გაზიარება
[19:10 17-06-2010]
ხობის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, ცოტნე დადიანის საფლავს მიაგნეს.
ხობის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მკვლევარებმა უძველეს საძვალეს მიაკვლიეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" არქეოლოგიური ექპსედიციის ხელმძღვანელმა რევაზ პაპუაშვილმა განუცხადა, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ერთ-ერთი კედლის ქვეშ, რომელიც XIV საკუნეშია აგებული, კოლექტიური აკლდამა აღმოჩნდა.
"ვინაიდან კედელი მეთოთხმეტე საუკუნეშია აგებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ აკლდამა, მის ქვეშ, გაცილებით უფრო ადრინდელია. აკლდამას აქვს რამდენიმე ფენა, ანუ იქ წლების განმავლობაში იმარხებოდნენ სამეგრელოს დიდგვაროვნები, სავარაუდოდ, დადიანები", - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სამეგრელოს დიდი მთავარი ლევან II დადიანი თავის წინაპრების საძვალედ, სწორედ ამ ტაძარს ასახელებდა. იმ კედელზე კი, რომლის ძირშიც აკლდამა მდებარეობს, შერგილ და ნათელა დადიანების და მათი შვილის – ცოტნე დადიანის ფრესკაა გამოსახული.
"ის ფაქტი, რომ აკლდამა სწორედ ამ პირების ფრესკასთან მდებარეობს გვაძლევს უფლებას, ვივარაუდოთ, რომ აქ სწორედ ისტორიული გმირი – ცოტნე დადიანი და მისი მშობლები არიან დაკრძალულნი, თუმცა დაბეჯითებით ამის თქმა ძნელია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცოტნე დადიანი (XIII საუკუნე დაახლოებით 1260წ.) სამეგრელოს დიდგვაროვანი ფეოდალი უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტათავის შეთქმულებაში (1245), რომლის მიზანი იყო მონღოლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მონაწილეები დააპატიმრეს და ნოინს მიჰგვარეს. ქართველებს, რომლებიც შეთქმულებას უარყოფდნენ, გამოტეხის მიზნით, თაფლი წაუსვეს და მცხუნვარე მზის ქვეშ დასვეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა). ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლების ხვედრი. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა, რომ ქართველები აჯანყებას არ გეგმავდნენ და პატიმრები გაუშვეს.
ცოტნე დადიანი ქართული პოლიტიკური აზრისთვის საქართველოს პროგრესული ძალების კონსოლიდაციის, ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნულ ძალთა შეკავშირების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.
interpressnews.ge