ყოფილი სახელმწიფო მინისტრი უკვე ყოფილი პოლიტიკოსიც ხდება... გოგა ხაინდრავა საქართველოდან სამუდამოდ წასვლას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით არ იცის, რომელ ქვეყანაში გააგრძელებს ცხოვრებას.
გაზიარება
[ლალი პაპასკირი. 20:36 18-08-2010]
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ ესპანეთში მხატვრულ ფილმს იღებს, ერთი იძულებით ემიგრანტი ქართველის ოჯახის ისტორიაზე...
გოგა ხაინდრავას რიგით მესამე მხატვრულ ფილმს ესპანეთის ქალაქ დენიაში გადაიღებენ, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოში მას ასეთი შინაარსის ფილმის გადაღების უფლებას ხელისუფლება არ მისცემს.
- ვიცი, რომ ესპანეთში იყავით და ახალ ფილმზე მუშაობთ, რაზეა ეს ფილმი?
- დიახ, სხვათა შორის, საინტერესო ადგილას ვიყავი; ალიკანტესა და ვალენსიას შორის არის ძველი იბერების დედაქალაქი, დენია; თავის დროზე ამ იბერებმა ნახევარკუნძულზე სახელმწიფო დაარსეს. ისინი ჩვენი წინაპრები არიან, თავის დროზე იქ დასახლდნენ, ხოლო მათი ნაწილი საქართველოში წამოვიდა და აქ დაფუძნდნენ... როგორც ცნობილია, იბერები შუამდინარეთიდან წამოვიდნენ, რომელთა ნაწილი კავკასიაში დარჩა, ხოლო მეორე ნაწილი იბერიის ნახევარკუნძულზე დასახლდა.
სხვათა შორის, იბერია ჰქვია ესპანეთს და ესპანეთის ავიახაზებსაც "იბერია" ჰქვია... ასე რომ, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, საკუთარ დედაქალაქში ვიყავი. იმავეს ვეუბნებოდი ესპანელებს - ამ ქალაქის ერთ-ერთი დამაარსებელი მეც ვარ-მეთქი, რაზეც მეგობრულად იცინოდნენ.
ფილმის სცენარზე ჩემს მეგობართან, ავგუსტ სუკუტთან ერთად ვმუშაობდი. ის წარმოშობით ლატვიელი გახლავთ, მაგრამ ბოლო ორი წელია, ესპანეთში ცხოვრობს. მისმა წიგნმა ლატვიაში წლის საუკეთესო წიგნის ჯილდო მიიღო. ესპანეთში საპროდიუსერო კომპანიას ფლობს. თებერვალში თბილისში იყო ჩამოსული და მაშინ დავიწყეთ ფილმის სცენარზე მუშაობა, ესპანეთში დავასრულეთ და საპროდიუსერო ცენტრს ჩავაბარეთ. ეს ფილმი ოთხი თაობის ქართველ პოლიტემიგრანტებს ეხება. პირველი გმირი 1921 წელს იძულებული ხდება, საქართველო დატოვოს, რადგან აქ მეთერთმეტე არმიის სახით წითელი ურდოები შემოდიან. ამ ოჯახის შთამომავალი, დავითიც იძულებულია, საქართველო დატოვოს - ეს უკვე სააკაშვილის რეჟიმია, 7 ნოემბრისა და აგვისტოს მოვლენებით...
- ფილმის სახელი ჯერ არ მოგიფიქრებიათ?
- ჯერ არა, სათაური ძალიან მნიშვნელოვანია... ეს იდეა საფრანგეთში ყოფნისას გამიჩნდა და დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდოდა. კარგად ვიცნობ სალომე ზურაბიშვილის ოჯახს, ასევე კარგად არის ჩემთვის ცნობილი ვიქტორ ხომერიკის ოჯახის ისტორია... მსახიობებზე ჯერ არც არის ლაპარაკი, ახლა ფინანსების მოძიება დაიწყება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ ფილმს საქართველოში არ გადავიღებ. აქ ამის საშუალებას არ მომცემენ. ალბათ ისევ ესპანეთს ავირჩევ.
