19:31 15.11.2011
საპატრიარქოში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ივანიშვილი საპატრიარქოში 18.00 საათისთვის მივიდა. შეხვედრის დაწყებამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. უცნობია, ავტომანქანაში ბიზნესმენი მარტო იმყოფებოდა თუ მეუღლესთან ერთად.
ბიძინა ივანიშვილი რომ პატრიარქთან შეხვედრას გეგმავდა, ამის შესახებ მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუშიც აღნიშნა. მაშინ ბიზნესმენმა თქვა, რომ პატრიარქი ბრძენი კაცია და მას ჰქონდა ბედნიერება, მისი რჩევების მოესმინა. ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის მომავალშიც აპირებს, პატრიარქის რჩევები გაიზიაროს.
ილია მეორემ კი სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. პატრიარქს მიაჩნია, რომ ივანიშვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, რადგან ის არის ქართველი. უწმინდესი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ამ ფაქტს გაითვალისწინებს და ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას აუცილებლად მიანიჭებს.
"ობიექტივი"
