ყოფილი გრენქარხანის შენობიდან დევნილების გასახლება მიმდინარეობს
11:50 02.08.2011
ამ წუთებში დევნილთა 20 ოჯახის გასახლება შალვა დადიანის ქუჩა # 21–დან, ყოფილი გრენქარხანის შენობიდან მიმდინარეობს. სამმართველოს რეგიონული წარმომადგენლები, გოჩა ელერჯია და ლევან მიქავა ფოთში, კერძოდ მალთაყვაში წამსვლელთა სიებს ადგენენ.
გრენქარხანის ტერიტორიაზე მობილიზებულია ხუთ სატვირთო მანქანა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ დევნილთა ახალ ობიექტში შესახლება ფოთში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან მიქავა ესაუბრა დევნილებს და უთხრა მათ, რომ გზის ხარჯებს მთლიანად სამმართველო გაიღებს, იმ ოჯახებისთვის კი, რომლებიც დღეს ყოყმანობენ და უარს ამბობენ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე, პასუხი არ აქვს თუ რა მოელით. დევნილები მოსალოდნელი გასახლების თაობაზე ერთი დღით ადრე, მხოლოდ გუშინ გააფრთხილეს. იძულებით გადაადგილებულ პირთა უკმაყოფილების მიზეზიც გვიან დაუწყებაა. Livepress.ge-სთან დევნილები აცხადებენ, რომ მათ ძალიან ცოტა დრო მისცეს მოსამზადებლად და დასაფიქრებლად. მიუხედავად ამისა მათი ნაწილი მალთაყვაში უკეთესი პირობების, დასაქმების იმედით მიდის, დანარჩენი კი იმ მიზეზით უარობს, რომ ზუგდიდში მუშაობენ. ამას გარდა ოკუპირებულ გალის რაიონში თხილიც აქვთ, რაც მათი შემოსავლის ერთ ერთი ძირითადი წყაროა. დევნილებმა სამმართველოს უფროსისგან 15 დღიანი ვადა ითხოვეს მოსაფიქრებლად, თუმცა ლევან მიქავა მათ თხოვნას არ გამოხმაურებია. შეგახსენებთ, გრენქარხანის დევნილთა ჩასახლებაში დღემდე სულ 40 ოჯახი ცხოვრობდა.
დევნილთა გასახლების პროცესი დაიწყო გრიბოედის ქუჩაზე
ამ წუთებში ზუგდიდში გრიბოედოვის ქუჩაზე, ყრუ-მუნჯთა საზოგადოების ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილების გასახლების პროცესი მიმდინარეობს.
დასახლებაში სადაც 33 ოჯახი ცხოვრობს, ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენლები გუშინ მივიდნენ და გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ დღეს მათ მალთაყვაში გადაიყვანდნენ. ყველა მობინადრემ თანხმობა განაცხადა, თუმცა დღეს მალთაყვაში დევნილთა მცირე ნაწილი გადაყავთ. ” სამმართველოს წარმომადგენლებს სიები შედგენილი ჰქონდათ და ჩვენც ვიყავით იქ ჩაწერილი, თუმცა დღეს გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე თქვენი წაყვანა ვერ ხერხდებაო”, ამბობს სოხუმიდან დევნილი თეა ქაჯაია. მისივე თქმით, დევნილები დიდი ხანია სამმართველოს სხვაგან გადაყვანას სთხოვენ, რადგან მათ საცხოვრებელ შენობაში გაუსაძლისი პირობებია.
#6 ბაღში ჩასახლებული დევნილები გასახლებაზე გააფრთხილეს
13:35 02.08.2011
ყოფილი გრენქარხანის შენობიდან დევნილების ფოთში ახალ რაიონში გადაყვანის შემდეგ, კოსტავას ქუჩაზე #6 ბაღში ჩასახლებულ ოჯახებს გაასახლებენ.
აქ მცხოვრები დევნილები livepress.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ მათთან გუშინ დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლები მივიდნენ, გასახლების თაობაზე გააფრთხილეს და მოსამზადებლად 3 დღე მისცეს. ბაღში ათამდე დევნილი ცხოვრობს. დევნილების თქმით, ისინი გასახლების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ფოთში დასაქმებას ითხოვენ.
livepress.ge საბავშვო ბაღებიდან დევნილთა შესაძლო გასახლებაზე ჯერ კიდევ 19 ივლისს წერდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეკა გულუამ ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში მაშინ სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ „ზუგდიდის ბაღებიდან დევნილების გამოსახლება ჯერ არ იგეგმება“.
livepress.ge