რამოდენიმე დღის წინ ჩვენ რედაქციას მეგრული, სვანური და ლაზური ენების აღიარებისთვის აქტიურად მებრძოლი იურა ღვინჯილია ესტუმრა. რედაქცია, ამ პიროვნების არანორმალურ მოთხოვნებზე, მაგალითად როგორიცაა საქართველოს სკოლებში სწავლების მეგრულ ენაზე დაწყება და ცენტრალური ტელევიზიების მაუწყებლობის ენის მეგრულით შეცვლა, ყურადღებას შეგნებულად არ ამახვილებდა. მას შემდეგ რაც ღვინჯილიამ გვითხრა, რომ, სააკაშვილი–მერაბიშვილის ხელისუფლება მის ლიკვიდაციას გეგმავს გადავწყვიტეთ შველის სათხოვნად მოსული ქართველი არ გაგვეწბილებინა. ღვინჯილიამ აგვიხნა, რომ სახლში კონტრდაზვერვის თანამშრომლები მიუვარდნენ და დაემუქრნენ: თუ მეგრული ენის პოპულარიზაცია განვითარებისთვის მუშაობას არ შეწყვეტ მოგკლავთ ან უკეთეს შემთხვევაში დაგატუსაღებთო–ო. განათლების ცენტრ „კოლხიდას“ ხელმძღვანელი, მასზე თავდასხმის მცდელობაში გუბერნატორ ზაზა გოროზიას ადმინისტრაციასაც ადანაშაულებს.
გაზიარება
[16:26 12-01-2011]
აქვე, ჟურნალ „ღია ბოქლომის“ სახელით აღვნიშნავ, რომ მეგრული ენის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ სეპარატისტულ აზრებსა და აზროვნებას მხარს არასოდეს დავუჭერთ. მეგრული არის ერთ–ერთი უძველესი ქართველური ენა, რომელიც დიდი ყურადღების ღირსია, ხოლო საკითხის მიმართ ღვინჯილიასეული მიდგომა არასწორად მიგვაჩნია.
სანამ ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ გავეცნოთ ნაწყვეტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს 2010 წლის საშობაო ეპისტოლედან:
"როგორც ცნობილია, XIX ს-ის ბოლოს მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა "მეცნიერული" კონცეფცია (დაყავი და იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით) საქართველოში მეგრულ-ლაზურ-ქართულ-სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ.
ეს პროცესი, მეტ-ნაკლებად ფარულად, კვლავაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება".
იურა ღვინჯილია: - ჩემს მიმართ აგორდა ორგანიზებული, საინფორმაციო ტერორი პრესაში. მაგალითად ინტერნეტში. ჩემ დისკრედიტაციაში მონაწილეობას იღებდნენ: სამეგრელოს გუბერნატორის ზაზა გოროზას ადმინისტრაციის თანამშრომლები; ზუგდიდის თეატრის მმართველი მაია კალანდია; საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი გივი ახალაია და სხვა ანტიმეგრული კომპანიის „აკტივისტები”. იყო შეურაწყოფა და მუქარა, რომ მომკლავდნენ. კეთდებოდა რასისტური შინაარსის განცხადებები. ბრალს მდებდნენ რუსეთის აგენტობაში. ახლახანს, სახლში მომივარდნენ სამეგრელოს კონტრდაზვერვის რეგიონალური სამმართველოს თანამშომლები და გამაფრთხილეს თუ არ გაჩერდები ნარკოტიკებს ან იაღაღს დაგიდებთ სახლში ან საერთოთ გაგაქრობთო.
რას ითხოვთ? ნუთუ ასეთ საფრთხეს წარმოადგენთ ხელისუფლებისთვის?
–საქართველოში ანტიმეგრული იდეოლოგია სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანული და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ სპეცსამსახურები გეგმავენ ჩემ ლიკვიდაციას. თუ რამე დამემართა სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ სააკაშვილი–მერაბიშვილის ხელისუფლებას.
მე მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესი მამოძრავებს და ვიბრძვი უძველესი ქართველური ენების მეგრულის, სვანურის და ლაზურის შენარჩუნება განვითარებისთვის.
არამარტო ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც გაემიჯნა მეგრულ ენას, ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მეგრული და სვანური ენებისთვის შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, ანუ ენებს უნდა მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი და მასზე გავრცელდეს ევროპის ქარტიით გათვალისწინებული ნორმები, მაგალითად, როგორიცაა ტელე-რადიომაუწყებლობის არსებობა მეგრულ ენაზე. ამ ეტაპზე ენის შენარჩუნება გადარჩენისთვის ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი გზა.
გაერო-ს დასკვნების მიხედვით არამარტო მეგრული, არამედ ქართული ერიც არის შეტანილი გადაშენების პირას მდგარ ერებს შორის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ გადავრჩეთ.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საკითხის წინ წამოწევა გამოიწვევს იმ სცენარის განვითარებას, რაც აფხაზეთში მოხდა. აფხაზებმაც ხომ ასე დაიწყეს ბრძოლა ენის აღიარებისთვის და შემდეგ, დამოუკიდებლად არსებობის სურვილიც გაუჩნდათ?
-ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც არსებობს პრობლემა და მას ყურადღებას არავინ აქცევს, მაშინ შესაძლოა, პრობლემა უმართავი გახდეს, ამიტომ საჭიროა საზოგადოების მეტი აქტიურობა.
რატომ გგონიათ რომ ხალხი მხარს დაგიჭერთ?
–ევროსაბჭოში გაწევრიანებისას 1999 წელს საქართველომ აიღო ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიისათვის და მოეხდინა მისი რატიფიცირება. თუმცა 10 წლის გასვლის შემდეგაც, ქარტია არ არის რატიფიცირებული და ეს საკითხი საზოგადოებაში არც განხილულა.
პოლიტიკური ვალდებულებების დარღვევა ისევე მიუღებელია, როგორც საერთაშორისო კანონის ნებისმიერი დარღვევა.
ქარტიის მიზანია ენის შენარჩუნება-განვითარება და არა ამ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების დაცვა.
როგორც ლინგვისტები ვარაუდობენ საუკუნის ბოლომდე მსოფლიო ენათა ნახევარი გაქრება.
ენები უფრო სწრაფად კვდებიან ვიდრე მცენარეები და ცხოველები. წითელ წიგნში შეიძლება შევიტანოთ 40%-ზე მეტი მსოფლიო ენა, რომელთა გაქრობა გარდაუვალია ეს მაშინ, როდესაც მცენარეთა 8%-ს და ცხოველთა 18%-ს ემუქრება გაქრობის საფრთხე. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ყოველთვე დაახლოებით ორი ენა კვდება. ენებთან ერთად კვდება განუმეურებელი კულტურა, წყდება სულიერი კავშირი წარსულთან. ენებთან ერთად კვდება ხალხი. დათვლილია, რომ ბოლო 500 წლის განმავლობაში დაკარგულია დაახლოებით ნახევარი ენები, რომელთაც ფლობდა კაცობრიობა და დარჩენილი 6000 ენიდან ნახევარსაც დაკარგავს რამოდენიმე ათწლეულში. მათ შორის იქნებიან სვანური, ლაზურ-მეგრული ენები.
ხალხი მეხსიერების, ენის დაკარგვით კარგავს ეროვნულ იდენტობას სახელმწიფო კი ტერიტორიებს.
რა კეთდება საქართველოში სვანურ ლაზურ-მეგრული ენის გადასარჩენად?!– არაფერი! დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში მეგრული ენისათვის სტატუსის მინიჭება იქნებოდა კარგი მაგალითი აფხაზებისათვის, რომ ქართულ სახელმწიფოში შესაძლებელია თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარება. თუმცა ამ ენებისადმი დისკრიმინაციული პოლიტიკის მაგალითზე მათვის გასაგები ხდება რომ მათ ენას როგორც მეგრულს საქართველოში სრული განადგურება ელოდება. ამით რუსებმა ქართველების ხელით შესძლეს ანტიქართული განწყობის დამკვიდრება. რუსებმა იგივე განწყობა დაამკვიდრეს სამეგრელოში და თავიანთი აგენტურული ქსელის მეშვეობით ცდილობენ საქართველოში საზოგადოებას თავს მოახვიონ იდეოლოგია თითქოსდა მეგრული არის დიალექტი და არა ენა. გარკვეული ჯგუფები გმობენ ბიბლიის თარგმას მეგრულ ენაზე, მეგრული ენისათვის სტატუსის მინიჭებას, ევროპული ქარტიის რეგიონალური ენების შესახებ რატიფიცირებას, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და ა.შ.
შექმნილია ახალი მეგრულ-ქართული ეთნოკონფლიკტის წინაპირობა, როდესაც არსებობენ „მჩაგვრელი“ ქართველები, რომლებიც არ აძლევენ „დაჩაგრულ“ მეგრელებს თავიანთი ენის შენარჩუნება-განვითარების შესაძლებობას.
მსოფლიოში ეთნოკონფლიქტების გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ხალხის ლინგვისტური უფლებების, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების შეურაწყოფა.
ჩვენ გამოვეცით მეგრულ ენოვანი გაზეთი „შურობუმუ“ (სამშობლო) გაზეთის პირველი ნომერი ძირითადად დაეთმო მოხსენებას განათლების ცენტრ "კოლხიდა"-ს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვწერდით, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში, მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები. გასაოცარი ის აღმოჩნდა, რომ სამეგრელოში მეგრული ენის შენარჩუნება-განვითარება სრულიად იგნორირებულია სახელმწიფოს მხრიდან.
მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მიმართვისა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისადმი ჩვენი მიმართვები პასუხგაუცემელი დარჩა.
მეგრეელი ხალხის კიდევ ერთ შეურაცყოფათ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ზუგდიდს ჩამოერთვა ქალაქის სტატუსი...