ავტორი სალომე ნიკოლაიშვილი
00:26 04.07.2011
მას შემდეგ, რაც საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება ინტერნეტი, საიტების მფლობელთა ნაწილმა, „პირველობის“ მიზნით, თავიანთ საიტთა რეიტინგის გაყალბება დაიწყეს, რათა „ტოპ.გე“-ზე როგორმე „ზემოთ აცოცდნენ“.
სპეციალისტთა თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, როცა ამა თუ იმ საიტის „დეტალური სტატისტიკა“, ტოპ.გე-ზე დახურულია. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს (ან რეკლამის დამკვეთს) არ აქვს შესაძლებლობა, საიტის შემომსვლელთა რაოდენობა, „ლინკები“ დეტალურად შეამოწმოს, რაც სპეციალისტთა აზრით, ხშირ შემთხვევაში, სამართლიანად იწვევს გონივრულ ეჭვს...
იმას, იყოს თუ არა, ტოპ.გე-ზე ამა თუ იმ საიტის „დეტალური სტატისტიკა“ დახურული, კონკრეტული საიტის ადმინისტრაცია წყვეტს. შესაბამისად, სტატისტიკის „დახურვის“ შემდეგ, მომხმარებელს ერთმევა იმის საშუალება, რომ საიტის რეიტინგი (ყოველდღიური, ყოველკვირეული...) დეტალურად შეამოწმობს, რაც ბუნებრივია, მასში, ამ კონკრეტული საიტის მიმართ, ნდობას აქვეითებს...
„ამ შემთხვევაში საიტის მფლობელებს არ აქვთ დასაბუთებული არგუმენტი, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება საიტის „დეტალური სტატისტიკის“ ჩაკეტვის შესახებ.
თუ არ აყალბებ, რატომ გაქვს ჩაკეტილი, გახსენი და მიეცი საშუალება მომხმარებელს რომ შენი საიტის რეიტინგი შეამოწმოს. დარწმუნდეს, რომ არ ატყუებ...
რაც შეეხება ტოპ.გე-ს, ესაა ქართულ ინტერნეტ სივრცეში ყველაზე პოპულარული „მთვლელი“, სადაც ათასობით საიტია რეგისტრირებული და ბუნებრივია, მისი ადმინისტრაცია ყველა რეგისტირებული საიტის რეიტინგის სამართლიანობას ფიზიკურად ვერ გააკონტროლებს. ეს უფრო მორალის საკითხია და იმ ადამიანების არჩევანია, ვინც თითოეულ თქვენგანს ატყუებს და თავის ყალბ რეიტინგს სტატისტიკის „ჩაკეტვით“ მალავს, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება“, - აცხადებენ სპეციალისტები.
სხვათაშორის, „გაყალბებულ რეიტინგებზე“ სპეციალური რჩევებია განთავსებული ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოპორტალ http://www.myvideo.ge/ -ზე, რომელსაც სრულად გთავაზობთ...
„საიტები გაყალბებული რეიტინგით ანუ რა უნდა იცოდეს რეკლამის დამკვეთმა იმ საიტის შესახებ, სადაც ანთავსებს რეკლამას
ამ სტატიაში კონკრეტული საიტების დასახელებისაგან თავს შევიკავებ, თუმცა შევეცდები დეტალურად აღვწერო, თუ რა უნდა იცოდეს რეკლამის დამკვეთმა იმ საიტის შესახებ, სადაც ანთავსებს რეკლამას, რათა არ დარჩეს მოტყებული.
ანალიზისათვის დაგჭირდებათ:
კონკრეტული საიტის ტოპ.გე-ს დეტალური სტატისტიკა. თუ დახურულია, მოითხოვეთ მისი გახსნა.
ამავე საიტის google analytics ანგარიში, რომელზედაც წვდომა უნდა მოგცეთ საიტის მფლობელმა თუ მას დასამალი არაფერი აქვს.
პირველი – ვიზიტორები ქვეყნების მიხედვით
დააკვირდით ქართველ მომხმარებელზე ორიენტირებულ საიტზე საქართველოდან ვიზიტების რაოდენობა ხომ არ არის საეჭვოდ დაბალი უცხოეთთან შედარებით?
მეორე – შესვლის წერტილი და რა გვერდები დაათვალიერეს
ხომ არ არის ტოპ 20-ეულში ისეთი გვერდები, რომლებსაც არანაირი დატვირთვა არ აქვს გარდა იმისა, რომ ტოპ.გე-ს ან სხვა სტატისტიკის მთვლელი ჩაიტვირთოს და ვიზიტი დააფიქსიროს?
მესამე – რამდენ ხანს ჩერდება მომხმარებელი
ხომ არ არის ეს მაჩვენებელი საეჭვოდ დაბალი?
მეოთხე – ახალი და დაბრუნებული ვიზიტორების შედარება
საეჭვოდ ბევრად ხომ არ აღემატება ახალი ვიზიტორების რაოდენობა დაბრუნებულებისას?“
ბუნებრივია, თუ რომელიმე საიტს ტოპ.გე-ზე სტატისტიკა დახურული აქვს, მომხმარებელი ყოველივე ამას ვერ შეამოწმებს. რეიტინგის ქურდები ინტერნეტ სივრცეში უკვე მომრავლდნენ... მომხმარებელს კი ყოველთვის ექნება იმის განცდა, რომ ატყუებენ...
presa.ge
ჟურნალ "ღია ბოქლომის" სტატისტიკა ტოპ.გე-ზე გახსნილია. თითოეულმა თქვენგანმა შეგიძლიათ დეტალურად შეამოწმოთ ჩვენი რეიტინგი...