ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი
15:26 26.07.2011
ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ.
სტრუქტურულ ჰომოფობიაზე ("უფლება არ გაქვს იქორწინო") სწორს პასუხს ინტერნალიზებული ჰომოფობია (შენ ნორმალური ხარ, მეც მინდა შენსავით ნორმალური ვიყო) ვერასდროს გასცემს. თუ გწამს, რომ ავადმყოფი ხარ, იურიდიული ფურცელი საწინააღმდეგოში ვერ დაგარწმუნებს.
სისტემის მიერ არანორმალურად მიჩნეული ყველა "განსხვავებული" მწყერი ვერ იქნება, რა თქმა უნდა.
რატომ?
სექსუალური, ემოციური და გონებრივი თავისუფლება ორიენტაციისა და იდენტობების საზღვრებზე არ გადის. არ შეიძლება სექსუალური ორიენტაციის თუ იდენტობის საფუძველზე განსაზღვრო, რას უნდა მოელოდე ადამიანისგან, რა არის მისი მისწრაფებები.
ადამიანებს სხვადასხვა (წარმოსახული) ინტერესები აქვთ. ერთ გეის შეიძლება ლამის ტრადიციული ოჯახის აწყობა სურდეს, სურდეს მოერგოს საზოგადოებისა და საკანონმდებლო სივრცის მიერ მოცემულ სტრუქტურებს, არაფერი ახალი და სხვებისთვის უცხო არ შექმნას და განორმალურდეს (ევფემიზმი: ინტეგრაცია); სურდეს რომ ჩაჯდეს იმ ოჯახის ინსტიტუტში, რომლის საფუძვლებშივეა გენდერული ჩაგვრა (მიზოგინია და ჰომოფობია) და რომლის საფუძვლებში ის ყოველთვის იქნება.
ამ დროს, მეორე ადამიანს, თუნდაც სთრეითს, შეიძლება საერთოდ არ იზიდავდეს ეს პატრიარქალური ძველი გადმონაშთი და საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრების მოთხოვნილება თუ აქვს, მას კარიკატურული ფორმალური სახე არ მისცეს, საკუთარი თავი, ისევე როგორც საყვარელი ადამიანი, უღელში ჩართულ ხარს არ მიამსგავსოს, რომელსაც სიყვარულის ნაცვლად სხვისთვის ხვნა და პატარა წიქარების ჩაბარებაღა ევალება.
ამიტომაც ვამბობ ხოლმე – ქვიარი არ არის ‘გაურკვევლობა’ და მოდა, ქვიარი სწორედ ის არის, როცა იცი, რა გავნებს და რა – გილამაზებს ცხოვრებას. ქვიარი ნიშნავს, შეინარჩუნო საკუთარი მეობა და ავტონომია და გააცნობიერო, რომ ამისთვის თუნდაც პასიური ბრძოლაა საჭირო (სასაცილო მიმიკრიაზე უარის თქმა), მიუხედავად იმისა, საკუთარი სქესი გიზიდავს თუ საპირისპირო… თუ ორივე… თუ საერთოდ არცერთი (რა შუაშია!).
ეკლესიის, სკოლის, ინტელიგენციის, მასკულტურის თუ მშობლების მიერ ნაკარნახევი და სახელმწიფოს მიერ გაფორმებული ყალბი მონოგამიისადმი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ადამიანურად სრულიად გასაგებია, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი თუ ტრანსგენდერი “ქორწინებისკენ” მიისწრაფოდეს. გასაგები და ახსნადია – ყველას აქვს უფლება, ბრმა იყოს იმ სტრუქტურებისადმი, რომელიც მას მთელი ცხოვრება აუბედურებს და ვერასდროს მიიღებს, მაქსიმუმ – შეიწყალოს, მოითმინოს, აიტანოს…
ისიც მესმის, რომ რიგ ქვეყნებში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებით თითქოს ამ ინსტიტუტის შინაარსის სუბვერსია ხდება. ესეც სრული ილუზია და გადმოგდებული ანკესია, თუმცა სათავეს რომ დავუბრუნდეთ:
როდესაც არის აკვიატება…
…სისტემა დაარწმუნო, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და კაცს შორის შემდგარი ცუდი კავშირი არ არის, მჩაგვრელი ინსტიტუტები და რეპროდუქცია თურმე არაფერ შუაშია, სიტყვა გათხოვება, დედა, მამა და ბარე მამამთილიც არ არსებობს და იქნება და კლუბში მიგიღონ.
…და ამ მარაზმის მაგივრად არ გიჩნდება კანონზომიერი სურვილი:
- შექმნა ახალი სტანდარტი რომანტიკული თანაცხოვრებისა, რომელსაც ძველი სახელი ბუნებრივად ვერ დაერქმევა.
- უფლებრივად გაათანაბრო ეს ახალი სტანდარტი და თავადაც ამით გათანაბრდე სხვასთან ისე, რომ ჰეტერონორმატიულ რელიკვიებს ‘ქორწინებას’ და ‘ოჯახს’ არ წაეპოტინო…
მაშინ მაპატიე, მაგრამ ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად – ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვს. პრობლემა გაქვს, რადგან გინდა გაღიაროს იმ სისტემამ, რომელიც არა მხოლოდ უფლებრივად, არამედ მორალურადაც უპირატესი მიგაჩნია, საკუთარი თავი კი – უარესი. უპირატესი და უფრო გონიერი რომ მიგაჩნდეს თავი, ეკლესიისა და ჰეტეროსექსისტური ნორმების სტანდარტი ვერ მიგიზიდავდა, ემოციურად შეუძლებელია.
—
როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანებს სრული უფლება აქვთ, იბრძოლონ ამ მარაზმისთვის ან მოიწონონ ის – ეს მათი არჩევანია, თუმცა ერთსქესიან ქორწინებას იმდენივე აქვს საერთო სექსუალურ და გენდერულ გათავისუფლებასთან, რამდენიც სამარხვო კატლეტს – ხორცთან. მეორე გვაქვს ქვეყანაში და პირველით თუ არ გავაფორმებთ ქართული ლგბტ მოძრაობა თავს, მხოლოდ მომგებიანი იქნება.
ეს ის შეცდომაა, რასაც ვიწროდ ჩაკეტილი, ‘იდენტობაზე’ დაფუძნებული ინტერესთა ჯგუფების ჩალიჩი იწვევს, რომლისთვისაც თანმდევია გეების ლესბოსელებისგან გაუცხოება, ამ ორივესი – სთრეითებისგან, ხოლო ყველა ამათის – მემარცხენე განმათავისუფლებელი ტრადიციისგან. თვითმფრინავის ნაწილი თავისით მარტო ვერ ფრინავს.
livepress.ge