18:04 04.04.2012
სასჯელაღსრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.
პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი ჰქონდა მისჯილი, საიდანაც 2 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ პატიმარი შიდსით იყო დაავადებული და ბოლო ერთ თვეზე მეტი მე-18 სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იწვა.
„თენგიზ ბელქანია სასჯელს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტის მიხედვით იხდიდა. ის შიდსით იყო დაავადებული და ბოლო ერთ თვეზე მეტი მე-18 სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იწვა. ის 20 დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაახლოებით, 1.5 საათის წინ კი გარდაიცვალა“, - განაცხადა ხარჭამაძემ.
ხარჭამაძის განცხადებითვე, დაცვის მხარემ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განაჩენის გადავადების მოთხოვნით მიმართა, მაგრამ აღნიშნული დაკმაყოფილებული არ იქნა.
ადვოკატს მიაჩნია, რომ თენგიზ ბელქანიას გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, პატიმრისთვის სათანადო მკურნალობა აღმოეჩინათ და მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინათ.
"ჩვენს ასევე ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროების მუდმივ მოქმედ კომისიას მივმართეთ, რათა განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეთვალისწინებინათ და გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ამაოდ. აღნიშნული კომისია, ფაქტობრივად არ მუშაობს“, – განაცხადა ხარჭამაძემ.