2008 წლის 4 აგვისტოს საქართველოში ომის წინა დღეები იდგა. თუმცა მაშინ ამის შესახებ ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალებოდა ხელისუფალთა კაბინეტების კარს მიღმა.
გაზიარება
[მადლენ მაჭარაშვილი. 01:14 05-08-2010]
შემდეგ დღეებში კი თბილისელები შიშითა და ეჭვით უყურებდნენ დასავლეთისკენ მიმავალ სამხედრო ტექნიკას და ჯარისკაცებით სავსე ავტობუსებს. ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდა – ზუსტად ერთ კვირაში რუსეთის ჯარმა საქართველოს დაპყრობილ ტერიტორიებს ახალი ტერიტორიები შეჰმატა. საქართველოს პრეზიდენტი მას შემდეგ ყოველ აგვისტოს გლოვობს.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენა. მუხათგვერდში პრეზიდენტი პატრიარქთან ერთად მივიდა. ძმათა სასაფლაოზე უმაღლეს სასულიერო და საერო პირებთან ერთად თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებიც იყვნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, მტერმა ვერ შეძლო საქართველოს მიმართ საკუთარი მიზნების განხორციელება. ჩვენმა ბიჭებმა თავგანწირვით დაანახეს მტერს, რომ საქართველოს შეუძლია ბრძოლა 10-ჯერ უფრო აღმატებული მტრის წინააღმდეგ. მტერმა ვერ მოახერხა საქართველოს ხელისუფლების დამხობა, თუმცა ეს იყო მისი მთავარი მიზანი“,– ასე შეაფასა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ორი წლის წინანდელი მოვლენები.
პრეზიდენტის გამოსვლაში იყო ცალმხრივი სიმართლე – „მტერმა ვერ შეძლო საქართველოს ხელისუფლების დამხობა“. მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტს ამჯერადაც შეეშინდა სიმართლის ბოლომდე გაცხადების – მტერმა ვერ დაამხო ხელისუფლება, მაგრამ დაამხო და დაიპყრო ქვეყნის რამდენიმე რაიონი.
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია, „ახალ 7 დღესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათმა პარტიამ აგვისტოს მოვლენებში საქართველოს ხელისუფლების როლი უარყოფითად პირველმა შეაფასა და აქცენტი საქართველოს პრეზიდენტის შეცდომებზე გააკეთა.
მანანა ნაჭყებია: „ორი წლის წინათაც ღრმად ვიყავით დარწმუნებულები და დღესაც გვჯერა, რომ შეიძლებოდა, თავიდან აგვეცილებინა ეს უბედურება საქართველოსთვის. ჩვენი პოლიტიკური შეფასება ორი წლის წინაც ასეთი იყო: ჩვენმა ხელისუფლებამ და, პირველ რიგში, უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა ვერ გათვალეს ის საფრთხეები, რომელიც მოდიოდა რუსეთისგან და პირდაპირ წამოეგნენ რუსულ პროვოკაციაზე.
აგვისტოს მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ჩვენი ქვეყნის განვითარება. საქართველო გახდა ნაკლებად მიმზიდველი ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის. ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემი იძლევა ანალიზის საშუალებას, რომ ქვეყანაში ომის შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა დასაქმება და დაეცა, ზოგადად, ეკონომიკური მაჩვენებლები. ჩვენ ორი წლის შემდეგ ვიმკით იმ შედეგებს, რომლებიც ხელისუფლების ორი წლის წინანდელმა უმართებულო ნაბიჯებმა გამოიწვია.“
– პრეზიდენტმა სააკაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, რომ მტერმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში საკუთარი მიზნების განხორციელება ვერ შეძლო. როგორ ფიქრობთ, რამდენად იყო იმ დროს რუსეთის მიზანი საქართველოს სრული ოკუპაცია?
– შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთს მაშინ საქართველოს სრული ოკუპაცია სურდა. საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რუსეთს ძალიან კარგად ესმოდა, რომ ამ ქვეყნის სრული ოკუპაცია შეუძლებელი იყო. მან კარგად შეასრულა თავისი მიზანი – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების საქართველოდან ჩამოშორება. აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ძალიან დავშორდით აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივას და კიდევ უფრო დავკარგეთ „სამხრეთ ოსეთი“. დღევანდელ ხელისუფლებას ამ ტერიტორიების დაბრუნებისთვის არავითარი რესურსი არ აქვს. სიტუაციის ზედმეტი დრამატიზების გარეშე ვიტყვი, რომ ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამიტომ, იმის თქმა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ მაშინ გადადგმულმა ნაბიჯებმა რამის ან ვინმეს შეჩერება მოახერხა, არასწორია. რუსეთი 2008 წლის აგვისტოში, სწორედ, იქ გაჩერდა, სადაც დაგეგმილი ჰქონდა გაჩერება.
– ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკური ექსპერტების ნაწილი აცხადებენ, რომ აგვისტოს ომს მაინც ჰქონდა ერთი „დადებითი შედეგი“, რომ რუსეთ–საქართველოს ომმა თითქმის მივიწყებული საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების თემა წინა პლანზე წამოწია და აქტუალური გახადა...
–მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ. საქართველოსთვის ამ ომს დადებითი არაფერი მოუტანია. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებისა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერას, ამაზე მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ეს საქართველოს პრობლემას ვერაფერს შველის. ფაქტია, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგულ ტერიტორიებს კიდევ მიამატა ახალი ტერიტორიები. ომი იყო ქვეყანაში და, ბუნებრივია, იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გვაძლევს ხელს ამგვარი ნეგატიური მოვლენებით ყურადღების მიპყრობა. უნდა ვისურვოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მხოლოდ პოზიტიური მოვლენებით მიიპყროს.
პრეზიდენტს შეიძლება ადრენალინი მაშინ გამოეყოფა, როცა ქვეყანას ექსტრემალურ სიტუაციაში აგდებს, მაგრამ მე ვფიქრობ, გაცილებით უმჯობესია, როცა ქვეყანა მსოფლიოსთვის საინტერესო ხდება თავისი დინამიკური განვითარებით.