გაზიარება
[ნიკოლოზ ნეფარიძე. 20:57 19-06-2010]
ესპანეთის ნაკრების მოულოდნელი მარცხი უპირველესი თემაა ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო გუნდის ყოფილი თავკაცის, ევრო 2008-ის ტრიუმფატორი მწვრთნელის, ლუის არაგონესის აზრი იყო. მან კი "ალ ჯაზირაზე" ძალიან მკაცრად გააკრიტიკა დღევანდელი ნაკრები და მისი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე:
"უბურთოდ გუნდი ძალიან ნელა მოძრაობდა, სისწრაფეში ვერ ათავისუფლებდნენ სივრცეებს შეტევისას. ეს დიდი დარტყმაა ესპანური ფეხბურთისთვის და იმ იმედებისთვის, რაც ჩვენ ყველას გვქონდა, თუმცა სამყაროს დასასრული სულაც არ არის - ჯერ კიდევ რჩება ორი თამაში ჯგუფში. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ გუნდმა უღალატა ჩამოყალიბებულ სისტემას და ერთდროულად ორი დაცვითი ტიპის ნახევარმცველი გამოიყვანა, ტრადიციული ერთის ნაცვლად".
ვისენტე დელ ბოსკემ ჩვეული სიდინჯით უპასუხა კრიტიკოსებს და უპირველესად კი არაგონესს: "ყველანაირ კრიტიკას ვიღებ, თუკი ის აზრს მოკლებული არ არის. ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამს. არაგონესი ბრწყინვალე მწვრთნელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ფანტასტიკურ შედეგს მიაღწია. მე აქ იმიტომ არ ვარ, რომ ვინმესთან დებატებში შევიდე, ჩემი მისიაა გუნდი მაქსიმალურად კარგად ავათამაშო".
ესპანელი ფანები კი ვისენტე დელ ბოსკეზე მეტად წარუმატებლობას... იკერ კასილიასის გელფრენდ სარა კარბონეროს აბრალებენ. საიდან სადაო იტყვით, აი, რატომ არიან ამ აზრზე ესპანეთში - ყველა თანხმდება იმაში, რომ ჟელსონ ფერნანდესის გოლისას კასილიასმა მეტად არადამაჯერებლად ითამაშა. კასილიასის გერლფრენდი კი ჟურნალისტია, ის "ტელესინკოში" მუშაობს და თამაშის წინ სპეციალურ სიუჟეტს იღებდა კასილიასის კართან. მატჩის შემდეგ ინტერვიუში კი სარამ იკერს ჰკითხა, ეს როგორ მოგივიდაო. გულშემატკივართა დიდი ნაწილი გააღიზიანა სარას ყოფნამ სამხრეთ აფრიკაში, მით უმეტეს თამაშის წინ. მათ მიაჩნიათ, რომ გოგონამ გუნდში არასტაბილურობა შეიტანა და არია იკერი. "რა სისულელეა, ასეთ რამეს მართლა მაბრალებენ", - უკვირს თავად ჟურნალისტს.
"ლელო"