კრიმინოგენული ვითარება და დამსვენებლებზე გახშირებული თავდასხმები, რომლის დროსაც რამდენიმე რუსი ტურისტი მოკლეს კიდეც.
გარდა ამისა, ტურისტების რაოდენობის შემცირების მიზეზად, რუსულ-აფხაზურ „საზღვარზე“ შექმნილ სიტუაციასაც ასახელებენ. აქ ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი ხიდის რემონტი მიმდინარეობს. მოქმედებს მხოლოდ საავტომობილო ხიდი, რომლის მეშვეობითაც მოძრაობენ როგორც ავტომობილები, ისე ქვეითები. დღესდღეობით, ეს ერთადერთი ხიდია, რომელიც აფხაზეთის სეპარატისტულ „რესპუბლიკას“ კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს. თუმცა, ივლისის დასაწყისიდან, ადლერი-სოხუმის მარშრუტზე ელექტრომატარებელი მოძრაობს, აგვისტოდან კი მოსკოვი-სოხუმის სამგზავრო მატარებელი ყოველდღიურ რეისს ასრულებს. დამსვენებლების ნაწილი, აფხაზეთში საკუთარი ტრანსპორტითაც გადაადგილდება. თუმცა, საქართველოს უკონტროლო რეგიონში შესვლის მსურველი ტურისტების ამ კატეგორიების რაოდენობამაც მნიშვნელოვნად დაიკლო.
აფხაზურ-რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მიმდინარე წელს, სულ უფრო მეტად შემცირდა საექსკურსიო ავტობუსების რიცხვიც. გასულ წლებში, აფხაზეთის მიმართულებით, საკმაოდ პოპულარული იყო ერთდღიანი, ორდღიანი ექსკურსიები. ტურისტები, ძირითადად, სტუმრობდნენ რიწის ტბას, სოხუმის ბოტანიკურ ბაღს, ახალი ათონის მღვიმეს და მართლმადიდებლურ ტაძრებს. სტატისტიკის მიხედვით, თუ გასულ წელს საზღვარს, ამ მიზნით, დღე-ღამეში 70 ავტობუსი კვეთდა, წელს მათი რიცხვი 40-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, 2010 წელს, 2009-სთან შედარებით, აფხაზეთში დასვენების მსურველთა რაოდენობა მინუმუმ, 50 ათასით შემცირდა, წელს კი ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.
presa.ge
