ავტორი ამბები.ge
04:27 11.12.2011
ლალი მოროშკინა ადმინისტრაციულ სასჯელს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიხდის. როგორც მოროშკინას ადვიკატმა თამარ გოჩელაშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული სასჯელის მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას არ ითვალისწინებს.ასევე, ადვოკატმა ჟურნალისტებს გააცნო ლალი მოროშკინას წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მადლობას უხდის თანადგომისთვის ყველას და აცხადებს, რომ მას პრობლემა თაკო ფხაკაძის და ნანუკა ჟორჟოლიანის საქციელმა შეუქმნეს.
"მათ სინდისზე იყოს, მე რომ ახლა წინასწარი დაკავების საკანში ვზივარ", - აღნიშნულია ლალი მოროშკინას განცხადებაში.
ასევე, ლალი მოროშკინამ შიმშილობაც გამოაცხადა. თუმცა ადვოკატის ცნობით, პროტესტი არა სასამართლო გადაწყვეტილებას, არამედ მისი კოლეგების, ნანუკა ჟორჟოლიანის და თაკო ფხაკაძის საქციელს უკავშირდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ლალი მოროშკინას "ნანუკას შოუს" ჩაწერისას განვითარებული მოვლენების გამო 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, გადაცემის ჩაწერისას მოროშკინამ ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელსა" და მთავარ რედაქტორ თაკო ფხაკაძეს. ფხაკაძის თქმით, მოროშკინას გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ "პრაიმ ტაიმის" "ყველაზე უგემოვნო ქალის" ნომინაციაში მოხვდა. "პრაიმ ტაიმის" მთავარი რედაქტორის თქმით, მოროშკინამ მას ყელში ჩანგალი ჩაარტყა. პოლიცია "იმედის" დაცვამ გამოიძახა.
თავად მოროშკინა აცხადებს, რომ ფხაკაძემ მას პროვოკაცია მოუწყო. "მე დავინახე როგორ ქირქილებდა თაკო ფხაკაძე ჩემზე და ამის გამო მუშტი მოხვდა ყბაში. დიპლომატიური ლაპარაკი დავამთავრე", - აღნიშნა მოროშკინამ.
