ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 03.11.2011
რამდენიმე საათის წინ, ტელეკომპანია “თრიალეთს“ საკაბელო მაუწყებლობა შეუწყვიტეს; პლუს ამას, დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი გორში “თრიალეთის“ სიხშირეების შესამოწმებლად ჩავიდა. ამის შესახებ “ობიექტივს“ ტელეკომპანია “თრიალეთის“ დამფუძნებელმა, ბადრი ნანიტაშვილმა განუცხადა.შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სიახლეებს წინ უძღვოდა გორის რაიონული სასამართლოდან მიღებული შეტყობინება – “თრიალეთს“ შპს “ალფა–კომი“ (ყოფილი ტელეცენტრი) უჩივის და დავალიანების გადახდას სთხოვს.
ბადრი ნანიტაშვილი: ჩვენს ტელეკომპანიაზე ხელისუფლებამ შეტევა გააქტიურა. უნდათ, რომ გაგვაჩერონ. იმ კომპანიებმა, რომლებიც გორში საკაბელო მაუწყებლობას ახორციელებენ, ტელეკომპანია “თრიალეთი“ თავიანთი პაკეტიდან ამოიღეს. ეს რამდენიმე საათის წინ მოხდა. ამ ორი საკაბელო კომპანიიდან ერთ–ერთი ზაზა კოშაძეს ეკუთვნის, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, ირაკლი ოქრუაშვილის ხელისუფლებაში ყოფნამდე გორის გამგებელი იყო.
ამასთან, დღეს, 9 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის გამოგზავნილი პიროვნება ჩამოვიდა, ვითომ სიხშირეების შესამოწმებლად.
შპს “ალფა–კომმა“ (ყოფილმა ტელეცენტრმა) ჩვენს ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლა. სარჩელი ეხება ტელევიზიის იმ დავალიანებას, რომელზეც ტელეკომპანიასა და ტელეცენტრს შორის მოხდა შეთანხმება, დავალიანების რესტრუქტურიზაციასა და ოქტომბრის თვიდან ეტაპობრივად დაფარვასთან დაკავშირებით.
ეს სიტყვიერი შეთანხმება იყო თუ წერილობითი?
–ეს სიტყვიერი შეთანხმება იყო. 2011 წლის 2 მარტს მაშინდელმა ტელეცენტრის ხელმძღვანელობამ “თრიალეთის” მაუწყებლობა გათიშა. დიპლომატიური კორპუსის ჩარევისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების აქტიურობის შედეგად, მაუწყებლობა იმავე საღამოს აღდგა და ტელეცენტრის დირექტორთან, გიორგი დეკანოსიძესთან სიტყვიერი შეთანხმება მოხდა – დავალიანების გადახდა, რომელიც რვა ათასამდე გვქონდა, ოქტომბრის თვიდან უნდა დაგვეწყო და ეტაპობრივად, ექვს თვეში დაგვეფარა.
2 მარტიდან მოყოლებული დღემდე, ყოველთვიურ გადასახადს კეთილსინდისიერად ვიხდიდით. ამასთან, შეთანხმებისამებრ გადახდილი გვაქვს ძველი დავალიანების ოქტომბრის თვეში გადასახდელი ნაწილი. ამ თვეების განმავლობაში ტელეცენტრი ყოველთვიურად გვიგზავნიდა დავალიანებაზე დარიცხული საურავების ფაქტურებს.
ჩვენ ამ ხნის მანძილზე ვცდილობდით, რომ სიტყვიერი შეთანხმება წერილობით გაფორმებულიყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ბატონი დეკანოსიძე ამაზე უარს ამბობდა – “ამის გაკეთება ზედმეტია! რა გინდათ, ხომ არაფერს გთხოვთო?!“
ტელეცენტრის ყოფილმა დირექტორმა, გიორგი დეკანოსიძემ, რომელიც ახლა ტელეცენტრის სამართალმემკვიდრის, “ალფა-კომის“ დირექტორია, შეთანხმება დაარღვია და “თრიალეთს” სასამართლოში უჩივლა. ჩვენი აზრით, ეს ნაბიჯი მან პოლიტიკური დაკვეთის შედეგად გადადგა.
როდის გაიმართება სასამართლო?
–ეს ჯერ არ ვიცით. ათი დღის ვადაში უნდა წარვადგინოთ შესაგებელი სარჩელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაუსწრებლად შეიძლება გამოიტანონ. იურისტებთან ერთად ჩვენ ახლა შესაგებელზე ვმუშაობთ.
რა გაარკვიეთ, რატომ შეწყდა მაუწყებლობა გასულ ორშაბათს?
–ორშაბათს ეთერში სტუმრად “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანიას უნდა გვყოლოდა. გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მაუწყებლობა გაითიშა. ღამით ანძაზე ვერ ავედით და დილას ვნახეთ, რომ ანძაზე დამწვარი და გაფუჭებული არაფერი იყო. შესაბამისად, მაუწყებლობა ყოველგვარი გართულების გარეშე აღდგა.
ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სპეციალურად გათიშეს?
–ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მაუწყებლობა სპეციალურად გათიშეს.
როგორ აფასებთ და რას უკავშირებთ თქვენს ტელეკომპანიასთან ამგვარ დამოკიდებულებას?
–ხელისუფლების მხრიდან ესაა თავისუფალ მედიაზე მორიგი ზეწოლა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს “თრიალეთი“ ყოველთვის ობიექტურად აშუქებს. ვცდილობთ, რომ ჩვენს ეთერში გასულ სიუჟეტებში დაფიქსირებული იყოს, როგორც ხელისუფლების, ისე მათი ოპონენტების პოზიცია. ასე ვმუშაობთ, ასე მოვედით დღემდე.
ჩვენს ტელეკომპანიაზე შეტევა პერმანენტულად მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდში ზეწოლა გააქტიურდა, რაც დაემთხვა გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ “თრიალეთს“ ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს. სინამდვილეში ამაზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტი, ლადო ბიჭაშვილი 1 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე იყო და კითხვაც დასვა.
ვფიქრობ, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის გამო ხელისუფლება შეშინებულია. ალბათ, სააკაშვილს ეშინია “თრიალეთი“ ივანიშვილს“ არ მიყიდონო. ახლა მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ “თრიალეთი“ არ იყიდება! მოვითხოვთ შეწყდეს ხელისუფლების დაუსრულებელი ბრძოლა “თრიალეთის” წინააღმდეგ! მოვითხოვთ მოგვეცეს ნორმალური მუშაობის საშუალება!
"ობიექტივი"