- ბატონო გოგა, თქვეს, ამ ფილმს მოსკოვი უფინანსებსო...
- რას ამბობთ, რუსეთში პერსონა ნონგრატად ვიყავი გამოცხადებული... კარგით რა, ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს საზიზღარი პროპაგანდა. ნაგვის ურნიდან დაწყებული ყველგან აგენტები ელანდებათ. ასეთი დამოკიდებულება თქვენ, ჟურნალისტებს უფრო გაგდებთ უხერხულობაში, ვიდრე მე... 2007 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ამაზე ლაპარაკობენ და თუ სამშობლოს ვღალატობ რუსული ფულის სანაცვლოდ, რაღაცაში ხომ უნდა გამოვლინდეს?! შეიძლება, ქალს მუდმივად ეუბნებოდე, ორსულად ხარო?!..
სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთს ემსახურებიან სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბენდუქიძე, ძმები ბეჟუაშვილები, ადეიშვილები და ეს კონკრეტულ საქმეებში ჩანს, გადაცემულ კოდორისა და ახალგორის რაიონებში და რომელი ერთი ჩამოვთვალო... რატომ დააფინანსებს ფილმს რუსეთი, სადაც იგი ბოროტ ძალად არის წარმოჩენილი?!.. ეს ხალხი საკუთარი ქვეყნიდან რუსეთის ძალადობას გაურბოდა და ასეა დღესაც.
- ფილმის გადაღებაზე გადართვა ნიშნავს, რომ აქტიური პოლიტიკიდან მიდიხართ?
- პოლიტიკიდან კი არა, ქვეყნიდან წასვლას ვაპირებ. მე აქ ცხოვრება აღარ მინდა. არ ვიცი, სად, რომელ ქვეყანაში გადავიხვეწები, მაგრამ სირცხვილში ცხოვრება აღარ მინდა.... ყველა ფასეულობა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დაიკარგა. სამშობლო, წარსული, აწმყო, მომავალი, ღირსება აბსტრაქტული კი არა, კონკრეტული ცნებებია და როცა მე დაუფარავ და ანგარებიან ღალატს ვხედავ ჩემი ახლობლების, მეგობრებისა და საზოგადოებისგან, როცა ვხედავ ლაჩრობასა და სულმდაბლობას, წმინდა საბჭოურ მოვლენებს, აქ ცხოვრების სურვილი მეკარგება.
- გულგატეხილი ჩანხართ...
- ძალიან გულგატეხილი ვარ... არ ვიცი, სად წავალ, მაგრამ აქ გაჩერება არ შემიძლია, ეს არის ფსიქიატრიული კლინიკა, რომელიც ფეკალიებით არის გავსებული. მე კი სიძულვილით აყროლებულ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა. თუ ამ ქვეყნის საზოგადოებას შეუძლია ცხოვრება და შეგუება, მე არ მინდა და მივდივარ...
თუ ქართველი ხალხი ამ რეალობის შეცვლას მოინდომებს, ოღონდ საარჩევნო გარემოს შეცვლითა და სისულელეებით კი არა, სხვა გზით, ჩემს ხალხთან დავდგები... მეგონა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ სააკაშვილის შესაცვლელად ვიბრძოდით და თურმე აღმოჩნდა, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა გვნდომებია. ანუ პრობლემა სააკაშვილში კი არა, საზოგადოების თვითშეგნებაშია, ნორმალურ და ღირსეულ საზოგადოებაში მიშასნაირი მანქურთები და კერპები არ ჰყავთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება დაავადებულია...
