ზუგდიდის ავტოსადგურში, დაახლოებით, 50 წლის მძღოლი სიგარეტს ნერვიულად ეწევა და მესტიაში მიმავალ მგზავრებს, იქვე განთავსებულ სალაროსთან ელოდება. „ფორდის" მარკის მიკროავტობუსის გადატყავებულ სავარძლებს შორის პატარა სკამებია ჩადგმული. ადგილები ნელ-ნელა ივსება. ავარიულ გზაზე 7- საათიანი დამქანცველი მგზავრობის შემდეგ, პირველი სვანური კოშკიც გამოჩნდა.
გაზიარება
[ლევან ჟორჟოლიანი. 11:09 08-10-2010]
სვანეთში ტურისტული სეზონი 1 ივნისს იწყება და 15 ოქტომბრამდე გრძელდება. მაცხოვრებლებისთვის მთავარ პრობლემად საგზაო ინფრასტრუქტურა რჩება. გზის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა დასრულებული არ არის. ამიტომ, წვიმის დროს, ტალახში ჩაფლული მანქანების ამოყვანა მხოლოდ ტრაქტორით თუ ხერხდება.
პირველი, რაც მესტიაში ჩასულს თვალში მომხვდა, ტურისტული ჯგუფების სიმრავლეა. ცენტრში, შენობები ხარაჩოებშია ჩასმული. რესტავრაცია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. სამუშაოები მანამდე უნდა დასრულდეს, სანამ დაბა თოვლით დაიფარება.
პრესის ჯიხურებს ამაოდ ვეძებ. სადისტრიბუციო ქსელის არარსებობის გამო მესტიამდე ჟურნალ-გაზეთები არ აღწევს. გაზეთს არ გამოსცემს ადგილობრივი გამგეობაც.
„ზუგდიდან რეისს ყოველდღე ვასრულებ, თუმცა არ მახსოვს ვინმეს ჩემთვის გაზეთი დაებარებინოს",- მეუბნება მიკროავტობუსის მძღოლი.
ეთერ გუჯეჯიანი მომცრო ჯიხურში წვრილმანებითა და სატელეფონო ბარათებით ვაჭრობს.
„ქალაქიდან პრესა რამდენჯერმე ამოვიტანე, თუმცა არც ერთი არ გამეყიდა, მივხვდი, რომ ჟურნალებით ვაჭრობა წამგებიანი იყო", მეუბნება ეთერი და ამ ფაქტს მაღალი ფასითა და მოსახლეობის ნაკლები ინტერესით ხსნის: „გაზეთი საშუალოდ 1 ლარი მაინც ღირს, ეს თანხა კი არავის ემეტება".
ამას ვერ ვიტყვით 17 წლის სალომე დადვანზე, რომელსაც ჟურნალ „სარკის" ყველა ის ნომერი აქვს შენახული, რომელშიც მის საყვარელ მომღერალზე რამე დაწერილა.
„ძალიან მიყვარს რობი უილიამსი, მის კლიპებს ტელევიზორით ყოველთვის ვუყურებ, ამიტომ ქუთაისელ მამიდაშვილებს ვთხოვ ხოლმე, ჟურნალები და პლაკატები შემიგროვონ".
მესტიაში , რაც თვალში გეცემათ სატელიტური ანტენის სიმრავლეა. „თეფშებს", ყველა სახლის სახურავზე შეამჩნევთ. თუმცა, ენობრივი ბარიერის გამო, მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროს ქართული ტელევიზიები წარმოადგენს.
მობილური ტელეფონით რადიოსიხშირის დაჭერას ვცდილობ, თუმცა ამაოდ.
ნელი ჩართოლანი მესტიის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, სამსახურის შემდეგ, საოჯახო მეურნეობას უძღვება და პირუტყვს უვლის. ნელის ოჯახში ტელევიზორი სულ ჩართულია, მისი ორი მცირეწლოვანი შვილი "cartoon network"-ზე მულტფილმებს უყურებენ, ისე რომ ენა არ ესმით.
„მე ინფორმაციას ძირითადად ტელევიზორიდან ვიგებ, რადგან გაზეთები აქ არ ამოდის და რადიოც არ იჭერს. გადაცემებით კმაყოფილი ვარ, ყველა ტიპის ადამიანი ნახავს მისთვის საინტერესო პროგრამას. ყველაზე მეტად მაინც „პროფილი" მიყვარს,რადგან უფრო ადამიანურია", ამბობს მესტიელი ნელი ჩართოლანი.
ტელევიზიების შეფასებისას ბევრად კრიტიკულია 67 წლის ვახტანგ ფილფანი. მისი თქმით, ქართული არხები „უმსგავსო" გადაცემებითა და სერიალებით არის სავსე.
„საინფორმაციო გამოშვებებში რეგიონებს არ აშუქებენ. მაგალითად, სვანეთი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც ვინმე უცხოელი ამოდის დასათვალიერებლად, არადა დაბაში უამრავი პრობლემაა", ამბობს ის.
ტელევიზიებს პროგრამებს უწუნებს ბესო არღვლიანი, რომლის თქმითაც „ყველა არხის გადაცემა ერთმანეთს ჰგავს."
სვანეთის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის ზაურ ჩართოლანის თქმით, რეგიონში ინტერნეტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს: „ჩვენი ცენტრი ტურისტებს 15- წუთიან კოსნულტაციებს სთავაზობს, რომლის დროსაც ვურჩევთ საოჯახო სასტუმროებსა და საექსკურსიო მარშრუტებს, მათი უმეტესობა ისეთ სახლებს ითხოვს, სადაც ინტერნეტია, ასეთი კი ერთი-ორია."
ჩართოლანი იმ შემთხვევას იხსენებს, როგორ ცდილობდა ჰოლანდიელი ტურისტი მესტიის სკვერში wi-fi სიგნალის დაჭერას.
მართლაც, მესტიაში ინტერნეტზე ხელი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს მიუწვდება.
ელგუჯა ნიგურიანმა 4 წლის წინ საგვარეულო კოშკს რესტავრაცია გაუკეთა და საოჯახო სასტუმრო მოაწყო. სტუმრებს, საკუთარ ნაკვეთში მოყვანილ პროდუქტს სთავაზობს. ტურისტების სიმცირეს არ უჩივის, თუმცა მათთვის ინტერნეტით სარგებლობის შეთავაზებას ვერ ახერხებს.
„ტურისტული სეზონი მხოლოდ სამ თვეს გრძელდება, სტუმრების მხრიდან მოთხოვნა არის, თუმცა მობილური ოპერატორების მოდემი იმდენად ძვირი ღირს, რომ ამის საშუალება ნამდვილად არ მაქვს", ამბობს ნიგურიანი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სვანეთი შეიცვალა, სასტუმროების მშენებლობის პარალელურად ტურისტთა ნაკადმაც იმატა, თუმცა ცივილიზაციამდე სვანეთს ბევრი რამ აშორებს.
media.ge