ავტორი "ობიექტივი"
19:06 07.10.2011
“თუ ბიძინა ივანიშვილს, ამბიციების გარეშე, რეალურად სურს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა, ამას რა თქმა უნდა მივესალმები, თუმცა ვერ ვიტყვი რომ გამახარა მისმა დღევანდელმა განცხადებამ. გასაგებია რომ მედია არის ზეწოლის ქვეშ, არის კონტროლირებადი, ან უბრალოდ არ აქვს საკმარისი ფინანსები, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს პოლიტიკური ფიგურების ხელში ვაჭრობის საგნად“, – ჩვენთან საუბრისას განაცხადა მაესტროსა და presage.tv-ს რეგიონალურმა ჟურნალისტმა, ნანა ფაჟავამ. მანვე დასძინა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ სურვილი გულწრფელია და შეთანხმება მოხდა, ამან შეიძლება გამოასწოროს კიდეც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
„ტელეკომპანია „მაესტროს“ და „კავკასიის“ გაფართოვება მართლაც კარგი იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ მათი მაუწყებლობის სიმცირეს“, – აღნიშნა „ობიექტვითან“ საუბრისას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა ილია ჩაჩიბაიამ.
„როდესაც გვაქვს ერთი მიზანი, ანუ ამ ხელისუფლების შეცვლა, მაშინ ყველა ხელთ არსებული იარაღი უნდა გავაერთიანოთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. ცალ–ცალკე წინ ვერ აღვუდგებით ისეთ პროპაგანდისტულ მანქანებს, როგორებიცაა „რუსთავი2“ და „იმედი“, ასე რომ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოთხსენებული არხების მფლობელები ბიზნესმენებიც არიან და პოლიტიკოსებიც, ვფიქრობ ამ ბრძოლაში ბალანსი დაცულია“, – დასძინა ჩაჩიბაიამ.