ეს შიზოფრენიკი ამბობს, მილიონი ტურისტი იქნება მესტიაში, 2 მილიონი ბათუმში და 3 მილიონი ანაკლიაშიო და ტიტველი დარბის, ხალხი კი მას ტაშს უკრავს... მაინცდამინც შარვალჩახდილმა უნდა გაიროს რუსთაველზე, რომ ეს საზოგადოება მიხვდეს, გიჟია?!... ახლახან კოლუმბიაში, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გავარდა, მაგრამ კოკაინით გაიჟღინთა და იქამდე ვეღარ მიაღწია. პრეზენტაციაზე არც კი გამოჩენილა... დენთის კასრის გარშემო დარბის ასანთით და კაცმა არ იცის, როდის წაუკიდებს. ერთხელ უკვე წაუკიდა. მაშინ მთელი მსოფლიო ჩაერთო და გადავრჩით, მაგრამ როდის გაიმეორებს, კაცმა არ იცის...
ისე კი, ჩემთვის საქართველო 12 აგვისტოს მოკვდა, როცა ცხინვალში დახოცილ ბიჭებს ხელისუფლება პარლამენტის წინ ზეიმობდა და მათთან ერთად იყო ხალხიც... როცა სააკაშვილი ცხინვალში დაღუპული ორი ბიჭის ოჯახს ესტუმრა და მათმა მშობლებმა მას ხელები უკოცნეს, ამ სურათის დანახვამ შემძრა... არადა, დაღუპული ბიჭების ცხედრები სააკაშვილისა და ლომაიას ბრძანებით არ გამოჰქონდათ ცხინვალიდან, რათა მსოფლიოს ენახა, თუ რა სიავეს აკეთებდა რუსეთი, რომ ისინი ქართველი მეომრების გვამების გატანის ნებას არ აძლევდნენ... იქნება ვინმემ ამიხსნას, იმ ბიჭების დედ-მამა რისთვის უხდიდა მადლობას სააკაშვილს? მეტი უბედურება რა უნდა დამართოს ამ კაცმა მათ ოჯახს?!.. ზოგჯერ მგონია, რომ ამ საზოგადოებას ფიქრისა და აზროვნების უნარი აქვს დაკარგული.
- საზოგადოებაში მოისმენთ საყვედურს ოპოზიციის მისამართითაც. ხალხს ახსოვს ოპოზიციონერი ლიდერების უსაფუძვლო დანაპირებიც...
- დიახ, მაგრამ ჩვენ არავინ მოგვიკლავს და არც ტერიტორიები დაგვიკარგავს... ის იმიტომ არის კარგი, რომ მე ცუდი ვარ?! ან იმას იმიტომ ეგუებიან, რომ ვერ მოვერიეთ?.. ვერ მოვერიეთ კი არა, მიწას დავანარცხეთ, მაგრამ მოვიდა ბუში და თავში კომბალი გვგლიჯა. ქართული ოპოზიცია ამერიკის ადმინისტრაციას ვერ მოვიერიეთ, თორემ სააკაშვილი მიწაზე გავაბრტყელეთ და ლევან გაჩეჩილაძემ მასზე ფეხები გაიწმინდა, მაგრამ მერე საქმეში ამერიკა ჩაერთო, რომელიც ზუსტად ისეთივე ბოროტების ბუდეა, როგორიც რუსეთი.
ოღონდ შენიღბულები არიან ფულებით, ყალბი ღიმილით და ვითომ ნატოთი. რუსების წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ამერიკის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ მის ნამდვილ სახეს უკვე კარგად ვიცნობთ, ამერიკის ნამდვილი სახე კი ქართულ საზოგადოებას ჯერჯერობით არ უნახავს, მაგრამ როცა ნახავს, გვიანი იქნება...
- ოპოზიცია შემოდგომიდან გააქტიურებას გეგმავს, თქვენ რას აპირებთ?
