დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფელ ქვემო ქედში ადგილობრივ მცხოვრებს 34 წლის ემზარ გოგოლაურს ეძებენ. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა.
გაზიარება
[ილია მარტყოფლიშვილი. 14:26 12-05-2011]
უკვე მერამდენე დღეა უგზოუკვლოდ გაუჩინარებულ გოგოლაძეს შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები უშედეგოდ ეძებენ. "ქიზიყის" ინფორმაციით, გოგოლაური მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა, რამდენიმე თვის წინ კი ქვეყნიდან დეპორტით გამოაძევეს. დაკარგულის ახლობლები იხსენებენ, რომ მამაკაცს ცვლილებები სწორედ მას შემდეგ დაეტყო და ოჯახთან განშორებას მწვავედ განიცდიდა.
დაკარგულის მამა მათე გოგოლაური "ქიზიყთან" საუბარში თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს, ის ამბობს, რომ ბოლო დროს სოციალურ პრობლემებთან ერთად მის ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები და შიშები დასჩემდა:
,,გაუჩინარების წინა ღამეს უკვე გვიანი იყო, ღამის 4 საათი იქნებოდა, როცა მისი ოთახიდან ხმაური შემომესმა. კარი შევხსენი და დავინახე, რომ წინ თოფი ედო და სასხლეტს აწვალებდა (ტირის). დავამშვიდე, ვთხოვე დაეძინა, მაგრამ მთელი ღამე თეთრად გავათენეთ... რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ ჰქონდა, რომ ამის გამო თვითმკვლელობაზე ეფიქრა. ბოლო დროს ემოციური გახდა, ყველაფერზე ნერვიულობდა, მშივრები დავიხოცებითო – ამბობდა. შვილები ძალიან ენატრებოდა, სულ მათ სურათებს დაჰყურებდა. ვაპირებდით, რომ ნევროპათოლოგთან წაგვეყვანა და გვემკურნალა, მაგრამ არ დაგვცალდა... ეზოდან რომ გადიოდა, რამდენჯერმე ვთხოვე შეჩერებულიყო, მაგრამ სანამ მოვტრიალდი, უკვე აღარსად ჩანდა. გაოცებულები და დაბნეულები ვართ. პოლიცია პირველივე დღიდანვე გამოვიძახეთ. გაწვრთნილი ძაღლებიც მოიყვანეს, ყველგან ეძებეს, მაგრამ ამ დრომდე ვერაფერს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ კვალი მდინარე ალაზნის ნაპირთან გზაზე იკარგება. პირველად შირაქის ტერიტორიაზე ნახეს. შემდეგ სოფელ ოზაანშიც შენიშნეს, წნორის ტაქსის მძღოლს უნახავს ტიბაანში, სპორტული ტანსაცმელი ეცვაო," - განუცხადა "ქიზიყს" მათე გოგოლაურმა.
,,არც ალკოჰოლთან ჰქონდა მიდრეკილება და როგორც ვიცი, არც ოჯახური პრობლემები აქვთ. ეს პიროვნება სოფელში უარყოფითად არ ხასიათდება, არც ვალები აქვს. ეს მოულოდნელი ამბავი მისი თანაკლასელებისგან შევიტყვე, - აცხადებს სოფელ ქვემო ქედის რწმუნებული ნუგზარ პაპიაშვილი.
შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო მოსახლეობას მოუწოდებს დაკარგულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ სამორიგეო განყოფილებას ნომერზე 877 52 71 97. დახმარების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ქიზიყის" რედაქციასაც. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
"ქიზიყი"