ზუგდიდის თითქმის ყველა მცხოვრებმა იცის, რომ რუსთაველის ქუჩაზე განთავსებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში, სადაც 52-მდე თანამშრომელი მუშაობს, დევნილი მოქალაქეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.
გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 19:32 01-10-2010]
ამბავი, რომლის შესახებაც ახლა უნდა მოგითხროთ, წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ნონა უბილავამ „ახალ 7 დღეს“ უამბო. მისი თქმით, სამსახურიდან სწორედ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ სამუშაო საათებში უსაქმურობაზე უარს ამბობდა და დევნილების უფლებების დაცვას ცდილობდა. უბილავა ზეწოლაში და პირადი შეურაცხყოფის მიყენებაში უფროსის მოადგილეს გელა კილასონიას ადანაშაულებს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის გიორგი ბარამიას კლასელია.
„ამ წარმომადგენლობაში მიაჩნიათ, რომ თუ პიროვნება შენზე მაღლა დგას თანამდებობრივად, მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოგაყენოს შეურაცხყოფა. აქ უხეშად ირღვევა თითოეული თანამშრომლის, საჯარო მოხელის, დევნილის უფლებები“, – აცხადებს ნონა უბილავა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ ამ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ ხურცილავამ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უბილავამ „ახალ 7 დღეს“ უთხრა, რომ აფხაზეთის მთავრობის ლეგიტიმური წარმომადგენლობა სამეგრელოში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს.
ნონა უბილავა: „დიდი ხნის განმავლობაში ვხედავდი, რომ ამ სამსახურში ცნება „დევნილთა უფლებების დაცვა“ არ არსებობდა. აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლობაში ურთიერთობები არ არის მუშაობაზე დამოკიდებული – აქ არავინ აკეთებს საქმეს. გიორგი ბარამიას გუნდის წევრები სამსახურში სხვებზე მბრძანებლობენ და თანამშრომლებს ხმის ამოღებას უკრძალავენ – უკანონობის წინააღმდეგ.
დაპირისპირება მომივიდა ბარამიას კლასელთან გელა კილასონიასთან, რომელიც სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში ხშირად დადის და თანამშრომლებს პირად შეურაცხყოფას აყენებს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა არის წარმონაქმნი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს, სახელმწიფო კურსისგან განსხვავებული პოლიტიკით.
უფროსის მოადგილე გელა კილასონია, რომელიც სოხუმელია, აფხაზეთის მთავრობაში დახმარების თხოვნით მოსულ გალელებს მოღალატეებს უწოდებს, რაც, ჩემი აზრით, უკანონობაა, ის აგრეთვე საქართველოს მტრებად მიიჩნევს იმ ქართველებს, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
ჩემთვის ძნელი იყო ამ უკანონობის მოთმენა. გავაპროტესტე და გამათავისუფლეს კიდეც...“
უბილავას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გელა კილასონია, მისი თქმით, დათხოვილი თანამშრომელი უდისციპლინო და უპასუხისმგებლო ქალი იყო, რომელიც სამსახურიდან გაცდენის და დაგვიანების გამო გაანთავისუფლეს. გელა კილასონია მასა და ნონა უბილავას შორის არსებულ დაპირისპირებასაც არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მიზეზი აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის საქმიანობას არ უკავშირდება...
ნონა უბილავამ, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს გელა კილასონიას შეურაცხმყოფელი განცხადების გამო. „ასევე, მე მივმართავ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეისწავლონ ზუგდიდში განთავსებული აფხაზეთის წარმომადგენლობაში არსებული ვითარება. შეუძლებელია, გალელებს მოღალატეები უძახო, რომ ვიღაც იყოს ერთმმართველი და რაც მოეპრიანება, ის გააკეთოს,“ – დაასკვნა ნონა უბილავამ.