- დავდგები იქ, სადაც ჩემი ხალხი იქნება, მაგრამ იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის შეცვლა კონსტიტუციური გზით არის შესაძლებელი, სასაცილოა და ამას ვერ შევუერთდები.
- მაშ, რა გზას ირჩევთ?
- აჯანყებას... თუ ხალხი ამაზე არ წამოვა, კი ბატონო, ნუ წამოვა. შეიარაღებულ და სამხედრო გადატრიალებას კი არა, დაუმორჩილებლობას ვურჩევ საზოგადოებას... ამას ისევ საზოგადოებისთვის ვამბობ და თქვენი ჟურნალიდან მინდა, ჩემს ხალხს მივმართო, შეხედეთ რას ჰგავხართ, რამ დაგიჩლუნგათ პროტესტის გრძნობა...
7 ივლისს 55 წლის გავხდი, ეს ასაკი მაინცდამაინც დიდი არ არის, მაგრამ ბევრმა არც კი მომილოცა, არადა, ყველაფერი ჩემი შრომითა და ნიჭით მოვიპოვე, თანაც პატიოსნად. მერაბიშვილმა ჩემი ბიოგრაფია საბავშვო ბაღიდან მოყოლებული შეისწავლა და ერთი გადაცდენა რომ მქონოდა, დღეს ასეთი თავისუფალი არ ვიქნებოდი. სიმდიდრე თავზე არასდროს გადამდიოდა, მაგრამ ჩემი ნიჭის წყალობით გაჭირვებული არასდროს ვყოფილვარ... მთელ ამიერკავკასიაში საუკეთესო გალერეა დავაფუძნე, რომელიც რუსთაველის თეატრის პირდაპირ მდებარეობდა, ბეჟუაშვილმა სააკაშვილისა და უგულავას მხარდაჭერით წამართვა და იმ ადგილას სარეცხი მანქანების მაღაზია გახსნა...
სანამ ესპანეთში ვიყავი წასული, ძველ კინოსტუდიაში ჩემი სტუდია მქონდა და დამიწვეს. 18 სახანძრო მანქანა იდგა და უყურებდა როგორ იწვოდა იქაურობა... ამ ქვეყანაში სულიერი, ინტელექტუალური და მატერიალური საარსებო წყარო მომისპეს და მითხარით, რა მინდა აქ?!.. ჩემი გვარის ხალხს ყრიან სამსახურიდან.
- საქართველოდან წასვლის შემდეგ რას აპირებთ, პოლიტიკურ ცხოვრებას მთლიანად გამოეთიშებით?
- არა, სააკაშვილს ამ სიამოვნებას ნამდვილად არ მივანიჭებ... თუ სააკაშვილის გადადგომის რეალური მოთხოვნით აქციები დაიწყო და ქართულმა საზოგადოებამ მე პირველივე რიგებში არ მნახა, შეუძლია, ქვა მესროლოს... საქართველოში ახლა ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ეს განსაკუთრებით კარგად მაშინ შევიგრძენი, როცა ვითარებას გვერდიდან შევხედე და შევეცადე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისთვის ჩემი უცხოელი მეგობრების თვალით შემეხედა. ზოგი ესპანელია და ზოგი ბალტიისპირელი, კინოსტუდიაში მუშაობენ. საგანგაშოა უცხოური მედიისა და პრესის ანალიზი საქართველოს შესახებ. ჩვენ ვეღარ ვატყობთ, როგორ დავეცით და ვერც იმას ვატყობთ, რომ იმ ტოტალურ სიცრუეს, რაშიც ცხოვრება გვიწევს, გამართლება არ აქვს. ნორმალური, ცივილიზებული ადამიანებისთვის, ვისაც მაღალი პოლიტიკური დონე არ აქვთ და არც სჭირდებათ, სრულიად გაუგებარია, რისთვის და რატომ უნდა ითმენდეს ამას ქართული საზოგადოება. სხვათა შორის, მეც ძალიან მიკვირს...
"რეიტინგი"