ეს უკვე ის საუკუნეა, როცა ლიდერებს არც ბაზალეთის ტბის ძირას ეძებენ და არც თეთრ ცხენებსა თუ შავ რაშებზე ამხედრებულებს. ამ საუკუნემ ხალხურ შემოქმედებას თავისი ტექნოლოგიები აჩუქა. ყველაფერი განსაკუთრებული ხომ საქართველოში უნდა მოხდეს. ჰოდა, პირველად „ფეისბუქზე“ გამოჩნდა საქართველოს „პრეზიდენტიც“. ლევან ვასაძე სწორედ აქ აკურთხეს პრეზიდენტად. კურთხევის ცერემონიალიც საკმაოდ განსხვავებული იყო ხალხური შემოქმედებისგან.
გაზიარება
[18:30 30-11-2010]
თუ ბაზალეთის ტბის ძირას დაბადებულისგან საგმირო საქმეებს ელოდნენ, თუ ცხენზე ამხედრებული აუცილებლად რაინდი უნდა ყოფილიყო და მის საგმირო საქმეებზე ეპოსები ეწერათ, ტექნიკამ, როგორც ჩანს, აქაც ყველაფერი გაამარტივა.
ლევან ვასაძემ ჩოხა ჩაიცვა, საკუთარი ლექსი ემოციურად წაიკითხა (მართლაც მშვენიერი ლექსი) და ეს საქართველოში საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატად მოენათლათ.
და ახლა მნიშვნელობა არა აქვს, მან ეს ლექსი ამ მიზნით დაწერა თუ არა, მთავარი ის არის, რომ საქართველოში ვერავის ვერაფრით გააოცებ. აქ შეიძლება ტუჩთან შავი ხალი გქონდეს და თავი უკვე პრეზიდენტი გეგონოს.
„ფეისბუქზე“ პირველი კომენტარებიც გაკეთდა. ბევრი ირონიული: ჩოხა თუ აცვია და ლექსს თუ კითხულობს, ესე იგი პრეზიდენტიაო? ზოგიერთებმა კი აქცენტი ვასაძის სიმპათიურ გარეგნობასა და ლექსზე გააკეთეს, რომელიც ძალიან მოეწონათ...
ptpress.ge