გასულ კვირას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გია თორთლაძის საავტორო პროექტი, იგივე „თავისუფლების ქარტია“ პირველი მოსმენით განიხილეს და, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარი დაუჭირეს. გავეცანით რა, ე.წ. „ თავისუფლების ქარტიის“ კანონპროექტს, მის ძირითად პრინციპებს, თავს ვალდებულად ვთვლით, გავავრცელოთ შემდეგი საპროტესტო განცხადება:
გაზიარება
[21:48 01-11-2010]
1. გია თორთლაძის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ღირებულებებს.
2. ვშიშობთ, კანონპროექტის ბოლშევიკური სულისკვეთება ქვეყანაში საზოგადოების დაშინების, გახლეჩისა და დაპირისპირების პროვოცირებას შეუწყობს ხელს. ე.წ. „თავისუფლების აქტი“ ბოლშევიზმის მანკიერ მემკვიდრეობასთან ბრძოლის ნიღაბქვეშ, სწორედაც რომ ბოლშევიკურ სულისკვეთებას ნეგრავს.
3. წარმოდგენილი კანონპროექტით შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს ნებისმიერ მოქალაქეზე ზეწოლის კანონიერი ბერკეტი ეძლევა, რაც სწორედ 20-იანი წლების ბოლშევიკურ რეალობაში გვაბრუნებს და ძირეულად გვაშორებს 21-ე საუკუნის მსოფლიოს რეალობას. არც ერთი ადამიანი არაა ვალდებული,- ირბინოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ნათესავის მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის თაობაზე ყოველდღიურად პატაკი აბაროს ძალოვან უწყებებს.
4. ოპოზიციონერადწოდებული გია თორთლაძის კანონპროექტი ბნელ ოთახში კატის ძებნის კლასიკური მაგალითია, როცა ტერორისტად და ჯაშუშად ხელისუფლებამ ,შესაძლოა, ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტი გამოაცხადოს და განსხვავებულადმოაზროვნე ადამიანები ციხის გისოსებში გამოამწყვდიოს. თანაც ისე, რომ უდანაშაულო მოქალაქის დაცვას ვერც ერთი ადვოკატი და ადამიანის უფლებათა დამცველი ვეღარ შეძლებს, რისი მაგალითებიც მრავლად გვაქვს ჩვენს რეალობაში.
5. ხსენებულ კანონპროექტში ძალოვანი სტრუქტურების, სპეცსამსახურებისა და პოლიციის ორგანოების უფლება-მოსილებების ზრდის მისწრაფება იმდენად თვალსაჩინოა, რომ პირდაპირ ვაცხადებთ: თორთლაძის საავტორო კანონპროექტი მხარდაჭერილია ქვეყნის პირველი პირისა და მისი მთავარი დასაყრდენის- შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ და ამ მხარდაჭერის მთავარი მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური სექტორის საბოლოო დამორჩილება და გაკონტროლება.
6. ძალოვანი უწყებების ისედაც წარმოუდგენლად გაზრდილი უფლება-მოსილებების წყალობით, ქართულ საზოგადოებაში აღარ დარჩა ოჯახი, რომელსაც უკანონო, ან პოლიტიკური პატიმარი არა ჰყავს... რომელიც არ არის უსაფუძვლო ჯარიმებისა და ე.წ. სისტემური რეფორმების მსხვერპლი. თორთლაძის საავტორო კანონპროექტი ძალოვან უწყებებს უკვე იმ უფლებებსაც უფართოვებს, რაც დე-ფაქტო აქვთ და ამიერიდან დე-იურეც ექნებათ. ამის შედეგად, ქვეყანაში პოლიტიკური და უკანონო პატიმრების რიცხვი კიდევ ეფრო გაიზრდება და უპრეცენდენტო მაჩვენებელს მიაღწევს.
7. რაც შეეხება საბჭოთა უშიშროების სამსახურის, იგივე „კაგებეს“ ყოფილი თანამშრომლების გამოვლინების სურვილს, იდეის ავტორს ვურჩევთ: ლუსტრაცია ე.წ. ვარდების ხელისუფლების პირველი პირების, მათი ბაბუებისა და ბებიების შესახებ ინფორმაციის გამომზეურებით დაიწყოს, რაც ნამდვილად იქნება მაგალითი დანარჩენი საზოგადოებისათვის. ცნობილია, რომ ქვეყნის პირველი პირი (თავის დროზე) სწორედ იმ სასაზღვრო ნაწილში მსახურობდა, რომელიც პირდაპირ შედიოდა საბჭოთა უშიშროების სამსახურის შემადგელობაში.
8. ზემოხსენებული კანონპროექტი ეს არის არა „თავისუფლების ქარტია“, არამედ ეს არის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქტი, რომელიც ქვეყანაში საბოლოოდ გაამყარებს რეჟიმს და მოსპობს პოლიტიკურ ოპოზიციას, როგორც საზოგადოების ნაწილს და როგორც დემოკრატიის გარანტს.
9. ყველა იმ პარლამენტის წევრს, რომელიც ხმას მისცემს თორთლაძის ინიცირებულ კანონპროექტს, უნდა ესმოდეს, რომ ამ მხარდაჭერის გამო, მომავალში თითოეული მათგანი პასუხს აგებს ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
2010 წლის 1 ნოემბერი. თბილისი. მედია-კავშირი „ობიექტივი“.