ავტორი ნინო მიქიაშვილი
20:10 13.09.2011
მსჯავრდებული ივანე ძაგნიძე: “მოვითხოვე სამედიცინო გამოკვლევა ხერხემალზე, ღვიძლზე, თავზე, ნაღველზე და კუჭ-ნაწლავზე. მივიღე უარი ლაშა ბრეგაძედან. მან მითხრა, რომ თუ არ შევწყვეტდი მოთხოვნას, დამემუქრა წლების დამატებით და ასევე ფიზიკური ლიკვიდაციით”
რუსთავის №17 საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ 33 წლის მსჯავრდებულს, ივანე ძაგნიძეს, ადმინისტრაცია ლიკვიდაციით ემუქრება. ამის შესახებ თავად პატიმრის ხელით დაწერილი განმარტებიდან შევიტყვეთ, რომლის ასლი მედია-კავშირ ”ობიექტივისა” და ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა, ჯუმბერ მილორამ გადმოგვცა.
პატიმრის განმარტება, რომელიც გამოკითხვის ოქმშია ასახული, 2011 წლის 13 სექტემბერს, რუსთავის №17 საპატიმრო დაწესებულებაშია შედგენილი და ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ:
”ჩემი ადვოკატი, ბატონი ჯუმბერ მილორავა უკვე მეორედ მოვიდა ჩემთან, რათა დაიცვას ჩემი უფლებები, რომელსაც მე მილახავენ, იმის გამო, რომ მოვითხოვე სამედიცინო გამოკვლევა ხერხემალზე, ღვიძლზე, თავზე, ნაღველზე და კუჭ-ნაწლავზე. მივიღე უარი ლაშა ბრეგაძედან. მან მითხრა, რომ თუ არ შევწყვეტდი მოთხოვნას, დამემუქრა წლების დამატებით და ასევე ფიზიკური ლიკვიდაციით.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემს მიმართ მორალური ზეწოლა და პროვოკაციები, რათა გამოვეყვანე მდგომარეობიდან და ჩემს მიმართ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე. დირექტორი მაკითხავდა საკანში და ახორციელებდა მუქარას, სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეს გრძელდებოდა დაახლოებით ერთი წელი.
ამასთან დაკავშირებით, მე მოვითხოვე კონტროლზე აეყვანათ ჩემი უსაფრთხოება, რათა არ მომხდარიყო ჩემს მიმართ დანაპირები მუქარის აღსრულება. მე გონივრულად ვფიქრობ, რომ ჩემი სხვა კოლონიაში ეტაპირების დროს მოიყვანენ ჩემს მიმართ განხორციელებულ მუქარას სისრულეში.
ასევე მე ვაცხადებ, რომ ვარ მორწმუნე ადამიანი, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თვითმკვლელობის შესახებ, რასაც მე არ ჩავიდენ. ამიტომ, თუ მოხდა ჩემი გარდაცვალება ჩამოხრჩობით, ან სხვა თვითმკვლელობის მახასიათებელი ფაქტებით, იცოდეთ, რომ ეს ჩემი ჩადენილი არ იქნება”.
როგორც ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ გვითხრა, მსჯავრდებული ივანე ძაგნიძე საპატიმრო დაწესებულებიდან ტელეფონით დაუკავშირდა ”ობიექტივსა” და ”წინააღმდეგობის მოძრაობას” და სამართლებრივი დახმარება ითხოვა. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში მილორავა.
”მანამდე ამ ადამიანმა არაერთხელ მოითხოვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა და გამოკვლევების ჩატარება, რასაც საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა მოჰყვა, რათა მას ანალოგიური აღარ მოეთხოვა და ასეთ სისასტიკეში ყოფა გაეგრძელებინა (რაც წამების ტოლფასია). ეს მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. როცა დაინახა, რომ მისი უფლებები ამგვარად ირღვეოდა, ტელეფონით დაუკავშირდა ”ობიექტივსა” და ”წინააღმდეგობის მოძრაობას” და სამართლებრივი დახმარება ითხოვა.
ამ ადამიანს პირველად დაახლოებით ერთი კვირის წინ შევხვდი; გამოკითხვის ოქმში ის დაწერა, რასაც 13 სექტემბრით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში წერს, მაგრამ მაშინ ეს ინფორმაცია საჯაროდ არ გამოგვიქვეყნებია. საპატიმრო დაწესებულების დირექტორთან შეხვედრა ვცადე, მაგრამ მითხრეს, რომ მნიშვნელოვან დავალებაზე იყო გასული და მის მოადგილეს ვესაუბრე. ის, რაზეც მსჯავრდებულმა ისაუბრა, დირექტორის მოადგილემ კატეგორიულად უარყო და სიტყვიერი პირობა მომცა, რომ ივანე ძაგნიძეს სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებდნენ, მაგრამ მოგვიანებით შევიტყვე, რომ ყველაფერი პირიქით მოხდა.
ივანე ძაგნიძე ტელეფონით ხელმეორედ დაგვიკავშირდა და ჩემთან შეხვედრა დაჟინებით მოითხოვა. მე მას ხელმეორედ 13 სექტემბერს შევხვდი. მითხრა, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა ასევე მისი ოთახიდან ტელევიზორი გამოიტანეს. ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლითაც სხვა პატიმრების თვალწინ ამცირებენ, დედას აგინებენ...
ეს ადამიანი ერთადერთს ითხოვს - მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. მას პირობა მივეცი, რომ მის განმარტებას უფლებადამცველების და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურამდე მივიტანდი. მას ცილს ვერავინ დასწამებს იმაში, რომ წინ აქვს ხანგრძლივი პატიმრობა და ამიტომ, თეთრის შავად წარმოჩენას ცდილობს. ივანე ძაგნიძეს სულ რაღაც ორწელიწადნახევარი დარჩა მოსახდელი. მას გარეთ გამწარებული მეუღლე ელოდება”, - ამბობს ჯუმბერ მილორავა.
მსჯავრდებულ ივანე ძაგნიძეს ამჟამად ყავარჯნების გარეშე გადაადგილება უჭირს. ადვოკატს უთხრა, რომ მას შემდეგ დაინვალიდდა, რაც ერთ-ერთ საპატიმრო დაწესებულებაში სცემეს და ხერხემალი დაუზიანეს.
მსჯავრდებულ ივანე ძაგნიძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების ირგვლივ 14 სექტემბერს, პირველის ნახევარზე მედია-კავშირ ”ობიექტივის” სტუდიაში, ადვოკატები: ჯუმბერ მილორავა და ელგუჯა ჩხაიძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ და ჟურნალისტებს 13 სექტემბერს, პატიმრის ხელით დაწერილ განმარტებას გადასცემენ.
"ობიექტივი"