16:13 30.06.2011
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში დარღვევების გარეშე დასრულდა. არ დაფიქსირებულა დაგვიანებისა და გამოცდაზე არდაშვების ფაქტები. ამის შესახებ livepress.ge-ს საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნანა ქირიამ აცნობა. მისი თქმით, 336 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან 11 არ გამოცხადდა. გალის რაიონიდან კი გამოცდაზე 10 სკოლადამთავრებული მივიდა. გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ამბობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებული 196–ვე აბიტურიენტმა ზუგდიდში გადმოსასვლელად თადარიგი წინასწარ დაიჭირა და ე.წ. საზღვრის გადმოკვეთაც დაუბრკოლებლად შეძლო. „ჩვენ კონტაქტი გვაქვს ზუგდიდთან და თბილისთან. თვალს ვადვნებთ საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას. შეფერხებების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, აღნიშნა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. ნონა შონიას თქმით, გალის რაიონს სულ 308 სკოლადამთავრებული ჰყავს წელს. რაც შეეხება, იმ აბიტურიენტების რაოდენობას, რომლებმაც შარშან ან შარშანწინ დაამთავრეს სკოლა, მონაცემები გამოცდების შემდეგ გახდება ცნობილი. გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები თანხმდებიან, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო დავალებები საშუალო სირთულის იყო. ერთადერთი, თემაზე მუშაობა გაუძნელდათ. შეგახსენებთ, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 30 ივნისს დაიწყო და 21 ივლისს, უცხო ენის გამოცდით დასრულდება.
livepress.ge
