ტელერადიოკომპანია “თრიალეთმა” მაუწყებლობა შეწყვიტა. კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს ტელეცენტრმა მას გორის ტელეანძაზე გადაცემები გამოურთო.
გაზიარება
[19:51 02-03-2011]
საქართველოს ტელეცენტრში ამის მიზეზად ტელერადიოკომპანიის სამთვიანი დავალიანება სახელდება. “ტელეკომპანიის განმარტებით კი, მაუწყებლობა ხელისუფლების ზეწოლის გამო შეწყდა.
არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, “თრიალეთს” გარკვეული ფინანსური პრობლემა მართლაც აქვს, მაგრამ მაუწყებლობის გამორთვის რეალური მიზეზი საქართველოს ტელეცენტრის ხელმძღვანელობის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულებაა. “თრიალეთის” არხის დამფუძნებელ ბადრი ნანეტაშვილის განმარტებით, არხი 3 თვის დავალიანების გამო გამორთეს მაშინ, როცა 2 წლის დავალიანების გამო ერთ-ერთ ტელეკომპანიას სასამართლოში ისე უჩივლეს, რომ მისთვის მაუწყებლობა არ შეუწყვეტიათ. “თრიალეთს” ტელეცენტრთან ხელშეკრულება ფართის დაქირავებაზე აქვს დადებული, რაც მას ტელეკომპანიის გადამცემის გამორთვის უფლებას არ აძლევს.
”თრიალეთის” გათიშვა საეჭვოდ დაემთხვა გუშინ თოქ-შოუ “ცხელ ხაზში” ნინო ბურჯანაძის მონაწილეობას. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ტელეცენტრის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული აღნიშნული სადამსჯელო ღონისძიებები “თრიალეთის” ეთერში გასული თოქ-შოუებისა და სიუჟეტების შედეგია. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებამ “თრიალეთს” საკუთარი ანძის დადგმის საშუალება არ მისცა”,—აღნიშნა ბადრი ნანეტაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ასე მარტივად ვერ ჩაახშობს.
medianews.ge