01:00 31.07.2011
"პეპსი საქართველოს მიერ დაწყებული კიდევ ერთი გათამაშება მომხმარებლების მოტყუებით დასრულდა" – ასე აფასებენ მსოფლიო ბრენდის წამოწყებას ინტერნეტმომხმარებლები. კომპანიამ აქცია ივლისის პირველ რიცხვებში დაიწყო და ტელეკომპანიების მეშვეობით საზოგადოებას აუწყა, რომ თითოელი ბოთლის მყიდველს საშუალება ჰქონდა მოეგო 100 ველოსიპედი, 200 როლიკი და 20 000 უფასო პეპსი. გათამაშების პირობების თანახმად პრიზის მფლობელი გახდებოდა ის მყიდველი, რომელიც საცობის ქვეშ პრიზის ლოგოს აღმოაჩენდა.
გათამაშებას, რომელში გამარჯვებული ვერ ვიპოვეთ, სოციალურ ქსელებზეც არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. facebook-ზე რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად "ექსტრემალურ ზაფხულში" ერთი ბოთლი სასმელიც კი ვერ მოიგეს:
ნანა: "საერთოდ არაფერი მომიგია. წლებია პეპსის ვყიდულობ."
გუკა: "ერთი თვეა ყოველ დღე თითო ბოთლს ვყიდულობ, მაგრამ არაფერი მომიგია. ადრე მოვიგე ფოტოაპარატი და წუნიანი აღმოჩნდა."
ილია: "წელიწადზე მეტია ყოველდღიურად ვყიდულობ პეპსის და არცერთ გათამაშებაში არ მომიგია არაფერი. კოკა–კოლაც ატარებდა ხოლმე გათამაშებებს, არც იქ გამმართლებია მაინცდამაინც, მაგრამ ერთ ბოთლ სასმელს მაინც ვიღებდი საჩუქრად. რაც უნდათ ის ქნან, ვის რაში უნდა მათი საჩუქრები, მაგრამ ნუ გვატყუებენ!"
ჰყავს თუ არა რეალურად გათამაშებას მოგებულები? – ამ კითხვით ჩვენ კომპანიას მივმართეთ. როგორც პეპსის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს თითოეული იღბლიანის და მათთვის გადაცემული პრიზის შესახებ ინფორმაცია საიტზეა განთავსებული. pepsi.ge–ზე მართლაც არის გამოქვეყნებული რამდენიმე მცირე ხარისხის ფოტო, მაგრამ იქ აღბეჭდილი პირები ქართველები არიან თუ აფრიკის რომელიმე ფერადკანიან ტომში მცხოვრებლები ვერ გაარკვევთ....