ქართველი დიზაინერის მარიკა კორკელიას პროექტი „მშვიდობის პოდიუმი ენგურის ხიდზე“ ორგანიზაცია „ორიენტ გლობალის“ „მსოფლიო მშვიდობის პრემიაზე“ ერთერთი მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. დაჯილდოების ცერემონიალი 25 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ლონდონის სახელგანთქმულ მუზეუმში გაიმართება, რომელსაც ევროპის 5 ქვეყნის პრეზიდენტებიც დაესწრებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტი ასი ქვეყნის ათას თხუთმეტი პროექტიდან შეირჩა და ხუთ ფინალისტს შორის მოხვდა, ის წარდგენილია ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდული აქცია“. პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფინანსური დახმარებით განხორციელდა. პროექტის ავტორი მარიკა კორკელია ამბობს, რომ მისთვის ასეთი მასშტაბის წარმატება მოულოდნელი იყო. მისი თქმით, მსგავსი აქციის ჩატარების იდეით სამოდელო სააგენტოს თავად აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა მიმართეს, რომლებიც მოდელობაზე ოცნებობდნენ. დიზაინერმა კი მშვიდობის თემაზე სპეციალური საბავშვო ტანსაცმელი შექმნა და დევნილ ბავშვებს საჩუქრად გადასცა. როგორც მარიკა კორკელია ამბობს, ბრიტანეთში მოპოვებული წარმატება სწორედ ამ ბავშვების დამსახურებაა.
აქცია, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ენგურის ხიდზე 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა. ზუგდიდელმა დიზაინერმა მარიკა კორკელიამ აფხაზეთიდან დევნილი პატარა მოდელებისთვის აფხაზეთის საზღვართან სიმბოლური პოდიუმი გამართა მოწოდებით - "ჩვენ ვირჩევთ-მშვიდობას"!
სწორედ ასეთი ფორმით მიულოცეს მაშინ პატარა მოდელებმა აფხაზ თანატოლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, შერიგებისა და ურთიერთობებში წინ გადადგმული ნაბიჯის ნიშნად ბავშვებმა სპეციალური საღებავით თეთრ პოდიუმზე ფერადი ნაკვალევი დატოვეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი, აფხაზეთის ეგრეთწოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან, ცაში მშვიდობის მტრედები გაუშვეს, რომლებსაც აქციის მონაწილეებმა აფხაზურ ენაზე დაწერილი სურვილები გაატანეს.
„კეთილი სურვილები და ოცნებები ყოველთვის სრულდება. მთავარია გულით გჯეროდეს წარმატების“-ამბობს დიზაინერი მარიკა კორკელია.
საკონტაქტო პირი - გურამ როგავა